თავისუფლების მოედანი

თავისუფლების მოედანი თბილისში ერთ-ერთი უძველესი ცენტრალური სივრცეა. მას თითქმის ორასწლიანი ისტორია აქვს. 

თავდაპირველად, ეს ტერიტორია ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარე უკაცრიელი ადგილი იყო. ძველი თბილისის გალავანი დღევანდელი მოედნის აღმოსავლეთით გადიოდა და პუშკინის ქუჩის გასწვრივ ეშვებოდა. სწორედ იქ, სადაც კოტე აფხაზის ქუჩა მოედანს უერთდება, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შესასვლელი იყო – ე.წ. „კოჯრის კარი“.

XIX საუკუნის ცნობილი ისტორიკოსი, პლატონ იოსელიანი აღნიშნავს, რომ დღევანდელი მოედნის ჩრდილოეთ ნაწილში (დაახლოებით იმ ადგილზე, სადაც ახლა ხელოვნების მუზეუმია), XVII საუკუნის მიწურულს არსებობდა მეფის ქარვასლა. ეს ქარვასლა საკმაოდ დიდი იყო და დაახლოებით 80 სადგომს მოიცავდა. იოსელიანისვე თქმით, 1724 წელს ქარვასლა თურქების შემოსევის შედეგად განადგურებულა.

მოედნის ინტენსიური განაშენიანება დაიწყო XIX საუკუნის პირველ მეოთხედში. ამ პერიოდში მოედანი თანდათან გარდაიქმნა და საუკუნის ბოლოსთვის მას უკვე ჩამოყალიბებული არქიტექტურული იერსახე ჰქონდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ XX საუკუნის 80-იან წლებამდე მოედანი სტილისტურად საკმაოდ ჭრელი და მრავალფეროვანი იყო.

თავდაპირველი შენობებიდან დღემდე შემორჩენილია 1824 წელს აშენებული კავკასიის არმიის საოლქო შტაბის შენობა, რომელიც რუსული კლასიციზმის არქიტექტურული ნიშნებით ხასიათდება. მოედნის მოპირდაპირე მხარეს, ძველი ქალაქის გალავნის გასწვრივ, თბილისის ტრადიციული არქიტექტურით, ერთი და ორსართულიანი სახლები აშენდა შეკიდული აივნებით, ორნამენტიანი მოაჯირებითა და ხის ფარდებით.

თბილისის საკრებულოს შენობა XIX საუკუნის 30-იან წლებში აშენდა და შემდგომში რამდენჯერმე გადაკეთდა. 1879 წლამდე მასში განთავსებული იყო ქალაქის უფროსი პოლიცმაისტერის კანცელარია და პოლიციის განყოფილება.

საბჭოთა პერიოდში, 1930-იან წლებში, მოედნის მასშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო. ამ პერიოდის ურბანული ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე დასანანი შედეგი იყო მოედანზე მდებარე მონუმენტური ქარვასლის დანგრევა, რაც ისტორიული მემკვიდრეობისთვის სერიოზული დანაკარგი აღმოჩნდა.

მოედნის სახელდება

საინტერესოა თავისუფლების მოედნის სახელწოდებათა ცვლილების ისტორია. ალბათ, ძნელად მოიძებნება სხვა მოედანი, რომელსაც თავისი არსებობის ორი საუკუნის მანძილზე სახელი 8-ჯერ შეცვლოდეს.

1801 წლამდე დღევანდელი მოედნის ტერიტორია ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა და „გარეთუბანი“ ეწოდებოდა. შუაგულ მოედანზე სოლოლაკის ქედიდან სეზონური მდინარე ავანაანთხევი ჩამოდიოდა. ეს მდინარე კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით 1840-იან წლებში აგურის კოლექტორით გადახურეს, გადახურული ადგილი მოასწორეს და მასზე, ვორონცოვისავე მითითებით, მთელს კავკასიაში პირველი ოპერა ააშენეს. ჯერ კიდევ ოპერის აშენებამდე, იქაურობას შეშის მოედანს ეძახდნენ. თუმცა, შეშის მოედანი არაოფიციალური სახელი იყო; უბრალოდ, ხალხი ეძახდა ასე.

ოფიციალურად კი პირველად სახელი მოედანს 1828 წელს მიანიჭეს. ამ წელს რუსეთის არმიამ კავკასიის მთავარმმართებლის, გენერალ პასკევიჩის მეთაურობით სპარსული გარნიზონისაგან გაათავისუფლა ქალაქი ერევანი. ამ გამარჯვების აღსანიშნავად თბილისში შტაბის მოედანს პასკევიჩ-ერევანსკის სახელი უწოდეს. თანდათან ხალხმა მიივიწყა პასკევიჩი და მოედანს მხოლოდ ერევნის მოედნად მოიხსენიებდნენ.

ასე გაგრძელდა 1917 წლამდე. ნიკოლოზ მეორის ჩამოგდების ამბის შეტყობისთანავე, ერევნის მოედანზე შეკრებილ რევოლუციური პარტიების ლიდერებს ერთობლივად გაუჩნდათ იდეა და თბილისის მთავარ მოედანს თავისუფლების მოედანი უწოდეს.

1922 წელს, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის აღსანიშნავად, კომუნისტებმა ახალი სახელი – ”ზაკფედერაციის მოედანი” დაამკვიდრეს. შემდეგ კი მოხდა ის, რასაც ხრუშჩოვის პერიოდიდან კატეგორიულად აღარ ახსენებდნენ – 1940 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანს ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს.

ბუნებრივია, 1953 წელს ბერიას დახვრეტის შემდეგ მოედანს სახელწოდება სასწრაფოდ შეუცვალეს და სწორედ მაშინ დაერქვა პროლეტარიატის ბელადის ვლადიმერ ლენინის სახელი. 1990 წლიდან კი მოედანმა თავისუფლების მოედნის სახელი დაიბრუნა.

Scroll to Top