უკრაინა ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. განცხადების მიხედვით, უკრაინას მოპოვებული აქვს დეტალური სადაზვერვო ინფორმაცია 150-ზე მეტ დაქირავებულზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მოსკოვმა სოციალური მედიის საშუალებით მოიზიდა და ჩართო საომარ მოქმედებებში. ჩინეთის ხელისუფლებამ ამ ბრალდებებს “სრულიად უსაფუძვლო” უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაატყვევეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უკრაინამ ოფიციალურად განაცხადა ჩინელი მებრძოლების მონაწილეობაზე ომში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევი მზად არის დატყვევებული ორი ჩინელი მოქალაქე რუსეთის მიერ დატყვევებულ უკრაინელ ჯარისკაცებში გაცვალოს.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მტკიცებულებები არ წარმოადგინა, მან განაცხადა, ჩინეთის ოფიციალურ პირებს ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთი ჩინელი მოქალაქეების ომში ჩართვაზე მუშაობდა. თუმცა, მან თავი შეიკავა იმის თქმისგან, რომ ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად ახალისებდა მათ მონაწილეობას ომში.
ზელენსკის თქმით, უკრაინას აღმოაჩნდა ინფორმაცია ჩინეთის 155 მოქალაქის შესახებ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვიან. უკრაინის სახელმწიფოს ხელშია მათი გვარები და პასპორტის მონაცემები. ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინელების ინფორმაციით ჩინეთის მოქალაქეთა რიცხვი გაცილებით მეტია.
ზელენსკიმ ჟურნალისტებს გაუზიარა დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს ჩინელი მებრძოლების სახელებს, პასპორტის მონაცემებსა და პირად დეტალებს — მათ შორის, როდის ჩავიდნენ ისინი რუსეთში სამხედრო წვრთნებისთვის და როდის გაემგზავრნენ ფრონტზე. Associated Press-ს დოკუმენტების ავთენტურობა დამოუკიდებლად არ დაუდგენია.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩინეთმა სტაბილური დიპლომატიური მხარდაჭერა გაუწია მოსკოვს. დასავლელი ოფიციალური პირების განცხადებით, პეკინმა რუსეთს მიაწოდა სამრეწველო ტექნიკა და მიკროელექტრონიკა, რომლებიც შესაძლებელია გამოიყენოს იარაღის წარმოებისთვის. გარდა ამისა, ჩინეთი რუსეთს დაეხმარა ეკონომიკურად, ენერგორესურსებითა და სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობით.
ზელენსკის თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები “გაკვირვებულნი” იყვნენ, როცა ჩინელი მებრძოლების შესახებ ინფორმაცია შეიტყვეს.
ვაშინგტონში სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ტემი ბრუსმა, ჩინელი მოქალაქეების რუსეთის მხარეს ბრძოლაზე გავრცელებული ცნობები “შემაშფოთებლად” შეაფასა.
“ჩინეთი რუსეთის მთავარი მხარდამჭერია უკრაინაში მიმდინარე ომში,” — განაცხადა ბრუსმა. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს “ომის საწარმოებლად საჭირო ორმაგი დანიშნულების პროდუქციის თითქმის 80 პროცენტით” ამარაგებს.