კვირის ამბავი: ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში(3-9 ნოემბერი)

საქართველო

ირაკლი კობახიძე ლი ციანს შეხვდა

4 ნოემბერი

2025 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შანხაიში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შეხვდა.

შეხვედრაზე ლი ციანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის 2023 წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის, გააღრმავოს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, განსაკუთრებით კი „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

კობახიძემ დაადასტურა, რომ საქართველო ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, მტკიცედ იცავს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და მხარს უჭერს ჩინეთის გლობალურ ინიციატივებს.

შეხვედრის ბოლოს, პრემიერებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ავიაცია, კულტურა, გარემოს დაცვა და, განსაკუთრებით, ხელოვნური ინტელექტი (AI).

შეხვედრა შანხაის მერთან

5 ნოემბერი

2025 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შანხაის მერს, კუნგ ჭენგს, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) ფარგლებში შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობის უპირატეს მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია ორმხრივ ურთიერთობებში ხელშესახები პრაქტიკული შედეგების მიღწევა. შანხაის მერი დაეთანხმა ამ პოზიციას და აღნიშნა, რომ თბილისისა და შანხაის დამეგობრებული ქალაქების სტატუსი ხელს შეუწყობს პრაგმატული და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს თბილისსა და შანხაის შორის გაფორმდა შეთანხმება,  რომელიც ითვალისწინებდა თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სპორტი, კულტურა, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი და გამწვანება.

ირაკლი კობახიძე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის (CIIE) გახსნის ცერემონიაზე

5 ნოემბერი

შანხაიში ჩატარებულ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობდა 155 ქვეყანა, რეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაცია, 4,108 უცხოური კომპანია. მათ შორის საპატიო ქვეყნების სტატუსით მონაწილეობენ ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნიგერია, საქართველო, შვედეთი და კოლუმბია.

საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან დასტურდება, რომ 2025 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან ერთად ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე (CIIE) საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა.

ჩინეთში საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ განაცხადა, რომ CIIE  ქართული პროდუქციის ჩინურ ბაზარზე უფრო ფართო წვდომის შესაძლებლობას იძლევა.

ელჩის განცხადებით, ჩინეთის უზარმაზარი და საინტერესო ბაზარი ფართო პერსპექტივებს იძლევა ისეთი ქართული პროდუქტებისთვის, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყლები და თაფლი. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორმხრივ ვაჭრობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) და გასულ წელს დაწესებული უვიზო რეჟიმი, რაც აძლიერებს როგორც ტურისტულ, ისე საქმიან კავშირებს.

ვან ი-ს შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

7 ნოემბერი

2025 წლის 7 ნოემბერს საქართველოს საგარეო მინისტრსა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გაიმართა მოლაპარაკებები. ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.

ვანგ ი-ს მიხედვით საქართველო ჩინეთისთვის არის პირველი ქვეყანა ევრაზიის რეგიონში და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ამიერკავკასიაში, რომელმაც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა ჩინეთთან. მინისტრის განცხადების თანახმად, ჩინეთის მხარე მზად არის გააგრძელოს ურთიერთთანამშრომლობა საქართველოსთან და გააღრმავოს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები.

ასევე, ვანგ იმ აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის საქართველოსთან გააძლიეროს სტრატეგიული ურთიერთობა, გააფართოვოს თანამშრომლობა ვაჭრობისა და კულტურული გაცვლების სფეროებში და ხელი შეუწყოს “სარტყლისა და გზის” ინიციატივის მაღალი ხარისხით განხორციელებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს გამორჩეული როლი შუა დერეფნის განვითარებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მოელის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული ვერსიის სწრაფად ამოქმედებას, რათა ქართულ პროდუქტებს ჩინეთის ბაზარზე შესვლის მეტი შესაძლებლობა მიეცეს. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ურყევად უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და მზად არის ნებისმიერ პლატფორმაზე დააფიქსიროს თავისი მხარდაჭერა ჩინეთის მიმართ.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი და პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტი თანამშრომლობას იწყებენ

3 ნოემბერი

ჩინეთის პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის დელეგაცია აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტს (ასეუ) ეწვია.

ასეუ-ს რექტორმა, ადალეთ მურადოვმა, შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ 2019 წლიდან უნივერსიტეტში, ჰაიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერითა და კონფუცის ინსტიტუტის ჩართულობით, ტარდება ჩინური ენის ონლაინ კურსები. აღნიშნული კურსებში 500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

თავის მხრივ, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის პრორექტორმა, გაო ქანგმა აღნიშნა, რომ ჩინურ უნივერსიტეტში 101 უცხო ენა ისწავლება. მათ შორის, ერთ-ერთი აზერბაიჯანული ენაა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. კერძოდ, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება „უცხო ენა + ეკონომიკის“ მიმართულებით ორმაგი დიპლომის პროგრამების განხორციელების, ასეუ-ს პედაგოგებისთვის უცხო ენების განხრით ტრენინგების ჩატარების, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის ენის სწავლების გამოცდილების გაზიარების, ასეუ-ში უცხო ენების სწავლების ცენტრის შექმნისა და ერთობლივი კონფერენციების თუ თარგმნის პროექტების განხორციელების შესახებ.

აზერბაჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

3 ნოემბერი

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (AMEA) პრეზიდენტი, ისა ჰაბიბაილი პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის პრორექტორს, გაო ქანგინს შეხვდა.

AMEA-ს პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მყარ საფუძვლებს ეფუძნება და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი პეკინთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთანავე, ჰაბიბაილიმ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია პარტნიორი ჩინური უნივერსიტეტებისა და აკადემიების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი და ჩინეთის თიანშუეის ნორმალური უნივერსიტეტი თანამშრომლობას იწყებენ

4 ნოემბერი

ბაქის საინჟინრო უნივერსიტეტსა და ჩინეთის თიანშუეის ნორმალურ უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს, სტუდენტების/პედაგოგების გაცვლით პროგრამებს, ორმაგი დიპლომის პროგრამების ორგანიზებასა და აკადემიური პროგრამების ერთობლივ მომზადებას.

ჩინეთის თიანშუეის ნორმალური უნივერსიტეტის რექტორმა, ვანგ ჰუინგმა აღნიშნა, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ უნივერსიტეტებს, არამედ ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის გაძლიერებას.

აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი ჩინურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

5 ნოემბერი

აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტს ჩინეთის თიანშუეის ნორმალური უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.

მხარეებმა, შეხვედრის დასასრულს, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობას, სტუდენტებისთვის/პედაგოგებისთვის გაცვლით პროგრამებს, ორმაგი დიპლომის პროგრამებსა და ერთობლივ აკადემიურ პროგრამებს.

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში

5 ნოემბერი

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დელეგაცია 26 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჩინეთის ეროვნული ავიაციის ტექნოლოგიების იმპორტისა და ექსპორტის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტ ლიუ ის.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საგანგებო სიტუაციების მართვის დარგში მოქმედ დაწესებულებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ავიაციის დარგში, შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენების საჭიროებაზე.

აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრის მოადგილე ჩინეთში

6 ნოემბერი

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრის მოადგილე და აზერბაიჯან-ჩინეთის მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე, შაჰინ მუსტაფაევი შეხვდა ჩინური კომპანიების, მათ შორის, China Datang Corporation Ltd-სა და Wontai Group-ის ხელმძღვანელობას.

ჩინურ კომპანიებთან შეხვედრაზე, აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩინური კომპანიები სარგებლობენ აზერბაიჯანში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და სხვადასხვა მიმართულებით, პროექტებს ახორციელებენ.

სოკარი ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

7 ნოემბერი

სოკარის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი ჩინური კომპანიის, Sinopec Engineering-ის პრეზიდენტს, ჭანგ სინმინგს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ნავთობისა და გაზის წარმოების, ნავთობქიმიური პროდუქტების, გაციფრულების, ენერგიის გადაცემისა და თანამედროვე დამუშავების ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

აზერბაიჯანის ფიზიკის ინსტიტუტი ჰონგ კონგის აკადემიასთან თანამშრომლობს

8 ნოემბერი

აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, არიფ ჰაშიმოვმა მეცნიერებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საერთაშორისო CORE აკადემიას უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, ფიზიკის ინსტიტუტსა და CORE აკადემიას შორის, ევრაზიის საერთაშორისო ლაბორატორიის შექმნის შესახებ სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს მეცნიერებისა და განათლების დარგებში ინტეგრაციის გაძლიერებას, საგანმანათლებლო და კადრების მომზადების პროგრამებს, ტექნოლოგიის გადაცემას, საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას, ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და „სარტყლისა და გზის“ პლატფორმის ფარგლებში, ერთობლივი ლაბორატორიის შექმნას.

სომხეთი

ჩინეთის სოციალური მეცნიერებების აკადემიის წარმომადგენელი სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ

5 ნოემბერი

ჩინეთის სოციალური მეცნიერებების აკადემიის “სარტყლისა და გზის” კვლევითი ცენტრის გენერალურმა მდივანმა, ვან სიაოციუნიანმა, კონფერენციაზე, სახელწოდებით – “ორბელის ფორუმი 2025: მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მშენებლობა”, გამოსვლისას სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: “საუკუნეების განმავლობაში, სომხეთი აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მდებარეობდა. სწორედ ცივილიზაციური ჰარმონიის ეს ფაქტორი დგას ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივის (BRI) საფუძველშიც”.

ვანის თქმით, მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ჩინეთ-სომხეთის თანამშრომლობა ხელს უწყობს არა მხოლოდ რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას, არამედ მშვიდობის დამყარებასა და კულტურული კავშირების გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში. ვანის აზრით, ასეთი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს, რაც მოიცავს სუვერენიტეტის პატივისცემას, ინტერესთა ურთიერთგაგებას და საერთო სარგებლის გაცნობიერებას.

ვანმა ასევე ყურადღება გაამახვილა სომხეთის ბოლოდროინდელ საგარეო პოლიტიკურ კურსზე. კერძოდ, მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად, შანხაის თანამშრომლობის ორგანზიაციაში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის:

„სომხეთის დიპლომატია ამ მხრივ შთამბეჭდავია, რადგან ის მიზნად ისახავს სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას ჩინეთთან, თანაც რუსეთთან კონსტრუქციული კავშირების შენარჩუნებით.” – აღნიშნა ექსპერტმა.

ერევანში ჩინური სიმღერის მეორე სტუდენტური კონკურსი გაიმართა

6 ნოემბერი

6 ნოემბერს რუსულ-სომხური უნივერსიტეტის კულტურის სახლში გაიმართა ჩინური სიმღერის მეორე უნივერსიტეტთაშორისი კონკურს-ფესტივალი. ღონისძიება ჩატარდა სომხეთში ჩინეთის საელჩოს, რუსულ-სომხური უნივერსიტეტის კონფუცის კლასისა და ბრიუსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით.

მასპინძელი უნივერსიტეტების გარდა, კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სომხეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებმა. კონკურსანტებმა შეასრულეს სიმღერები ჩინურ ენაზე. კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულები გამოვლინდნენ მათი გამოთქმის, ვოკალური უნარებისა და სასცენო გამოსვლების მიხედვით.

კონკურსის გამარჯვებული გახდა ბრიუსოვის უნივერსიტეტის სტუდენტი ჰაიასტან ჰმაიაკიანი. პირველი სამი ადგილის მფლობელები და სხვა გამორჩეული მონაწილეები დაჯილდოვდნენ სომხეთში ჩინეთის საელჩოს მიერ გადაცემული მობილური ტელეფონებით.

გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა რუსულ-სომხური უნივერსიტეტის პრორექტორი პარგევ ავეტისიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ღონისძიება „შესანიშნავი შესაძლებლობაა, მოვისმინოთ სტუდენტების შესრულება, რომლებიც მოხიბლულნი არიან ჩინური კულტურითა და მუსიკით“.

თავის მხრივ, სომხეთში ჩინეთის ელჩმა ლი სინვეიმაც ყურადღება გაამახვილა სომეხი ახალგაზრდების მზარდ ინტერესზე ჩინური ენისა და კულტურისადმი. ამასთან,  ლი სინვეიმ, იმედი გამოთქვა, რომ შემდგომ წლებში კონკურსში უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ღონისძიება გაიმართება სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალ სტუდიაში, რომელიც ჩინეთის მხარდაჭერით შენდება.

ყაზახეთი

ყაზახეთში ჩინეთის ელჩი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა

7 ნოემბერი

ჩინეთი და ყაზახეთი ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. კერძოდ, 7 ნოემბერს, ჩინეთის ელჩი ხან ჩუნლინი შეხვდა ყაზახეთის ტრანსპორტის ახლად დანიშნულ მინისტრს, საურანბაიევს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში ურთიერთდაკავშირების მნიშვნელობას, როგორც “სარტყლისა და გზის” ინიციატივის მთავარ პრიორიტეტს.

ჩინეთის საელჩომ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მეტი ჩინური კომპანიის მონაწილეობას ყაზახეთის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა დადებითად შეაფასა არსებული პრაქტიკული თანამშრომლობა და გამოხატა მზადყოფნა, რომ გააგრძელოს ჩინეთთან მუშაობა “სარტყლისა და გზის” ინიციატივის ფარგლებში.

ახალი სავაჭრო შეთანხმება ყაზახეთსა და ჩინეთს შორის

5 ნოემბერი

ყაზახეთმა და ჩინეთმა, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, სავაჭრო პარტნიორობის შესახებ ახალ შეთანხმებაზე მოაწერეს ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს ონლაინ პლატფორმების შექმნას და ციფრული ვაჭრობის ხელშეწყობას, რაც, თავის მხრივ, გაამარტივებს ყაზახური პროდუქციის ჩინურ ბაზარზე შესვლას.

შეთანხმება გაფორმდა Optimize Integration Group (OIG)-სა და ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ, QazTrade-ს შორის.

შეთანხმების აჩვენებს, რომ ყაზახეთი ჩინეთის მთავარ ციფრულ იმპორტიორთან პარტნიორობითა და ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში ჩართულობით, ცდილობს დააჩქაროს ყაზახური პროდუქციის ექსპორტი და  გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ჩინეთში.

ყაზახეთსა და ჩინეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

6 ნოემბერი

6 ნოემბერს, სიანის ძიათონგის უნივერსიტეტში „შაქარიმის“ სახელობის ყაზახურ-ჩინური კულტურული კვლევის ცენტრი გაიხსნა. ღონისძიება ჩატარდა “სარტყლისა და გზის” ინიციატივის ფარგლებში. ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახლადგახსნილი ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ყაზახეთსა და ჩინეთს შორის კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

“შაქარიმის” კულტურული კვლევის ცენტრის მიზანია ჩინელ აუდიტორიას გააცნოს ყაზახი ხალხის სულიერი მემკვიდრეობა.

ცენტრი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის ერთობლივ კვლევით და კულტურულ-გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.

Scroll to Top