გასულ კვირას, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იაპონიის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის, ჰკითხეს შესაძლო სცენარების შესახებ, რომელთა დროსაც იაპონიის თავდაცვის ძალების მობილიზება გახდებოდა საჭირო. ამ კითხვაზე პრემიერ-მინისტრის პასუხმა კი ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია. კერძოდ, სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ჩინეთის თავდასხმა თაივანზე შეიძლება ჩაითვალოს იაპონიისათვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“, „ეგზისტენციალურ საფრთხედ“. აღსანიშნავია, რომ იაპონიის კუნძული იონაგუნი თაივანიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში მდებარეობს, ამიტომ ჩინეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმა თაივანზე და მისი სამხედრო გემების ყოფნა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, იაპონიისთვის მართლაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კონკრეტულ სცენარებს, როგორებიცაა, მაგალითად, ჩინეთის მიერ თაივანის საზღვაო ბლოკადა ან აშშ-ის ძალების შემოსვლის შემაფერხებელი ქმედებები და დასძინა, რომ ეს შემთხვევები კვალიფიცირდება როგორც სიტუაციები, როდესაც იაპონიამ შესაძლოა თავდაცვის ძალები მოაბილიზოს, კოლექტიური თავდაცვის შესახებ 2015 წლის კანონის ეგიდით.
ომისშემდგომი კონსტიტუციით, იაპონიას ეკრძალება ძალის გამოყენება საერთაშორისო დავების გადასაჭრელად, თუმცა ზემოხსენებული კანონი, რომელიც შინზო აბეს პრემიერ-მინისტრობის დროს იქნა მიღებული, იაპონიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს სამხედრო მოქმედებები მოკავშირეების (მაგალითად აშშ-ის) დასაცავად, თუ სიტუაცია კრიტიკულ საფრთხეს უქმნის მას.
სანაე ტაკაშის თაივანის შესახებ განცხადებებს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ჩინეთის წარმომადგენლების მხრიდან. “ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყოყმანის გარეშე მოვკვეთოთ ის ბინძური კისერი, რომელიც თავს დაგვესხა” – დაწერა ოსაკაში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა, სიუე ჯიანმა X-ზე. ეს პოსტი მოგვიანებით წაიშალა, თუმცა ჩინეთსა და იაპონიას შორის სერიოზული დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია. იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ, სიუეს პოსტს „უკიდურესად უხამსი“ უწოდა და ჩინეთისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლინ ჯიანმა განმარტა, რომ სიუეს პოსტი ამ უკანასკნელის პირად შეხედულებებს ასახავდა, თუმცა ამავდროულად ის გაამართლა როგორც პასუხი „იმ მცდარ და საშიშ შენიშვნებზე, რომლითაც ცდილობენ თაივანის ჩინეთის ტერიტორიისაგან გამოყოფას და თაივანის სრუტეში სამხედრო ჩარევას უჭერენ მხარს“. მან ასევე შემდგომი სახის რიტორიკული კითხვები დასვა: „ნუთუ იაპონია ეჭქვეშ აყენებს ჩინეთის მთავარ ინტერესებს და ხელს უშლის ჩინეთის გაერთიანებას“; „როგორი მიმართულების მიცემას უპირებს ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობებისათვის?“.
ასევე უნდა ითქვას, რომ ლინ სინ-ისთან შეხვედრამდე ტაკაიჩიმ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთანაც გამართა შეხვედრა, სადაც ორივე ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა ჩინეთსა და იაპონიას შორის კონსტრუქციული და სტაბილური კავშირების განვითარებაზე, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ტაკაიჩის პრემიერმინისტრობის დროს ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობები შესაძლოა არც ისე სტაბილური იყოს.
ავტორი: სალომე მარხვაშვილი




