აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თანამდებობაზე მოსვლის პირველივე დღეს, 25 იანვარს, ხელი მოაწერა ტიკტოკთან დაკავშირებულ აღმასრულებელ ბრძანებას.
ბრძანების მიხედვით, ტიკტოკთან მიმართებით ამოქმედებული კანონის – „ამერიკელთა დაცვა უცხო მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებადი აპლიკაციებისგან“ – ძალაში შესვლის ვადა გახანგრძლივდა 75 დღით. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული გარიგების მისაღწევად, ტრამპმა სოციალურ პლატფორმას კიდევ 75 დღე დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული კანონის მიხედვით, რომელიც 2024 წლის აპრილში კონგრესის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ერთობლივი მხარდაჭერით დამტკიცდა, მოითხოვს ტიკტოკის წილების ამერიკული კომპანიისთვის გაყიდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის თანახმად, ტიკტოკს არ ექნება წვდომა იმ სერვისებზე, რომელიც ამერიკაში მისი ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში კანონი 19 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. მართლაც, 18 იანვარს ტიკტოკმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ამოქმედებული კანონის გამო, ვეღარ ახერხებდა ამერიკაში ოპერირებას. დაახლოებით 12 საათიანი გათიშვის შემდეგ, ტიკტოკი განახლდა. სოციალურმა პლატფორმამ დაბრუნება ახსნა ტრამპთან მიღწეული შეთანხმებით, რომ პრეზიდენტი ტიკტოკთან დაკავშირებით გამოსავალს მოძებნიდა.
მართლაც, 19 იანვარს, ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე, ტრამპმა განაცხადა, რომ ის ამერიკელ მომხმარებლებს ტიკტოკს დაუბრუნებდა. თუმცა, აქვე დასძინა, რომ ეს კომპანია არ უნდა იყოს სრულად ჩინური და ტიკტოკის წილების 50 პროცენტი მაინც ამერიკელებს უნდა ეკუთვნოდეთ.
საყურადღებოა, რომ კანონის იმპლემენტაციის შეჩერების და გადავადების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია არ უგულებელყოფს ტიკტოკთან დაკავშირებულ რისკებს. ზემოთ ხსენებულ აღმასრულებელ ბრძანებაშიც ხაზგასმულია ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ გამოწვევებს განიხილავს.
20 იანვრიდან მოყოლებული, მომდევნო 75 დღის განმავლობაში, ტიკტოკის მფლობელები ვალდებულნი არიან შეთანხმებას მიაღწიონ ამერიკულ მხარესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის გასვლის შემდეგ, პლატფორმას ისევ გათიშვის საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, ჩინეთთან მიმართებით ტრამპის ხისტი პოზიცია ცხადყოფს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამ საკითხზე ამერიკელების კომპრომისი ნაკლებ სავარაუდოა. მართლაც, 20 იანვარს დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ტიკტოკი „უვარგისია“, თუ სოციალური პლატფორმა არ წავა გარიგებაზე. ასევე, მან აღნიშნა, რომ თუ კანონით გათვალისწინებული შეთანხმება ვერ შედგება, მისი ადმინისტრაცია ჩინეთს დაუწესებს „25, 30, 40, 50 %-იან, შესაძლოა 100 %-იან“ ტარიფსაც კი.