მზარდი სინო-რუსული დიპლომატიური კავშირები: სერგეი ლავროვისა და ვანგ ის შეხვედრები

ბოლო დღეებში რუსეთისა და ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს შორის გამართული ხშირი შეხვედრები, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იქცევს. უკრაინის კონფლიქტში „ნეიტრალური“ პოზიციის მქონე ოფიციალური პეკინი, კრემლთან დიპლომატიურ კავშირებს აძლიერებს.

მალაიზიაში, კუალა ლუმპურში 10 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ, 12 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის მეორედ შეხვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლავროვი დაესწრება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) საგარეო მინისტრთა შეხვედრას.

12 ივლისის ორმხრივ შეხვედრაზე, ვანგ იმ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების უნიკალურობაზე და განაცხადა:

„ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ყველაზე სტაბილურ, სრულყოფილ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან მთავარ სახელმწიფოთა ურთიერთობას წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში. ორივე მხარე თანმიმდევრულად განიხილავს და ავითარებს თანამშრომლობას ყველა სფეროში, ისტორიული, სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივიდან“.

ამასთანავე, ჩინური მხარის განცხადების თანახმად, მიმდინარე თვეებში ორმხრივი ურთიერთობების მთავარ პრიორიტეტებს „მაღალი დონის შეხვედრების“ დაორგანიზება, „ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოორდინაციის გაღრმავება“ და „ტურბულენტური და ცვალებადი მსოფლიოს გამოწვევებთან გამკლავება“ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინი პეკინს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა 31 აგვისტოს და 3 სექტემბრამდე, დაესწრება SCO-ს ლიდერთა სამიტს და გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს ჩინეთის პრეზიდენტთან.

მოგვიანებით, 13 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, ლავროვმა და ვანგ იმ განიხილეს ამერიკასთან ურთიერთობების მიმდინარე დინამიკა და უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობები. ამასთანავე, მხარეებმა გამოხატეს სურვილი, გააძლიერონ მჭიდრო კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, გაეროში, G20-ში, BRICS-სა და APEC-ში.

რუსეთსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის პარალელურად, რუსეთზე დასავლური ზეწოლა იზრდება. ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მისაღებად ემზადება. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ დღეებში არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, 14 ივლისს, ტრამპი უკრაინისთვის დახმარების ახალი გეგმის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

Scroll to Top