მზარდი საფრთხე: დიდ სახელმწიფოებს შორის „კოსმოსური შეიარაღების რბოლა“

ჩინეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული კონკურენცია დედამიწის საზღვრებს სცდება და კოსმოსში ინაცვლებს. როგორც ჩინეთის, ისე ამერიკის შესაბამისი სამსახურები კოსმოსში მზარდი სამხედრო საფრთხეების არსებობის შესახებ იტყობინებიან.

2025 წლის მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ განაცხადა, რომ ამერიკის მზარდი საომარი შესაძლებლობები აძლიერებს ორ ქვეყანას შორის სამხედრო მეტოქეობას და საფრთხეს უქმნის კოსმოსის უსაფრთხოებას.

აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა 60 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანია Gravitics-თან. შეთანხმების მიხედვით, კომპანიამ უნდა შექმნას ორბიტული სატრანსპორტო სისტემა, რომელიც რამდენიმე საათში შეძლებს მანევრირებადი ხომალდების განლაგებას კოსმოსში. კომპანიის განცხადების მიხედვით, აღნიშნული „რევოლუციური“ სისტემის ჩვენება 2026 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

ამერიკის კოსმოსური ძალების კოსმოსური ოპერაციების ვიცე-ხელმძღვანელმა, მაიკლ გეტლეინმა აღნიშნა, რომ კოსმოსში სამხედრო საფრთხეები იზრდება. საფრთხეებზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა ჩინეთის 2024 წლის მანევრებს „dogfighting“ წვრთნების ფარგლებში და ასევე მოსკოვის მიერ ბირთვულქობინიანი სატელიტების შექმნის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ამერიკის კოსმოსური ძალების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩანს, რომ ვაშინგტონი კოსმოსის მილიტარიზაციის საფრთხის საპასუხოდ, სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას გეგმავს. კერძოდ, კოსმოსური ძალები პრიორიტეტად ასახელებს კოსმოსში კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას, სამხედრო უპირატესობის მოპოვებას და კოსმოსური ოპერაციების განხორციელების დროს გარე ძალების ინტერვენციის საფრთხის მინიმალიზებას.

ამერიკის კოსმოსური ძალების მიმდინარე გეგმებს ეჭვის თვალით უყურებს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია. როგორც ჩანს, კოსმოსი დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების ახალ სფეროდ იქცევა.

Scroll to Top