რას ამბობს ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ჩინეთის შესახებ?

ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარადგინა. 2017 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისგან განსხვავებით, სადაც ჩინეთი „ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევად“ სახელდებოდა, ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში ჩინეთის ფაქტორი არ არის ნახსენები.  წინა ადმინისტრაციის ანგარიშებში მუდმივად იყო აქცენტი ჩინეთის ავტორიტარიზმსა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემთხვევაში კი, ყურადღება აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ მეტოქეობაზეა გამახვილებული. ამასთან, სტრატეგია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში კონფლიქტის პრევენციას ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამერიკამ დაუშვა შეცდომა, როცა ჩინეთის ბაზრისთვის გახსნა ინვესტიციები და წაახალისა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა იმ იმედით, რომ „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში“ ჩინეთის ინტეგრაცია მოხდებოდა. ტრამპის ადმინისტრაციის მიხედვით, რეალურად, ჩინეთმა მიიღო სიმდიდრე და გლობალური ძალაუფლება და გლობალური წესრიგის განმტკიცების ნაცვლად მხოლოდ საკუთარი სტრატეგიული უპირატესობა გაამყარა. აღნიშნულმა ტენდენციამ გამოხატულება ჰპოვა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების „ფუნდამენტურ დისბალანსში“.

დოკუმენტის მიხედვით, „ის, რაც 1979 წელს დაიწყო, როგორც ვაჭრობა მსოფლიოს უმდიდრეს და ერთ-ერთ უღარიბეს ეკონომიკას შორის, ახლა თითქმის თანაბარ მოთამაშეებს შორის მიმდინარე მეტოქეობად იქცა“. ამდენად, სტრატეგია მიზნად ისახავს ამერიკის ეკონომიკური დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც ვაჭრობაში ორმხრივი სარგებლის და სამართლიანობის დაბრუნებას გულისხმობს.

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარის, ვენ ტი სუნგის შეფასებით, დოკუმენტის მიზანი „ინტერესებსა და ღირებულებებს შორის ბალანსის აღდგენაა”. ტრამპისთვის ახალი პრიორიტეტი ამერიკის განვითარებაა, რაც მონროს დოქტრინასთან და პოლიტიკის ახალ ქოლგა ტერმინთან “ამერიკა, უპირველეს ყოვლისა“ დაახლოებას გულისხმობს. ადმინისტრაციისთვის ჩინეთი აღარ განიხილება იდეოლოგიურ ან გეოპოლიტიკურ მეტოქედ, რადგან ორივე კომპონენტი ეკონომიკის სფეროთი არის ჩანაცვლებული.

ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ეკონომიკურ პრაგმატიზმზე გადასვლამ ჩინეთში დადებითი, თუმცა სკეპტიკური რეაქციები გამოიწვია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, გუო ძიაკუნი, ნეიტრალური და თავშეკავებული შეფასებით გამოირჩეოდა. მან ხაზი გაუსვა „მშვიდობიანი თანაარსებობისა“ და „მომგებიანი თანამშრომლობის“ მნიშვნელობას. თავის მხრივ, ჩინეთში სკეპტიკოსები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ტონის “შერბილებას” შესაძლოა წარმოადგენდეს მცდელობას, ორმხრივ ვაჭრობაში ამერიკა საკუთარ უპირატესობაზე კონცენტრირდეს. ამიტომ, სკეპტიკოსები თვლიან, რომ სტრატეგია არ გამორიცხავს ჩინეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ეკონომიკური ზომების მიღებას.

საყურადღებოა, რომ დოკუმენტში განხილული ერთადერთი გეოპოლიტიკური საკითხი თაივანია. ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის თაივანი „წითელ ხაზს“ წარმოადგენს. ამ ეტაპზე ვაშინგტონი ინარჩუნებს მჭიდრო არაოფიციალურ კავშირებს თაივანთან და ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, ვალდებულია მას თავდაცვისთვის იარაღი მიაწოდოს. სტრატეგიის მიხედვით, თაივანში კონფლიქტი მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების დაახლოებით ერთი მესამედი ყოველწლიურად სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე გადის. შესაბამისად, თაივანის გარშემო არსებული ნებისმიერი კონფლიქტი ან ბლოკადა საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეკონომიკურ ინტერესებს.

სტრატეგიაში თაივანის კონფლიქტის პრევენციის პასუხისმგებლობა სხვა სახელმწიფოებზეც არის განაწილებული, მათ შორის, ევროკავშირზე. ეროვნულ სტრატეგია მოუწოდებს ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს, გაზარდონ თავდაცვის ბიუჯეტი. სტრატეგიის მიხედვით, ამერიკისთვის აუცილებელია, რომ მოკავშირეებმა, მათ შორის იაპონიამ და სამხრეთ კორეამ, უზრუნველყონ აშშ-ის სამხედრო პირების წვდომა პორტებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე.

ავტორი: მარიამ არაბაშვილი

Scroll to Top