ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის განაცხადის გავრცელების შემდეგ, დოკუმენტის ავკარგიანობაზე დისკუსიები პერიოდულად ქართული მედიის წამყვანი თემა ხდება. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან საკითხი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ამბიციურ სახელმწიფოს ეხება და მისი საგარეო პოლიტიკური სვლები მუდმივად ყურადღების ცენტრშია. რუსული აგრესიისა და ტაივანის გარშემო მზარდი დაძაბულობის გათვალისწინებით, ამბები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ქართული აუდიტორიისთვის მუდმივად საინტერესოა.
თუმცა, მედიისთვის თვალის ერთი შევლებითაც კი უმალვე მიხვდებით, რომ ქართული შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის ხაზი, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩინეთის ამბებშიც გავლებულია და მედია საშუალების პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, ერთი და იმავე ამბის თხრობისას გვიყვებიან რომ იზრდება ჩინეთის ეკონომიკური ძალაუფლება, ან სრული ეკონომიკური კრიზისი და დაღმასვლაა. სიმართლე, როგორც წესი, სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ, მაგრამ ვინაიდან ქართულენოვანი ინფორმაცია არც ისე ადვილად ხელმისაწვდომია ადამიანები ჩინეთის შესახებ იგებენ ზუსტად და მხოლოდ იმას, რასაც ის მედია საშუალება უყვებათ რომლის მაყურებლებიც არიან.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის წიაღში დაგეგმილი პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად სხვადასხვა არხებზე პერიოდულად სპეციალური გადაცემებიც ჩნდება, რომელიც ექსკლუზიურად გვიყვება ამბებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ. არც ისე დიდი ხნის წინ ამ გადაცემების შემადგენელი გახდა ჩინეთის ელჩთან ექსკლუზიური ინტერვიუები, რომლებიც პირდაპირ გადმოგვცემს პროპაგანდის დღის წესრიგს. არანაკლები სიზუსტით იმეორებენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ნარატივებს ქართული ოცნების დეპუტატები და პროპაგანდისტები. „ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მომხიბვლელობა“ მათი საყვარელი სასაუბროდანაა და აბსოლუტური დამაჯერებლობით აცხადებენ, რომ მხოლოდ „ბრიყვები ამბობენ უარს“ ჩინეთიდან ინვესიტიციებზე, რისთვისაც საქართველოს მთავრობა თავდაუზოგავად მუშაობს.
აქვე აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ რომელიმე ქვეყანასთან წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც პირდაპირი ინვესტიციები იზრდება და მეტი კომპანია შემოდის ქვეყანაში. შესაბამისად, გარედან შემოტანილი ფულით იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და შემოსავლები იზრდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპანიების შემთხვევაში კი, უდიდესი ნაწილი იმის, რასაც საქართველოს გზებზე, ხიდებსა და გვირაბებში ხედავთ, თქვენი, ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულია. ეს ჩინური კომპანიები ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჩვენი დაკვეთით ახორციელებენ პროექტებს. შესაბამისად, მათ არაფერი აქვთ საერთო მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მთავრობის წარმატებული საქმიანობით დამდგარ ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობასთან.
სიმართლეს ყველაზე უკეთ ოფიციალური სტატისტიკა ასახავს და არაფერია მასზე უფრო ზუსტი და საიმედო. ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტებისა და ინტეპრეტაციების გარეშე, გთავაზობთ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ მონაცემებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ, სადაც სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანს ხელისუფლების სრული ფიასკო ჩინური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, განსაკუთებით მაშინ როდესაც დიდ ინტერესსა და „უსაზღვროდ გაღრმავებულ“ ურთიერთობებზე გვესაუბრებიან.
როგორც წინამდებარე ცხრილშიც კარგად ჩანს ქვეყანაში ჩინეთის ინვესტიციები იმდენად მინიმალური და არაფრისმთქმელია, რომ მისი სერიოზულად განხილვაც კი შეუძლებელია. ამასობაში მთავრობის „ქმედითი ნაბიჯების კვალდაკვალ“ ინვესტიციები იკლებს და ახალი რესურსის წყაროც არ ჩანს. მაგალითად, ბოლო წლებში თითქმის ორჯერ იკლო ინვესტიციებმა 2018 წელთან შედარებით, 2020 და 2021 წლების ნიშნული კი უბრალოდ ნეგატიურია. ბუნებრივია, ოპონენტების მთავარი არგუმენტი 2020 და 2021 წლებთან მიმართებაში „კოვიდ 19“ პანდემიაა, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიას ხელი არ შეუშლია საქართველოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის რომ ქვეყანაში ინვესტიციები განეხორციელებინათ. მეტი ინფორმაცია იხილეთ ცხრილში:
„ყველაზე წარმატებული“ ეკონომიკის ქვეყნის წილი საქართველოს საინვესტიციო კალათაში უკიდურესად მოკრძალებულია და მთავრობის პოლიტიკას, რომელიც უზარმაზარ შედეგებს გვპირდება 2016 წლიდან მოყოლებული, არსაით მივყავართ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან განხორციელებული ინვესტიციები ნამდვილად ხასიათდებოდა ზრდით როდესაც, 2013 წელს 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მომდევნო, 2014 წელს გაორმაგდა და 221 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, ამის შემდეგ მკვეთრი შემცირება იწყება და სრულიად სიმბოლურ ნიშნულზეა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში კარგად ჩანს 2011-2022 წლების დინამიკა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების წილი (2011-2022)
სიმართლე ის არის, რომ 2015 წლიდან ჩინეთი საქართველოს 10 მთავარი ინვესტორის სიაში საერთოდ არ არის.
მათემატიკა ჭეშმარიტების დადგენისთვის საუკეთესო მეგობარია. რიცხვები არ იტყუებიან და იდეალურად აღწერენ პარტნიორობას, ინტერესებსა და სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს.