ჩვენი დღევანდელი ტურის მიზანია თბილისი გავიცნოთ, როგორც მულტიკულტურული ქალაქი. რადგან თბილისის ისტორიის სრულად დაფარვა შეუძლებელია ერთი ვიზიტით, ჩვენ ავარჩიეთ რამდენიმე ადგილი, რომლის შესახებაც დღეს მოგიყვებით. სწორედ ამიტომ ჩვენ თითოეულ ობიექტზე ერთნაირად სტრუქტურირებული ინფორმაცია მოვამზადეთ და თითოეული მათგანის ისტორიის, არქიტექტურის, რელიგიური მნიშვნელობის შესახებ მოგითხრობთ. ასევე, მოგიყვებით, თუ რა ასახვა და გავლენა ჰქონდა და აქვს ამ კულტურულ მრავალფეროვნებას ქართულ ენაში.
ახლა ჩვენ ვიმყოფებით ტურის საწყის წერტილში – აბანოთუბანში. სწორედ ესაა ქალაქის ის ნაწილი, რომელიც ადგილობრივებისთვის ყველაზე “თბილისურ” ადგილად აღიქმება.
რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აბანოთუბანი ასოცირდება ფართოდ გავრცელებულ ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის დაარსების ლეგენდასთან, ჩვენც სწორედ ამ ადგილით დავიწყებთ და შევეცდებით, რომ მოგითხროთ ბევრად მეტი თბილისის ისტორიის შესახებ, ვიდრე ეს ამ მე-19 საუკუნის ლეგენდაშია.
ამ უბნის მაღალი ურბანიზაციის პირობების გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელია არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, როდის დასახლდა პირველი ადამიანი თბილისში. მაგრამ, მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევებით აღმოჩნდა, რომ თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში ცხოვრობდა (დიდუბის აღმოჩენები). თბილისი დასახლებულია ძვ. წ. III-II ათასწლეულებში (ღრმაღელეს აღმოჩენები) და ამ პერიოდის თბილისი დიდ საერთაშორისო სავაჭრო გზაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
ახლა უკვე ვიცით, რომ თბილისში ადამიანთა დასახლება ვახტანგ გორგასლამდე თითქმის 10 საუკუნით ადრე ჩნდება და მოდით, გადავიდეთ თბილისის, როგორც ტოპონიმის წარმოშობაზე.
მკვლევართა შორის არსებობს რამდენიმე ვერსია თბილისის ტოპონიმის წარმოშობის შესახებ. ერთი ვერსიის თანახმად, ამ ადგილს თავდაპირველად ეწოდა „ტფილისი“, რადგან ინდო-ევროპულ ენებში სითბოს სწორედ მსგავსი სიტყვები აღნიშნავდა.
მეორე ვერსიით კი, სახელი „თბილისი“ დაკავშირებული უნდა იყოს ეთნონიმ თაბალ/თობალ/თუბალთან – ბიბლიასა და ასურულ წერილობით წყაროებში მოხსენიებულ ტომთან, რომელიც მიჩნეული იყო ნოეს ძის, იაფეტის ვაჟის, თაბალის შთამომავლად. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ისინი ქართველების წინაპრები იყვნენ. ამ და სხვა მიზეზების გამო, არსებობს მოსაზრება, რომ თბილისი სწორედ თაბალების ქალაქს – „თაბალისს“ აღნიშნავდა. მართალია, თბილისის სახელწოდების დაკავშირება სიტყვა „სითბოსთან“ უფრო ლოგიკური ჩანს, თუმცა, არც მეორე ვერსია არის გამოსარიცხი, რადგან სახელწოდება „მცხეთა“,ასევე, უძველეს წყაროებში მოხსენიებულ ტომს – მუშქ/მოსხ/მესხს უკავშირდება („მესხთა“ – „მცხეთა“).
ტურის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი სხვადასხვა, ერთმანეთისგან ცალსახად განსხვავებული, კულტურის კვალს შევხვდებით თბილისში.
ამ ადგილას საუბარი შეგვიძლია დავიწყოთ რომაული კვალით, რომელიც არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდაეს არის ახ. წ. II-III საუკუნეების აბანო, რომელსაც ახასიათებს როგორც რომაული, ასევე აღმოსავლური ნიშნები. აღსანიშნავია, რომ არქიტექტურულად თბილისის ეს უძველესი აბანო სწორედ დასავლური და აღმოსავლური კულტურის ნაზავია.
ალბათ, იკითხავთ, საიდან აღმოჩნდა რომაული აბანო ამ პერიოდის თბილისში? თბილისი რომაელთა თვალსაწიერში რომ იყო, ამაზე მეტყველებს IV საუკუნის რომაული საგზაო რუკა, რომელიც გაცილებით ადრეულ მონაცემებსაც ეყრდნობა და ამ რუკაზე იბერიის ტერიტორიაზე მონიშნულია პუნქტი „Tilida“, რომელიც სწორედ თბილისთან არის გაიგივებული. შესაბამისად, რომაელთათვის თბილისი მნიშვნელოვანი ადგილი იყო მსოფლიო რუკაზე.
ამგვარად, თბილისი, როგორც მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, ვახტანგ გორგასლამდე გაცილებით ადრე არსებობდა. V საუკუნის ბოლოსკენ ის იმდენად განვითარდა და დაწინაურდა, რომ ეს ქალაქური დასახლება არა მხოლოდ ქალაქად, არამედ ქვეყნის დედაქალაქადაც იქცა.
რაც შეეხება ლეგენდას ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის დაარსების შესახებ, ეს არის შუა საუკუნეების ლიტერატურისათვის დამახასიათებელი ურბანული ლეგენდა, რომელშიც არეულია ისტორიული სინამდვილე და მითოლოგიური ფიქცია და ძალიან ჰგავს ფარნავაზის მიერ განძის აღმოჩენის ლეგენდას. არ არის გამორიცხული, რომ ვახტანგ მეფის მიერ თბილისის დაარსების ზეპირსიტყვიერი ლეგენდის პროტოტიპი ფარნავაზის ეს ამბავიც ყოფილიყო.
რა აერთიანებს თბილისის დაარსების ლეგენდასა და რეალურ ისტორიას? მისი დაარსების მთავარი მიზეზი – ბუნებრივად ცხელი წყლები!
აბანოების ისტორია თბილისში
თბილისის აბანოები ისევე, როგორც ძველი თბილისის ნაწილი, არაერთხელ ემსხვერპლას ომსა და შემოსევებს, ამიტომ გამუდმებით ხდებოდა ნაგებობათა აღდგენა და განახლება. ჩვენამდე მოღწეული აბანოების დიდი ნაწილი, დაახლოებით, XVII საუკუნით თარიღდება; თუმცა, მათი გარკვეული სეგმენტები აღდგენილია უფრო გვიან პერიოდში. თითქმის ყველა აბანო აღმოსავლურ (ძირითადად, ირანულ) სტილშია ნაგები – აბანოთა დარბაზები მიწის დონიდან ქვემოთაა და გადახურულია კამაროვანი სახურავით.
თბილისის უძველესი აბანოდ, ჯერ-ჯერობით, ითვლება 40 მოწამეთა ეკლესიის ქვემოთ აღმოჩენილი აბანო, რომელიც II-III საუკუნეებით თარიღდება და დასავლური და აღმოსავლური კულტურის ნაზავია. იმ პერიოდის თბილისში ამგვარი აბანოს არსებობა მიუთითებს, რომ თბილისის ბუნებრივი გოგირდოვანი წყლები უკვე ფართოდ გამოიყენებოდა და, შესაძლოა, კომერციული ობიექტიც კი ყოფილიყო. მისი შერეული არქიტექტურული ტიპი მიანიშნებს ვიზიტორების მულტიკულტურულობაზე – აბანოს არქიტექტორმა ნაგებობის იერსახე მისაღები გახადა ორივე სამყაროს წარმომადგენლისათვის.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აბანოების კულტურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. გვიანდელი ანტიკური ხანის აბანოები აღმოჩენილია არმაზისხევში, ბაგინეთში, ძალისში, ბიჭვინთაში, შუხუთში, გეგუთში, ციხისძირსა და ურბნისში. ფეოდალური ხანის აბანოები ან მათი ნანგრევები შემონახულია დმანისის ციხეში, ქვემო ჭალაში, ახალციხეში, თელავში, გრემში, ალავერდში, სამშვილდეში, ხერთვისში, გორში, თბილისში.
VII საუკუნიდან თბილისში არაბთა ბატონობის ხანა იწყება და ახალი რელიგია – ისლამი – შემოდის, რომლისთვისაც აბანოს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ლოცვამდე სხეულის განბანვა ისლამის ერთ-ერთი მთავარი წესი იყო. სწორედ ამის გამო თბილისის მუსლიმთა სალოცავები აბანოთუბნის ტერიტორიაზე იყო ძირითადად აგებული.
საისტორიო წყაროებით ცნობილია თბილისის „ისმაილის აბანო“, როგორც „თბილელ მუსლიმთა მთავარი აბანო“. ეს აბანო არა მხოლოდ ჰიგიენური დაწესებულება, არამედ რელიგიური დაწესებულებაც ყოფილა.
დავით აღმაშენებელმა, თბილისის აღების შემდეგ მუსლიმებთან დაზავებისას, ერთ-ერთ პირობად მიიღო, რომ ისმაილის აბანო უწინდებურად მხოლოდ მუსლიმებისა იქნებოდა, და ქართველები, სომხები და იუდეველები ამ აბანოთი არ ისარგებლებდნენ. ამგვარად, თბილისურ აბანოს იმხელა მნიშვნელობა ჰქონდა თბილისელ მუსლიმთა თემისათვის, რომ ზავის ერთ-ერთი პირობაც კი გახდა მისი ფლობა.
ამავე ცნობებიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ შუა საუკუნეების თბილისში იქნებოდა როგორც ქართველების, სომხების, ებრაელებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების კერძო აბანოები, ასევე შერეული აბანოები, რითიც ყველა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენელს შეეძლო ესარგებლა.
აბანოები ეკუთვნოდათ ქართველ მეფეებს, ქართველ და სომეხ დიდგვაროვნებს, ქართულ ეკლესიასაც კი. თბილისის აბანოები მუდმივად შენება-გადაკეთებას განიცდიდა და ხელიდან-ხელში გადადიოდა.
განსაკუთრებით საინტერესოა რამდენიმე აბანოს ისტორია:
ქართველ მეფეებს თბილისში ეკუთვნოდათ აბანო, რომელიც XVI საუკუნის დასაწყისში სიონის ეკლესიას შესწირეს. ეს აბანო ეკლესიის საკუთრებაში რჩებოდა საუკუნეების განმავლობაში, თუმცა, XVIII საუკუნის დასაწყისში ის სადავო გამხდარა ქალაქის მუსლიმურ თემსა და ეკლესიას შორის. დავა იმდენად გამწვავებულა, რომ მასში თვით სპარსეთის შაჰი და მეფე ვახტანგ VI ჩაერთნენ. საბოლოოდ, 1718 წელს, სპარსეთის შაჰის განკარგულებით, აბანო ეკლესიის განკარგულებაში დარჩა, თუმცა, იმ პირობით, რომ აბანოთი შეეძლოთ ესარგებლათ მუსლიმებსაც. თბილისის ყოფილი სამეფო აბანო კარგი მაგალითია თბილისური მულტიკულტურული მრავალფეროვნებისა და ერთობისა.
თბილისის აბანოებზე ცნობებს უხვად ვხვდებით დასავლელი და აღმოსავლელი მოგზაურობის წერილებსა და მოგონებებში. ამ ცნობებს ბევრი საერთო აქვთ, ხაზგასმით აღნიშნულია თბილისური აბანოების წყლის სისუფთავის მაღალი ხარისხი, გოგირდის წყლების სამკურნალო თვისებები და აბანოების განსაკუთრებული როლი თბილისის ქალაქურ ცხოვრებაში. XIX საუკუნის მოგზაურების აღწერით, თბილისში აბანოები სპარსული ყაიდის იყო, თუმცა, იქ ქრისტიანები და ებრაელებიც დადიოდნენ. აბანოებზე გუმბათების დაშენებას კი ოსმალურ პერიოდს უკავშირებდნენ.
საინტერესოა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამდე თბილისურ აბანოებში დაუშვებელი იყო ქალისა და კაცის ერთ სივრცეში ყოფნა. ·არსებობდა წესი, რომლის მიხედვითაც ერთი დღე ქალებისა იყო, ხოლო მეორე დღე კაცების. რუსული მმართველობის პერიოდში კი ეს წესი შეცვლილა და თბილისის აბანოებში რუსული ყაიდის წესი დამკვიდრებულა, რასაც მრავალი უწესობა და სკანდალი მოჰყოლია.
მიუხედავად ამისა, XIX საუკუნეში თბილისის აბანოები კვლავ ქალაქის სავიზიტო ბარათი იყო. მათ შესახებ კვლავ იყო ცნობილი საერთაშორისო ასპარეზზე და მრავალმა მოგზაურმა წინასწარ იცოდა, სად უნდა მისულიყო თბილისში ყოფნისას.
პუშკინი, დიუმა, რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, საფრანგეთის კონსული თბილისში ჟაკ ფრანსუა გამბა და ინგლისელი ჯონ უორდროპი საინტერესო ცნობებს გვაწვდიან თბილისური აბანოების შესახებ.
როდესაც სპარსულ-ირანული კულტურის საქართველოსთან კავშირსა და ქართულ კულტურასთან საუკუნეობრივ თანაცხოვრებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თუ რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა ქართულ ენაზე. ენა ხომ კონკრეტული ერის იდენტობისა და ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო გამომხატველია.
სპარსულ-ირანულმა კულტურამ ქართულ ენაში დაამკვიდრა ისეთი სიტყვები, რომელსაც დღესაც აქტიურად ვიყენებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მაგალითად: განძი, ნამუსი, მასპინძელი, ეშმაკი, ქალაქი, ხაზინა, ქამარი, ქარხანა, აივანი, ბაღი, ბაღჩა, იასამანი, ზეიმი, ზამთარი, კაბა, ნიშანი, ნოხი, ხალიჩა, ქიშმიში, ხურმა, ალუბალი, ჯადო, ჯამი, ჯილდო… ამ სიტყვებიდან არაერთი დღეს თბილისური თუ ქართული იდენტობის უმთავრესი მარკირების ნიშან-თვისების აღმნიშვნელია.
ჭრელი აბანო / ორბელიანების აბანო
საუკუნეების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე არსებული აბანოები მუდმივ გადაკეთება-მოდერნიზაციას, ან საფუძვლიან აღდგენას განიცდიდნენ. აბანოების მეპატრონეებიც იცვლებოდნენ და, შესაბამისად, მათი სახელებიც იცვლებოდა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ დღემდე უცნობია ამა თუ იმ აბანოს თავდაპირველი სახელწოდება.
იგივე შეიძლება ითქვას თბილისის გამორჩეულ ჭრელ აბანოზე (ყოფილი „ორბელიანების აბანო“). ისტორიული წყაროებით, ქვემო ქართლის დიდებულები ორბელიანები დედაქალაქში XVIII საუკუნის დასაწყისში მკვიდრდებიან და მეფეებისგან სასახლეებსა და მამულებს იღებენ. ამავე წყაროებიდან ჩანს, თუ როგორ ფართოვდება მათი უძრავი ქონება დედალაქში. ქალაქში „ორბელიანთუბანიც“გაჩენილა. სავარაუდოდ, ამავე პერიოდში დაეუფლნენ გამორჩეულად ლამაზ აბანოს, რომელსაც „ორბელიანებისა“ ეწოდა.
აბანოს სახელი, ხშირად, მისი მფლობელის სახელიდან, ან მისი თანამდებობიდან გამომდინარეობდა, ამიტომ სახელწოდება იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ ვის მფლობელობაში იყო ის. თბილისში რამდენიმე დიდი აბანო იყო, რომელსაც მფლობელების სახელებით მოიხსენიებდნენ: „სუმბათაშვილების“, „ბებუთაშვილების“, „ზუბალაშვილების“, „ორბელიანების“ (იგივე ჭრელი), „ერეკლეს“, „მეითრის“, „ენელას“. აბანოების სახელების ნაწილი მათი ნიშან-თვისებიდან მომდინარეობდა: „გრილი აბანო“, „ჭრელი აბანო“, „პატრუქის აბანო“ და ასე შემდეგ.
ირანელი გენერალი ჯემშიდ ხან აფშარ ორუმი, რომელმაც თბილისში მკურნალობის მიზნით 1894 წელს იმოგზაურა, თავის წერილში ამბობს:
„თბილისის აბანოებს ბადალი არა ჰყავს, თუ არ ჩავთვლით საზაფხულო აბანოებს. მათში ბუნებრივი ცხელი წყალი მოდის. აქ რამდენიმე ტიპის აბანოა: საერთო, ცენტრალური და კერძო. კერძო აბანო დაახლოებით ათიოდეა.” წერილში ის, ასევე, საუბრობს აბანოს ინტერიერსა და ექსტერიერში არსებულ არაერთ ევროპულ თუ აზიურ მახასიათებელზე.
როგორც ჩანს, აღმოსავლური და დასავლური მოტივების შერწყმა ორბელიანების აბანოს გამორჩეული ნიშანი იყო.
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც აბანო ორბელიანების გვარს აღარ ეკუთვნოდა, მას ეწოდა მისი იერსახის შესაფერისი სახელი – „ჭრელი აბანო“. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ის აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა და ახალი სახელწოდება სხვადასხვა ფერის ფილების გამო მიიღო, რომლითაც მოპირკეთებულია მინარეთის მსგავსი კოშკებით დაგვირგვინებული მისი პორტალი.