რა გამოწვევებს აწყდება ტიკ-ტოკი ამერიკასა და კანადაში?

2024 წლის აპრილში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ტიკ-ტოკის აპლიკაციის ამერიკის მოქალაქისთვის/ორგანიზაციისთვის გადაცემას მოითხოვდა. კანონის აღსრულების საბოლოო ვადად განსაზღვრული იყო იანვარი, თუმცა, პრეზიდენტმა ტრამპმა მისი იმპლემენტაცია გადაავადა და პოტენციური შეთანხმების მისაღწევად დამატებითი 90 დღიანი ვადა განსაზღვრა.

კანონის მიხედვით, პოტენციური შეთანხმების პირობების მიხედვით, ტიკ-ტოკის მფლობელ ჩინურ კომპანიას, ByteDance-ს, „ამერიკის ტიკ-ტოკის“ მხოლოდ 20 პროცენტის ფლობის უფლება აქვს. გარდა ამისა, ამერიკის ტიკ-ტოკის ალგორითმს ან მონაცემებს ByteDance არ უნდა აკონტროლებდეს.

4 ივლისს, ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ტიკ-ტოკთან დაკავშირებით შეთანხმება „თითქმის“ მიღწეულია. თუმცა, მისი თქმით, შეთანხმება „სავარაუდოდ“ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ უნდა დაადასტუროს. ასევე, ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩინურ მხარესთან (მისივე თქმით, სი ძინპინთან ან მის რომელიმე წარმომადგენელთან) მოლაპარაკებები 7 ან 8 ივლისს უნდა დაიწყოს.

ტრამპის განცხადების შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა კონკრეტული პოზიცია არ დააფიქსირა და მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა:

„ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა მისი პრინციპი და პოზიცია ტიკ-ტოკთან დაკავშირებულ საკითხებზე“.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ გაუვრცელებია განცხადება, რომელშიც ის ამერიკას მოუწოდებდა „ღია, სამართლიანი და არადისკრიმინაციული ბიზნეს გარემოს“ უზრუნველყოფისკენ. ასევე, სამინისტროს ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ბიზნესის, მათ შორის ტიკ-ტოკის, შეძენის შესახებ გადაწყვეტილება „დამოუკიდებლად უნდა იყოს“ მიღებული „კომპანიების მიერ, საბაზრო პრინციპების შესაბამისად“.

ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადებები აჩვენებს, რომ ტიკ-ტოკი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ერთ-ერთ მიმდინარე სადავო საკითხს წარმოადგენს და ამ მიმართულებით, 15 ივლისის მონაცემებით, შეთანხმება არ არის მიღწეული. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ტიკ-ტოკმა ამერიკული „განყოფილების“ წილები 17 სექტემბრამდე უნდა გაყიდოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია ამერიკაში აიკრძალება.

ამერიკის პარალელურად, ტიკ-ტოკის ოპერაციებს შეჩერების საფრთხე ემუქრება კანადაშიც. 2024 წლის ნოემბერში, კანადამ მოითხოვა კანადაში ტიკ-ტოკის ოპერაციების შეჩერება. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა ის ეროვნული უსაფრთხოების რისკები, რასაც ტიკ-ტოკის მფლობელი ჩინური კომპანიის, ByteDance Ltd.-ის საქმიანობა წარმოშობდა.

2 ივლისს, ტიკ-ტოკის აღმასრულებელმა დირექტორმა, შოუ ჩიუმ კანადის ინდუსტრიის მინისტრ მელანიე ჯოლის გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა შეხვედრას ტიკ-ტოკის შესახებ ფედერალური მთავრობის ბრძანებასთან დაკავშირებით. მინისტრთან მიმართვაში ჩიუ აღნიშნავდა, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, კომპანიას კანადაში ოპერაციების შეჩერება მოუწევს. კერძოდ, ის გაათავისუფლებს 350 კანადელ დასაქმებულს, შეწყვეტს პირდაპირ ინვესტიციებს და კანადელი კონტენტ კრეატორების მხარდაჭერას.

ტიკ-ტოკის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ ტიკ-ტოკის შესახებ კანადის წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გავლენით იქნა მიღებული. შესაბამისად, ჩიუს აზრით, წინა აღმასრულებელი განკარგულება „სხვა მთავრობის მიერ“ და „სხვა“ პირობებში დამტკიცდა. ამის გათვალისწინებით, აღმასრულებელი დირექტორი კანადის ახალ ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. თუმცა, ტიკ-ტოკის წარმომადგენლის ამ მოწოდებებს კანადის ოფიციალური პირების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

Scroll to Top