ვაშინგტონის გავლენების ცვლილების ფონზე, ჩინეთი კოსმოსურ პარტნიორობას აძლიერებს აფრიკის ქვეყნებთან

პეკინმა აფრიკის 23 ქვეყანასთან კოსმოსური თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმა, რომლის ფარგლებშიც თანამგზავრებსა და სახმელეთო სადგურებს დააფინანსებს.

პრეზიდენტი სი ძინპინი 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს დაჰპირდა აფრიკის ქვეყნებს და პრიორიტეტებად თანამგზავრების განვითარება, მთვარის და სხვა ღრმა კოსმოსური კვლევები დაასახელა.

სატელიტური ტექნოლოგიებისა და კოსმოსური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მეშვეობით, პეკინი თავის გავლენას გაზრდის კონტინენტზე და და გააძლიერებს თავის სათვალთვალო და საკომუნიკაციო შესაძლებლობებს.

დღესდღეობით დაახლოებით 90 ქვეყანას აქვს საკუთარი კოსმოსური პროგრამა და მათ შორის, ბევრი პატარა სახელმწიფო თავის ეროვნულ პოლიტიკას ვაშინგტონის ან პეკინის მიერ დადგენილ ჩარჩოებში ადგენს. თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებში კოსმოსური ინდუსტრიების აშენება ჩინეთის ალიანსებს საგრძნობლად გააძლიერებს.

საგულისხმოა ისიც, რომ აშშ-ს მოკავშირეებმა ჩინეთთან კოსმოსური პარტნიორობა შეაჩერეს. კერძოდ, 2020 წელს შვედეთმა უარი თქვა ჩინეთთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც პეკინს საშუალებას აძლევდა, შვედეთსა და ავსტრალიაში მდებარე სატელიტური სახმელეთო სადგურები გამოეყენებინა. ეს გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური ფაქტორებმა, განსაკუთრებით  ჩინეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მზარდმა დაძაბულობამ განსაზღვრა.

როგორც ,,როიტერსთან“ ინტერვიუში პენტაგონის აშშ-ს  კოსმოსური ძალების სარდლობის მეთაურმა სტეფან უაიტინგმა განაცხადა, პეკინი აშშ-ს ინოვაციურობის დონის მიღწევას ცდილობს თანამგზავრებით, მთვარეზე დაშვებითა თუ იარაღების განვითარებით, რომლებსაც თანამგზავრების განადგურება შეეძლებათ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, დედამიწის დაბალ ორბიტაზე ჩინეთმა საკომუნიკაციო თანამგზავრების გაშვება დააჩქარა, რათა კონკურენცია გაუწიოს მასკის Starlink-ს რომელსაც  კომპანია SpaceX ფლობს. ის  კომერციულ ინტერნეტ სერვისს უზრუნველყოფს და, ამავე დროს, ეროვნული სადაზვერვო ოფისისათვის ასობით ჯაშუშური თანამგზავრის ქსელს აშენებს.

ჩინეთის წინსვლა კოსმოსურ რბოლაში გამოწვევას უქმნის ტრამპს. პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა შექმნა აშშ-ს კოსმოსური ძალები – სამხედროების ახალი ჯგუფი, რამაც ხაზი გაუსვა კოსმოსის მნიშვნელობას მომავალ კონფლიქტებში.

მიმდინარე მოვლენების პარალელურად, სავარაუდოა, რომ ტრამპი ილონ მასკთან თანამშრომლობით კოსმოსურ „რბოლაში“ წინსვლას განაგრძობს. ამასთანავე, NASA-ს Artemis-ის პროგრამა, მხარს უჭერს რაკეტების გაშვებას კერძო კომპანიების მიერ და მიზნად ისახავს ასტრონავტების დაბრუნებას მთვარეზე 2028 წლისთვის. NASA, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, კანადასთან, იაპონიასთან და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან პარტნიორობით, ასევე გეგმავს კოსმოსური სადგურის აშენებას მთვარის ორბიტაზე.

ამრიგად, რამდენადაც ქვეყნები სულ უფრო და უფრო მეტად აღიარებენ კოსმოსური ტექნოლოგიებისა და კვლევის როლს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არა მხოლოდ უნდა გააღრმავოს მოკავშირეებთან თანამშრომლობა, არამედ უნდა განავითაროს ინოვაციები საკუთარ კოსმოსურ ინიციატივებში, რათა კოსმოსური მეტოქეობის ახალ ერას ეფექტურად გაუმკლავდეს. ამ ძალისხმევის შედეგები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ძალთა ბალანსზე და კოსმოსში ლიდერობის მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

ავტორი: ლიზა ბარბაქაძე

Scroll to Top