საქმოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

სანამ „ქართული ოცნება” აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინოსნებს, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ დამოუკიდებელ, ქართულ  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. 

დამოუკიდებელი მონიტორინგის თანახმად, 2013 წლიდან მოყოლებული, კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების შედეგად 3.28 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს. მათ შორის, 2020–2024 წლებში სახელმწიფო ტენდერებით 1.028 მილიარდი ლარი მიენიჭათ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მმართველი პარტიის დონორებთან, ხოლო მათივე შემოწირულობების ოდენობამ 7.7 მილიონი ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული ქმედებები მრავალმხრივია და მოიცავს არაკონკურენტულ შესყიდვებსა და გამარტივებულ ტენდერებს, რომლებიც მიკერძოებულია მმართველ პარტიასთან დაახლოებული კომპანიების სასარგებლოდ, ასევე დასაქმების პროგრამებს, რომლებიც ფორმალურად მიზნად ისახავს მოწყვლადი მოქალაქეების მხარდაჭერას, მაგრამ რეალურად საჯარო სახსრებს მმართველი პარტიის ვიწრო-პარტიული ინტერესების მიღწევისკენ მიმართავს, პარტიული კადრების არაფორმალურ ქსელების დაფინანსების გზით. ასევე  ნიშანდობლივია, საჯარო მოხელეთა არაპირდაპირი, გაუმჭვირვალე ქონებრივი გარიგებები, მათ შორის არაერთი დადასტურებული შემთხვევა დაუფიქსირებელი ქონების შესახებ. 2024–2025 წლებში მხოლოდ ამ ფორმით დაფიქსირდა 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონების, მათ შორის, ნაღდი ფულის და უძრავი ქონების გადაცემა თანამდებობის პირებზე. ფორმალურად ეს ტრანზაქციები რეგისტრირდება როგორც საჩუქარი, თუმცა ფაქტობრივად წარმოადგენს ალტერნატიულ კორუფციულ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ლოიალობის შენარჩუნებას და გავლენების სისტემურ განაწილებას. ეს საკითხები არ არის ასახული ანტიკორუფციული ბიუროს 2023–2024 წლების ანგარიშებში, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს კანონით ევალება თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი და საეჭვო გარიგებებზე რეაგირება.

ბიუროს მიერ წარდგენილი ანგარიშები ფორმალური ხასიათისაა, მათში არ ფიქსირდება არც ერთი ელიტური კორუფციის შემთხვევა, არც ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი და არც კონკრეტული ქონებრივი გარიგებების შეფასება. ასეთი  მიდგომა ცხადყოფს, რომ ბიურო რეალურად არ ახორციელებს პრევენციულ ან მაკონტროლებელ ფუნქციას, არამედ ემსახურება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებს.

შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ საუბრობს კორუფციასთან ბრძოლაზე, პრაქტიკაში, სახელმწიფო რესურსები მიტაცებულია პოლიტიკური ელიტის და მასთან დაახლოებული ბიზნესის მიერ, რომლებიც მდიდრდებიან გამჭვირვალობის, სამართლიანი კონკურენციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების იგნორირების  ხარჯზე.

ამავდროულად, სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნის ინსტრუმენტად. დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ავალებენ  ბიუროს მიაწოდონ მოცულობითი ინფორმაცია, მათ შორის,  პირადი მონაცემები, 2024 წლიდან დღემდე შესრულებულ საქმიანობაზე, რაც უპრეცედენტო ჩარევაა სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებლობაში.

2025 წლის 4 სექტემბერს, ბიურომ დაიწყო 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის “მონიტორინგი”,  „გრანტების შესახებ კანონში” ამა წლის აპრილში მიღებული ცვლილებების ფარგლებში. აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას და არათანაბრად აზარალებს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებზე მომუშავე ორგანიზახიებს. 

ეს ქმედებები ასახავს მზარდ ტენდენციას, რომლის პირობებშიც მიტაცებული სახელმწიფო აპარატი მიმართულია სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შეზღუდვაზე, ხოლო ხელისუფლების კორუმპირებული წარმომადგენლები ხელშეუხებლები რჩებიან. კონტროლი გარდაიქმნება რეპრესიად, რომელიც ნიღბად იყენებს სამართლიანობას. ასეთი შერჩევითი ქმედება ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს, სპობს სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობს გამოთქვან დამოუკიდებელი აზრი ან ხელისუფლებას პასუხი  მოსთხოვონ კორუფციაზე ან სხვა სახის დანაშაულებზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.

ყველასთვის ნათელია “ქართული ოცნების” ორმაგი სტანდარტი. მაშინ როდესაც “ქართულ ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან ასოცირებული ბიზნესები კორუფციაშია გახვეული, “ქართული ოცნებისვე” შექმნილი ზედამხედველობის მექანიზმები მიმართულია მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც კორუფციას ამხელს. ეს არ არის  ანტიკორუფციული პოლიტიკა — ეს კორუფციის და კორუფციული მექანიზმების დაცვის სქემაა, რომელითაც იდევნება კორუფციის მამხილებელი დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ევროპის ფონდი

  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

  3. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 

  4. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი

  5. ქალები საქართველოდან

  6. სამოქალაქო იდეა

  7. თანასწორობის მოძრაობა

  8. პრევენცია პროგრესისთვის

  9. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი                                 

  10. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

  11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

  12. საქართველოს მომავლის აკადემია

  13. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

  14. მხარდაჭერის და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი

  15. დემოკრატ მესხთა კავშირი

  16. საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი

  17. ქართული მედია ჯგუფი

  18. მწვანე სექტორი

  19. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

  20. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

  21. უფლებები საქართველო

  22. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა

  23. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

  24. გრლზვეივ

  25. მედია ცენტრი კახეთი

  26. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”

  27. Მწვანე ალტერნატივა

  28. ჩართულობის და განვითარების ცენტრი

  29. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი 

  30. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT

  31. ა(ა)იპ – ,,შეხვედრის ადგილი – დმანისი”

  32. ა(ა)იპ – ახალგაზრდა ფემინისტები

  33. მედიის ინსტიტუტი

  34. ა(ა)იპ რაჭის სათემო ორგანიზაცია

  35. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

  36. ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / ხელოვნების სახლი

  37. საქართველოს ევროპული ორბიტა

  38. სამოქალაქო ინტეგრაციი ფონდი

  39. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი

  40. ყვარლის ევროკლუბი

  41. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი

  42. ლომეკი

  43. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

  44. მედიის განვითარების ფონდი (MDF)

  45. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

  46. სათემო ფონდი ლელი

  47. ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

  48. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

  49. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

  50. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

  51. საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი -კონსტიტუციის 78-ე მუხლი

  52. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი 

  53. ღია სივრცე კავკასია

Scroll to Top