ევროპარლამენტის დელეგაცია ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტის ცხრა წევრიანი დელეგაცია, ანა კავაცინის ხელმძღვანელობით, 31 მარტიდან 2 აპრილამდე პეკინსა და შანხაიში ვიზიტით იმყოფება.

ეს ევროპარლამენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში ბოლო რვა წლის განმავლობაში. შეხვედრების მთავარი თემებია ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრილი სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქტები, ევროპული კომპანიებისთვის ჩინურ ბაზარზე წვდომის სირთულეები და ციფრული ვაჭრობის რეგულირება. დელეგაცია ჩინელ ოფიციალურ პირებთან ერთად Shein-ის, Alibaba-სა და Temu-ს წარმომადგენლებსაც ხვდება.

ევროპარლამენტის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არაევროპული ონლაინ-პლატფორმებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ევროკავშირში შესული მცირე ზომის ამანათების დიდი მოცულობაა.

პარლამენტის მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირის ბაზარზე 4.6 მილიარდი მცირე გზავნილი შევიდა, რომელთა 91% ჩინეთიდან იყო. ამავე წყაროს თანახმად, 2025 წელს ევროკავშირის Safety Gate სისტემაში 4,671 სახიფათო პროდუქტი დაფიქსირდა, მათგან 2,006 ჩინური წარმოშობის იყო.

ვიზიტი იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა 26 მარტს ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი საბაჟო სისტემის მასშტაბურ რეფორმაზე შეთანხმდნენ. რეფორმა ითვალისწინებს სახიფათო და შეუსაბამო საქონელზე კონტროლის გამკაცრებას, ერთიანი საბაჟო მონაცემთა ჰაბის შექმნას, მცირე ამანათებზე საერთო მოსაკრებლის დაწესებას და ევროკავშირის ახალი საბაჟო უწყების ჩამოყალიბებას.

Reuters-ის ცნობით, ბრიუსელი განსაკუთრებით ონლაინ-პლატფორმების პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან ევროკავშირში პროდუქტის უსაფრთხოებისა და სამართლიანი კონკურენციის საკითხები სულ უფრო მწვავედ დგას.

ჩინეთის ოფიციალური მხარე ვიზიტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის დელეგაციის ჩასვლა ორმხრივ ურთიერთობებს გააძლიერებს, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს და ჩინეთსა და ევროკავშირს შორის კავშირების სტაბილურ განვითარებას დაეხმარება.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top