ლიეტუვამ ჩინეთის საელჩოს სამი თანამშრომელი გააძევა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, ქვეყანამ ჩინეთის წარმომადგენლობითი ოფისის სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და სამი კვირა მისცა ქვეყნის დასატოვებლად. სამინისტრომ გადაწყვეტილება ვენის კონვენციისა და ლიეტუვის კანონმდებლობის დარღვევით გაამართლა, თუმცა არ უსაუბრია სხვა დეტალებზე.

გაძევებას წინ უძღოდა უკვე დაძაბული ურთიერთობები ჩინეთსა და ლიეტუვას შორის, რომლის ორ მთავარ მიზეზად სახელდება ტაივანის მხარდაჭერის საკითხი და ჩინური გემის სავარაუდო ჩართულობა საზღვაო კაბელების დაზიანებაში. უკანსნელი ეხება ორი ბალტიის ზღვის ტელეკომუნიკაციის კაბელის, მათ შორის შვედური კუნძულის, გოთლანდისა და ლიეტუვის დამაკავშირებლის, დაზიანებას ნოემბრის დასაწყისში. ეჭვები ჩინური ჩართულობის შესახებ, გემის, Yi Peng 3-ის მარშრუტზე დაფუძნებით გაჩნდა – მონიტორინგის მიხედვით,  აღნიშნული გემი სწორედ ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა მაშინ, როდესაც კაბელები გადაჭრეს. ფინეთმა, შვედეთმა და ლიეტუვამ ტელეკომუნიკაციების დაზიანების ფაქტის გამოძიება საერთო ძალებით დაიწყეს, რაშიც მათ ევროკავშირის კრიმინალური სამართლის საკითხებში კოოპერაციის სააგენტო, Eurojust, დაეხმარებათ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი მტკიცედ გმობს და ეწინააღმდეგება ლიეტუვის ამ გადაწყვეტილებას და იტოვებს უფლებას განახორციელოს საპასუხო ქმედებები. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ლიეტუვას არ წარმოუდგენია მიზეზი, რის გამოც ჩინური წარმომადგენლობის ამ თანამშრომლებს ქვეყნისთვის არასასურველ ადამიანებად გამოაცხადებდა.  ამავე განცხადებაში საუბარია ლიეტუვის მიერ „ერთი ჩინეთის პრინციპის სერიოზულ დარღვევაზე ტაივანის საკითხებში“ და აღნიშნულია, რომ ამ უკანასკნელმა განსაკუთრებული დაბრკოლებები წარმოქმნა ჩინურ-ლიეტუვურ ურთიერთობებში. კონტექსტისათვის, ამ განცხადების მიზეზი ლიეტუვის მიერ ტაივანისთვის 2021 წელს დე ფაქტო საელჩოს გახსნის უფლების მიცემა გახდა.

Scroll to Top