ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი: 50 წელი დაძაბული ურთიერთობებისა და ახალი გამოწვევების ფონზე

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების 50 წლისთავის აღსანიშნავად, 2025 წლის 24 ივლისს პეკინში გაიმართა რიგით 25-ე სამიტი, რომელზეც ევროკავშირისა და ჩინეთის ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ისევე როგორც გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის რუსეთის ომი უკრაინაში. ევროკავშირი წარმოდგენილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ხოლო ჩინეთი — პრეზიდენტ სი ძინპინის და პრემიერ-მინისტრ ლი ციანის სახით.

სამიტის წინ განწყობა დაძაბული იყო, მცირე მოლოდინით კონკრეტული ორმხრივი შეთანხმებების მიღწევის შესახებ. დაძაბულობა განაპირობა სავაჭრო უთანხმოებებმა, განსაკუთრებით ბაზარზე წვდომისა და კრიტიკული მინერალების საკითხებზე, ასევე გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომმა. ევროკავშირი ჩინეთს გლობალური გამოწვევების პარტნიორად, ახალი ტექნოლოგიების განვითარების ეკონომიკურ კონკურენტად და სისტემურ მეტოქედ განიხილავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტზე აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა უფრო დაბალანსებული უნდა გახდეს, რადგან ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან იზრდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა მიესალმება კონკურენციას, მაგრამ ის სამართლიანი უნდა იყოს. ფონ დერ ლაიენმა სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ჭარბ წარმოებაზე, რაც ჩინეთის შიდა მოთხოვნას არ შეესაბამება და ევროკავშირის ბაზარზე ახდენს გავლენას; ბაზარზე წვდომა; და იშვიათი წიაღისეულებისა და მუდმივი მაგნიტების ექსპორტის კონტროლზე. მან გააფრთხილა, რომ ამ საკითხებზე პროგრესის გარეშე, ევროკავშირს გაუჭირდება ბაზრის ამჟამინდელი დონის შენარჩუნება.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ევროპამ და ჩინეთმა „სწორი სტრატეგიული არჩევანი“ უნდა გააკეთონ გლობალური გამოწვევების ფონზე. მან აღნიშნა, რომ ევროპის წინაშე მდგარი ამჟამინდელი გამოწვევები ჩინეთიდან არ მომდინარეობს. სი ძინპინმა ევროკავშირს მოუწოდა, მიჰყვეს ღია თანამშრომლობას და სათანადოდ გაუმკლავდეს უთანხმოებებს.

ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებმა მიაღწია „გარდამტეხ მომენტს“, რაც პეკინში დაძაბული სამიტის შემდეგ გაკეთებული კომენტარებით დადასტურდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა „გულწრფელად და ღიად გამოხატა თავისი შეშფოთება ვაჭრობის, ინვესტიციებისა და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ“. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობამ დაიწყო ჭარბი წარმოების საკითხის განხილვა და მზადყოფნა გამოთქვა მოხმარების გაზრდის მხარდასაჭერად. მან ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირის ურთიერთობა ჩინეთთან „მნიშვნელოვანია, მაგრამ ის დამოუკიდებელია სხვა პარტნიორებთან მოქმედებებისგან ან საკითხებისგან“.

Scroll to Top