აშშ-ს კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრმა (NCSC) გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები ფარულად ცდილობენ აშშ-ის მოქალაქეების დაქირავებას, რომლებსაც წვდომა აქვთ სენსიტიურ სამთავრობო ინფორმაციაზე.
მათი თქმით, პეკინი დახვეწილ და სახიფათო მეთოდებს იყენებს თავისი მიზნების მისაღწევად და რეკრუტინგის პროცესი ხშირად მომგებიან კარიერულ შესაძლებლობებად ინიღბება. NCSC-ის თანახმად, LinkedIn-ის ყალბი პროფილებით ამერიკის სახელმწიფო სამსახურებში ყოფილ თუ ამჟამინდელ დასაქმებულებს კონფერენციებსა თუ „საკონსულტაციო საბჭოებში“ იწვევენ, რაც ფედერალური სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლებისა და რესტრუქტურიზაციის ფონზე ხდება. შეგახსენებთ, რომ ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ზედამხედველობით, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ცვლილებები მიმდინარეობს, რომლებიც ბიუროკრატიის შემცირებას ისახავს მიზნად. ამ პროცესებმა უმუშევართა უეცარი ნაკადი წარმოშვა, რომელიც მნიშვნელოვანი სამიზნე გახდა ჩინეთისათვის.
Reuters-ის ადრინდელმა საგამოძიებო რეპორტაჟმა ფირმების ფარული ქსელი გამოავლინა, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია საიდუმლო ჩინურ ტექნოლოგიურ კონგლომერატთან, რომლის პარტნიორი ორგანიზაციები უკავშირდებიან აშშ-ს ფედერალურ მუშაკებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც გამოცდილება აქვთ ეროვნულ უსაფრთხოებაში, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ რეკრუტირების ზუსტი მასშტაბი გასაიდუმლოებული რჩება, აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, ეს აქტივობები ჩინეთის ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც შეერთებულ შტატებში ადამიანური დაზვერვის (HUMINT) შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად. მათივე თქმით, ჩინეთის მხრიდან ,,დასაქმების მცდელობების მკვეთრი ზრდა“ აღინიშნება.
გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი (ODNI) აქტიურად მონაწილეობენ კონტრდაზვერვის ოპერაციებში, რათა საფრთხეების იდენტიფიცირება და განეიტრალება ეფექტურად მოხდეს. წარსულში პეკინი გამუდმებით უარყოფდა ბრალდებებს ჯაშუშობასა ან აშშ-ს საშინაო საქმეებში ჩარევაზე და ამგვარ დისკურსს „პოლიტიკურად მოტივირებულ“ და „ანტიჩინური ისტერიის“ კამპანიის ნაწილს უწოდებდა.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა გრძელდება. უახლესი გამაფრთხილებელი განცხადება კი ხაზს უსვამს დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში გაძლიერებულ კონკურენციას, რაზეც ამჟამად ჩინეთის საელჩოს ვაშინგტონში ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.