თაივანი უარყოფს პეკინის შეთავაზებას “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” შესახებ

თაივანი არ აპირებს, მიიღოს ჩინეთის შეთავაზება „ერთი ქვეყანა, ორი სისტემისშესახებ და მზადაა, დაიცვას საკუთარი თავისუფლება და დემოკრატია – განაცხადა თაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინგ-თემ 31 ოქტომბერს, რითაც მკაფიოდ უარყო პეკინის მიერ კუნძულის კონტროლქვეშ მოქცევის უახლესი მცდელობა.

ჩინეთმა ამ კვირაში აღნიშნა, რომ თაივანთან მიმართებით ძალის გამოყენებას „ბოლომდე არ გამორიცხავს.“ საგულისხმოა, რომ ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის წინა კვირების განმავლობაში სახელმწიფო მედიაში გამოქვეყნებულ მასალებთან, სადაც პეკინი თაივანს იმავე სახის „მშვიდობიან მმართველობას“ ჰპირდებოდა, რომელიც ჰონგ-კონგსა და მაკაუში მოქმედებს.

სწორედ ამ პოლიტიკურად ამბივალენტურ ვითარებას მოჰყვა თაივანის ქალაქ ჰუკოუში მდებარე სამხედრო ბაზაზე ჩინგ-თეს სიტყვით გამოსვლა, სადაც აღნიშნა, რომ ნამდვილი და გრძელვადიანი მშვიდობის გარანტორი მხოლოდ ძალა და თავდაცვითი მზადყოფნაა.

„ჩვენ ღირსეულად და მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ სტატუს-კვო, მკაფიოდ უნდა დავუპირისპირდეთ ანექსიას, აგრესიასა და იძულებით გაერთიანებას“ – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, თაივანი 2030 წლისთვის სამხედრო ხარჯებს მშპ-ის 5%-მდე გაზრდის, რათა ჩინეთის მზარდი საფრთხის პირობებში თავდაცვა მაქსიმალურად გააძლიეროს. ამავე სტრატეგიის საარგუმენტაციოდ მან ხაზი გაუსვა, რომ „თაივანელი ხალხის მიერ სუვერენიტეტის დაცვა და დემოკრატიული ცხოვრების წესის შენარჩუნება პროვოკაციად არ უნდა შეფასდეს. ინვესტიცია ეროვნულ თავდაცვაში ნიშნავს ინვესტიციას მშვიდობაში.“ აღსანიშნავია, რომ ჩინეთის თაივანის საკითხთა ოფისს აღნიშნულ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

საინტერესოა ისიც, რომ ჩინგ-თეს ჰუკოუში ვიზიტის მიზანი M1A2T Abrams ტიპის ტანკების ბატალიონის მიღების ცერემონიაზე დასწრება იყო, ხსენებული სამხედრო ტექნიკა კი ამერიკული კომპანია General Dynamics Land Systems-ის მიერაა წარმოებული. ამ ეტაპისთვის თაივანმა შეკვეთილი 108 ტანკიდან 80 ერთეული უკვე მიიღო, რაც  ადასტურებს, რომ ჩინეთ–აშშ-ის დაპირსპირებაში თაივანი კვლავაც  რჩება აქტუალურ საკითხად, რომელიც სცდება რეგიონულ საზღვრებს და გლობალურ მნიშვნელობას იძენს.

ამ კონტექსტში, ბუსანში გამართულ ჩინეთ-აშშ-ის სამიტზე თაივანის თემის სრული უგულებელყოფა მოხდა – სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს მასზე საჯაროდ არ უსაუბრიათ, რაც, შესაძლოა, დაძაბულობის დროებით შენელების მიზნით მხარეებს შორის პრაგმატული თანხმობის ფორმირებაზე მიუთითებდეს. თუმცა, იმ პირობებში, როცა ვაშინგტონი თაივანის სამხედრო აღჭურვას აგრელებს, ხოლო პეკინი ისევ არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას, ეს დიპლომატიური დუმილი სტრატეგიული პაუზა უფროა, ვიდრე რეალურ შერიგების ნიშანი.

Scroll to Top