2025 წლის ნოემბერში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეწყვეტენ ჩინეთში წარმოებული მანქანების გამოყენებას. გადაწყვეტილების მიზეზად კი, მანქანების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ჩინეთისთვის გადაცემის რისკი დასახელდა.
IDF-ის განცხადებით, 2026 წლის პირველი კვარტლისთვის, 700-მდე მანქანა, მათ შორის Chery Tiggo 8 pro, ამოღებული იქნება ისრაელის უმცროსი ოფიცრების ავტოსადგომებიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ მანქანებში ჩაშენებული ჭკვიანი მოწყობილობები, შესაძლოა, ინფრომაციას აგროვებდეს ისრაელის სამხედრო ძალების შესახებ და მას ჩინეთს, ან რომელიმე მესამე ძალას, გადასცემდეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მხოლოდ შიშს IDF-ის წინააღმდეგ შესაძლო შპიონაჟის შესახებ. ჩინური მანქანები, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების პოლკოვნიკებსა და სხვა თანამდებობის პირებს 2022 წლიდან გადაეცათ, დახურული საოპერაციო სისტემით მუშაობს. მანქანებში ჩაშენებულია ჭკვიანი ტექნოლოგიები: კამერები, მიკროფონები, სენსორები და საკომუნიკაციო სისტემები, რომელთაც შეუძლიათ გეოლოკაციის, აუდიო/ვიდეო თუ ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მძღოლის, თუ იმპორტიორი კომპანიის/პირის თანხმობის და ინფორმირების გარეშე, ეს მონაცემები გარე, პოტენციურად ჩინეთში მდებარე სერვერებს გადაეცეს.
გარდა ამისა, მანქანებში ჩაშენებული GPS მოწყობილობები მუდმივად აგროვებენ ინფორმაციას მანქანის მდებარეობისა და დიაგნოსტიკური მონაცემების შესახებ. ამასთანავე, Chery Tiggo 8 pro-ს მაღალი გარჩევადობის 360 გრადუსიან კამერებს შეუძლიათ სამხედრო წვრთნების, ჯარების გადაადგილებისა და სამხედრო ტექნიკის გადაღება და ჩაწერა.
საინტერესოა, რომ ისრაელის უსაფრთხოების სერვისის წარმომადგენლებმა თავადვე სცადეს მანქანების ,,სტერილიზაცია” ისე, რომ აღეკვეთათ ინფორმაციის გადაცემა გარე ძალებისთვის, თუმცა, მათი დასკვნით, ეს შეუძლებელია.
აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ისრაელის უსაფრთხოების და დაზვერვის სააგენტოს წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ჩინური ავტომობილების სახელმწიფო უწყებების ტერიტორიაზე შეშვებაზე.
მიმდინარე თვის დასაწყისში ისრაელის საჰაერო და თავდაცვის ინდუსტრიებმაც აკრძალეს ჩინური მანქანების გამოყენება. ამასთანავე, ისინი გეგმავენ ჩინური წარმოების მანქანების აკრძალვას სამხედრო სამრეწველო საწარმოების ტერიტორიაზე, ხოლო ამ მანქანების მფლობელ პერსონალს მოუწევს მანქანების ქარხნებს გარეთ არსებულ ავტოსადგომებზე გაჩერება.
ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, უკვე არსებობს ტერიტორიები, სადაც ჩინური მანქანების შესვლა აკრძალულია. ამასთანავე, ისინი აპირებენ მსგავსი სივრცეების გაფართოებას, რათა მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევების პრევენცია.
ისრაელის თავდაცვის ძალებისა და შესაბამისი ინდუსტრიების აღნიშნულ გადაწყვეტილებებს შესაძლოა ჩინური მანქანების ექსპორტის მნიშვნელოვანი შეზღუდვა მოყვეს. ეს პროცესი ნაწილობრივ დაწყებულია, რადგან უკვე მნიშვნელოვნად შეიზღუდა და გაჭინაურდა იმპორტის ლიცენზიების გაცემა ჩინური ავტომობილებისთვის. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჩინური ავტომობილების იმპორტიორებისთვის ლიცენზიების გაცემის ვადა გადაიდო, ოფიციალური პეკინი ისრაელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა.
საყურადღებოა, რომ კონკრეტული ჩინური მოწყობილობების გამოყენება ასევე იზღუდება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის რიგი სამთავრობო უწყებების ტერიტორიებზე. აშშ-ში, ომის დეპარტამენტის შტაბ-ბინამ, პენტაგონმა, უსაფრთხოებისა და სამხედრო უწყებების ტერიტორიებზე არა მხოლოდ ჩინური მანქანების, არამედ ჩინური წარმოების მობილური ტელეფონების გამოყენებაც კი აკრძალა.
ჩინური ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენების თანმდევი საფრთხეები საქართველოშიც აქტუალურია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს სამთავრობო უწყებები აქტიურად ყიდულობენ და იყენებენ ჩინურ სათვალთვალო კამერებს. ,,სამოქალაქო იდეის” კვლევის მიხედვით, აღნიშნული კამერები საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის წინაშე აყენებს, ვინაიდან არსებობს რეალური საფრთხე, რომ ჩინური სათვალთვალო კამერების მიერ შეგროვებული ინფორმაცია ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების ხელში აღმოჩნდეს. სწორედ ამ საფრთხეების გამო, ჩინური წარმოების კამერები აკრძალულია რამდენიმე დასავლურ ქვეყანაში, მათ შორის: ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში.
საყურადღებოა, რომ ჩინური წარმოების ავტომობილები აქტიურად შემოდის საქართველოშიც. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 111%-ით გაიზარდა. ექსპერტები საუბრობენ ჩინური მანქანების იმპორტთან დაკავშირებულ რისკებზე, მათ შორის, აქცენტი კეთდება აღნიშნული მანქანების ევროპულ ხარისხთან შეუსაბამისობაზე. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, ,,სენა ავტო ჯგუფთან” გაფორმებული ურთიერთთანამშრმობლობის მემორანდუმის შედეგად, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ აკრძალული ჩინური საავტომობილო ბრენდი, Chery-იც ქართულ ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა.
ავტორი: მარიამ კაპანაძე




