ვაშინგტონი და პეკინი: სტაბილურობა ნდობის გარეშე

აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში ერთდროულად იკვეთება დიალოგის შენარჩუნების მცდელობა და ღრმა სტრატეგიული უნდობლობა: ვაშინგტონში ამბობენ, რომ პეკინთან სტაბილური ურთიერთობა სურთ, პეკინი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტზე კომუნიკაცია გრძელდება.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 24 თებერვალს გამართულ მოსმენაზე აშშ-ის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეიკობ ჰელბერგმა, განაცხადა, რომ ადმინისტრაციას ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობა სურს, თუმცა პეკინის მიმართ ნდობა არ აქვს. მისი თქმით, ამისთვის ,,საკმარისი საფუძველი არ არსებობს’’.

ჰელბერგის განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი და პეკინი მაღალი დონის შეხვედრისთვის ემზადებიან.

ჩინეთის მხრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინმა 24 თებერვლის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ,,ლიდერთა დიპლომატია’’ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში შეუცვლელ სტრატეგიულ როლს ასრულებს, ხოლო მხარეები შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაციას აგრძელებენ.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ტრამპის ჩინეთში ვიზიტი 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდშია დაგეგმილი. ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება ჩინეთში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top