დონალდ ტრამპმა ჩინეთს, მექსიკასა და კანადას ტარიფები დაუწესა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ წარსულში დაანონსებული ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმების შესრულება დაიწყო და ტარიფები დაუწესა როგორც ჩინეთს, ისე კანადასა და მექსიკას. მან დადგენილებას ხელი შაბათს, პირველ თებერვალს მოაწერა.

პირადად პრეზიდენტის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ „ტარიფები ამერიკელების დასაცავადაა საჭირო“.

უფრო კონკრეტულად, ახალი ზომები კანადასა და მექსიკაზე დამატებით 25%, ხოლო ჩინეთზე 10%-იან მატებას ითვალისწინებს. ჩინეთთან მიმართებით თეთრი სახლის განცხადებაში ფენტანილის საფრთხეზეა საუბარი – მის მიხედვით ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლეს აღეკვეთათ კრიმინალური კარტელებისთვის აღნიშნული ნარკოტიკის გადაცემის ფაქტები. გარდა ამისა, მათ ვერ შეაჩერეს ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების მხრიდან ფულის გათეთრება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება „მკაცრად ეწინააღმდეგება [დონალდ ტრამპის] აღნიშნულ ქმედებას და მიიღებს საჭირო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“. გარდა ამისა, პრეს-რელიზში სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ჩინეთმა ფენტანილთან დაკავშირებული ნარკოტიკების რეგულაცია 2019 წელს დაიწყო და ნარკოტიკების საწინააღმდეგოდ აშშ-სთან კოოპერირებდა.

დამატებით, ტრამპის აღნიშნულ ქმედებას ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომაც უპასუხა და დააანონსა საჩივარი, რომლის შეტანასაც ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) აპირებს. რაც შეეხება კანადასა და მექსიკას, ორივე აღნიშნულმა ქვეყანამ საპასუხო ტარიფების დაწესება გადაწყვიტა.

Scroll to Top