აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი ჯორჯიას შტატის სენატორი, დევიდ პერდიუ ჩინეთში ამერიკის შემდეგ ელჩად დაასახელა.
პერდიუს კონგრესში საქმიანობას ჩინური ანალიტიკური ცენტრები „ანტი-ჩინურად“ ახასიათებდნენ. მისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამერიკული საზღვაო სამხედრო ძალის განვითარება იყო, რაც, ნაწილობრივ, იქიდან გამომდინარეობდა, რომ ჩინეთი მუდმივად აძლიერებდა თავის სამხედრო შესაძლებლობებს. გარდა ამისა, მომავალი ელჩი Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ ესეში ჩინეთზე საუბრობს და ამბობს, რომ თავდაცვისთვის „ამერიკელებმა თავდაპირველად უნდა გაიაზრონ, რომ [ჩინეთის კომუნისტური პარტია] ჩვენთან ომშია“.
აღსანიშნავია, რომ მისი პოზიცია ჩინეთისადმი ყოველთვის ამგვარად მკაცრი არ ყოფილა: თავდაპირველად, ვინაიდან ის კეთილგანწყობილი იყო ბიზნესის მიმართ, ყოფილი სენატორი ადვოკატირებდა ჩინეთის სავაჭრო დეფიციტის შემცირებას. დამატებით, პერდიუ, როგორც ბიზნესმენი, განსაკუთრებით ემხრობოდა კონკრეტული სამუშაოების ამერიკიდან აზიაში გადატანას რათა დაზოგილიყო წარმოების თანხა, თუმცა ბევრისთვის მსგავსი ქმედებები ტრამპის „America First“ („ამერიკა უპირველესყოვლისა“) პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, რომლის მიზანიც აშშ-ში სამუშაო ადგილების „დაბრუნებას“ უკავშირდებოდა.
სოციალურ ქსელ TRUTH.-ში დონალდ ტრამპი პერდიუს ახალი პოზიციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ელჩის საქმიანობა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ჩინეთის ლიდერებთან პროდუქტიულ ურთიერთობასა და ტრამპის სტრატეგიის იმპლემენტაციაში, რომელიც მოიცავს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა, პერდიუს კონგრესში წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ტრამპის მიერ მისი ელჩის კანდიდატურაზე გათვალისწინება მეტყველებს იმაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მომავალი ადმინისტრაცია, ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, უფრო აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს.
Politico ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთისთვის პერდიუ პარტნიორად არ აღიქმება და ის „იღბლიანი იქნება, თუ [საგარეო საქმეთა მინისტრთან] შეხვედრას მოახერხებს“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს აღნიშნულ საკითხზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ.