თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და ASEAN-ს შორის

28 ოქტომბერს, მალაიზიაში,  ASEAN-ის სამიტზე ჩინეთმა ხელი მოაწერა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფართოებულ ვერსიას. ეს ასოციაცია მოიცავს ბრუნეის, კამბოჯას, ინდონეზიას, ლაოსს, მალაიზიას, მიანმარს, ფილიპინებს, სინგაპურს, ტაილანდს, ტიმორ-ლესტეს და ვიეტნამს. ორგანიზაცია წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 11 ქვეყნის რეგიონულ გაერთიანებას, რომელიც მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ჩინეთსა და ASEAN-ს შორის ჩარჩო შეთანხმებას 2002 წელს მოეწერა ხელი, რამაც საფუძველი ჩაუყარა, 2010 წლისათვის, ASEAN-ჩინეთის თავისუფალი სავაჭრო ზონის (ACFTA) შექმნას. ეს სავაჭრო ზონა მოიცავს დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს და არსებითად ამცირებს სატარიფო ბარიერებს წევრ ქვეყნებსა და ჩინეთს შორის. მისი მეშვეობით ჩინეთისა და ASEAN-ის სავაჭრო ურთიერთობები 2010 წელს 235,5 მილიარდი დოლარიდან გასულ წელს თითქმის 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

2025 წლის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში, ჩინეთის წარმომადგენელი იყო პრემიერ მინისტრი ლი ციანგი, რომელმაც ეს შეთანხმება წარმოაჩინა როგორც ალტერნატიული გზა, დონალდ ტრამპის პროტექციონისტული პოლიტიკისა და გაზრდილი სავაჭრო ბარიერების საპასუხოდ. მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „სოლიდარობის მაგივრად კონფრონტაციისაკენ სწრაფვას არავითარი სარგებელი არ მოაქვს“, „უნილატერალიზმმა და პროტექციონიზმმა სერიოზულად იმოქმედა გლობალურ ეკონომიკურ და სავაჭრო წესრიგზე და მაშინ, როდესაც გარე ძალები აძლიერებენ ჩარევას რეგიონში, ბევრი ქვეყანა დაუსაბუთებლად აღმოჩნდა მაღალი ტარიფების პირისპირ“. „ერთმანეთზე დაყრდნობით და ჩვენი ქმედებების კოორდინირებით, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი უფლებები და ინტერესები“. მან, ასევე, ASEAN-ის წევრებს მიმართა, როგორც „კარგ მეზობლებს და კარგ ძმებს, რომლებიც დაახლოებულნი არიან გეოგრაფიით, კულტურითა და სენტიმენტებით“.

თუმცა, ამავე დროს, ჩინეთი აგრძელებს თავისი კონტროლის განმტკიცებას თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე. ოფიციალურ პეკინს დავები აქვს ვიეტნამთან, ფილიპინებთან, მალაიზიასთან და ბრუნეისთან. ვითარება უფრო დაძაბულია ფილიპინებსა და ჩინეთს შორის. 2013 წელს ფილიპინებმა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ჩინეთის ფართო პრეტენზიებთან დაკავშირებით, ჩინეთის წინააღმდეგ საქმე განსახილველად წარადგინა მუდმივ საარბიტრაჟო სასამართლოში. 2016 წელს ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. ჩინეთმა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

სიტუაცია ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ამ თვეშიც დაიძაბა. კერძოდ, ფილიპინების საზღვაო საბჭომ დაადანაშაულა ჩინეთის საზღვაო ძალები ტიტუს კუნძულის მახლობლად ფილიპინების გემზე წყლის ჭავლით თავდასხმაში. წლევანდელ ASEAN-ის სამიტზე, ჩინეთსა და ASEAN-ის წევრებს შორის ერთიანობისა და მეგობრობის შესახებ ჩინეთის პრემიერის, ლი ციანგის სიტყვებს ფილიპინების პრეზიდენტი სკეპტიციზმით შეხვდა და კვლავ გააკრიტიკა ჩინეთის ქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

Scroll to Top