წარმოგიდგენთ ახალ ანგარიშს – „დრაკონის გზა ქართულ მედიაში: ჩინეთი ქართულ საინფორმაციო გარემოში“, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ყალიბდება ქართულ მედიაში ისეთი საინფორმაციო გარემო, რომელიც ასახავს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ კურსს და, პარალელურად, ცდილობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველობის მოდელის გამოყენებით საქართველოს მოსახლეობისთვის განვითარების ალტერნატიული და სასურველი გზის შეთავაზებას.
მედიის ანალიზი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს პროპაგანდისტული გზავნილების სისტემურ გავრცელებაზე და კარგად სტრუქტურირებულ ნარატივების არსებობაზე, რომელთა მიზანია:
- ლიბერალური დემოკრატიის დისკრედიტაცია;
- დასავლეთის, როგორც კრიზისული, სუსტი და არამდგრადი სივრცის წარმოჩენა;
- ჩინეთის, როგორც სტაბილური, წარმატებული და სასურველი ალტერნატივის დამკვიდრება.
ძირითადი მიგნებები:
ანგარიშის მიხედვით, ქართულ მედიაში ჩინეთთან დაკავშირებული კონტენტი მკვეთრად გაიზარდა და უფრო სტრუქტურირებული გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ ხელისუფლების პრიორიტეტად იქცა.
გამოკვეთილია შემდეგი ტენდენციები:
- პროსამთავრობო მედიაში ჩინეთი სისტემატურად წარმოჩენილია როგორც ძლიერი, მშვიდობიანი და სანდო პარტნიორი, მაშინ როცა კრიტიკული შეფასებები პრაქტიკულად არ ფიქსირდება;
- პარალელურად, დასავლეთი ხშირად არის წარმოდგენილი კრიზისის, მორალური დეგრადაციისა და პოლიტიკური სისუსტის კონტექსტში;
- მედიადისკურსში მუდმივად იქმნება კონტრასტი: ჩინეთი ახერხებს იქ, სადაც დასავლეთი მარცხდება – იქნება ეს ომი და მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება თუ გლობალური სტაბილურობა;
- ზოგიერთი მედიასაშუალება პირდაპირ იღებს დაფინანსებას ჩინეთის საელჩოსგან და ავრცელებს შინაარსს, რომელიც შეიცავს პროპაგანდის მკაფიო ნიშნებს;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქებაც კი ვერ უზრუნველყოფს თემის დაბალანსებულ წარმოდგენას და ხშირად ემთხვევა ხელისუფლების ნარატივს;
- მედიაგარემოში ფორმირდება აღქმა, რომ ჩინეთთან დაახლოება წარმოადგენს „პრაგმატულ“ და დასავლეთის ალტერნატიულ საგარეო კურსს.
ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ ჩინეთის შესახებ პოზიტიური ნარატივები სისტემატურად არის ჩასმული დასავლეთის „მარცხის“ კონტექსტში, რაც ქმნის ერთიან საინფორმაციო ჩარჩოს – ჩინეთი წარმოდგენილია, როგორც წარმატების მოდელი, ხოლო დასავლეთი როგორც კრიზისის და წარუმატებლობის მაგალითი.
აღნიშნული ტენდენციები ქმნის სერიოზულ გამოწვევას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებისთვის. ეს პროცესები ცხადყოფს, რომ საინფორმაციო გავლენა აღარ არის მხოლოდ მედიის საკითხი, ის პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანსა და დემოკრატიული განვითარების მომავალს.




