ევროპარლამენტმა ჩინეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე შეზღუდვები მოხსნა

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცვლილების ფონზე, ევროპის პარლამენტმა ჩინეთის ოფიციალურ პირებთან კანონმდებლების შეხვედრებზე შეზღუდვები მოხსნა, რაც ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობების პოტენციურ დათბობაზე შეიძლება მიუთითებდეს. 

შეზღუდვები თავდაპირველად 2023 წლის აპრილში შემოიღეს 2021 წელს დაწყებული დიპლომატიური დაპირისპირების საპასუხოდ, როდესაც ევროკავშირმა და ჩინეთმა სინძიანში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო ერთმანეთს სანქციები დაუწესეს

რეგულაციები, რომლებიც ჩინეთსა და ირანს შეეხებოდა, განსაზღვრავდა, რომ სანქცირებული ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლებს არ მიიწვევდნენ ევროპარლამენტში ვიზიტისთვის და ამ ქვეყნებში ოფიციალური მისიები არ გაიმართებოდა, სანამ სანქციები ძალაში იქნებოდა. გარდა ამისა, რეგულაციები ითვალისწინებდა, რომ ორმხრივი შეხვედრები ოფიციალური პირებით უნდა ყოფილიყო შეზღუდული და ინფორმაცია უნდა სცნობოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურს. 

შემზღუდველი ზომების გაუქმების საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ წამოაყენა. შეზღუდვები რუსეთისა და ბელარუსის ოფიციალურ პირებთან დაკავშირებით კვლავ ძალაში რჩება.

საგულისხმოა, რომ 5 მარტს ჩინეთის სპეციალურმა დესპანმა ევროპის საკითხებში, ლუ შაიემ, გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, დამოკიდებულება ევროპელი მოკავშირეების მიმართ და მას „გამაოგნებელი“ უწოდა. დესპანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება არ უნდა იყოს მხოლოდ აშშ-სა და რუსეთის გადასაწყვეტი.

„როდესაც უყურებთ, თუ როგორ ახორციელებდა ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელი მოკავშირეების მიმართ თავხედურ და დამთრგუნველ პოლიტიკას, ასეთი მოპყრობა ნამდვილად გამაოგნებელია ევროპული პერსპექტივიდან“, — განაცხადა ლუმ ოთხშაბათს.

„მე მჯერა, რომ ევროპელმა მეგობრებმა უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე და შეადარონ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩინეთის მთავრობისას. თუ ამას გააკეთებენ, დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატია ემყარება მშვიდობას, მეგობრობას, კეთილგანწყობას და ორმხრივ სარგებელს.“

ლუმ ეს განცხადებები პეკინში გააკეთა, სადაც ის ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) წლიურ სესიას ესწრებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებში ყველა შესაბამისმა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„სხვადასხვა წინადადებები უნდა განიხილებოდეს თანასწორ პირობებში და არა რამდენიმე არჩეული ქვეყნის მიერ დაწესებული წესებით“, — განაცხადა ლუმ.

საყურადღებოა,რომ ჩინეთი აძლიერებს საერთაშორისო დიპლომატიურ და ეკონომიკურ გავლენებს, მათ შორის, გლობალურ სამხრეთში. ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლისთვის “საგარეო პოლიტიკის ბიუჯეტის” 8.4 პროცენტიანი ზრდა დაანანონსა, რაც 64.5 მილიარდ იუანს (8.87 მილიარდ აშშ დოლარს) შეადგენს. ეს ზრდა აღემატება გასული წლის 6.6 პროცენტიან მატებას. სამხედრო ბიუჯეტი კი 7.2 პროცენტით გაიზრდება, რაც 2023 და 2024 წლების მაჩვენებელს ემთხვევა.

პრემიერ-მინისტრმა ლი ციანგმა ამ საკითხებს გაუსვა ხაზი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში „ორ სესიაზე“— ჩინეთის უმსხვილეს პოლიტიკურ და საკანონმდებლო შეკრებაზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა პეკინის გაძლიერებულ პარტნიორობაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. მან ასევე აღნიშნა ჩინეთის მონაწილეობის მნიშვნელობა მასშტაბურ საერთაშორისო სამიტებში, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ თანამშრომლობასა (APEC) და G20-ში. ლიმ ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები “სარტყლისა და გზის” ინიციატივის ფარგლებში სტაბილურად იზრდება.

„ჩვენ გავამყარეთ და გავაფართოვეთ პარტნიორობა მთელ მსოფლიოში, დავრჩით ნამდვილი მრავალმხრივი თანამშრომლობის ერთგულნი და დადებითი და კონსტრუქციული როლი შევასრულეთ გლობალური გამოწვევების მოგვარებასა და რეგიონალურ და საერთაშორისო კრიზისებზე რეაგირებაში“, — განაცხადა ლიმ.

Scroll to Top