საქართველოს მთავრობამ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ (რიკოთის უღელტეხილი), პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების ჩატარების მიზნით 64 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.
„სამოქალაქო იდეა“ პერმანენტულად აქვეყნებს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში ჩართული ჩინეთის კომპანიების შესახებ ანგარიშებს.
გარემოს დაცვითი საკითხების უგულვებელყოფა, საერთაშორისო ფინანსური სკანდალები, კორუფციული გარიგებები და შედეგად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შავ სიებში მოხვედრა, იმ დარღვევათა არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც რიკოთის მონაკვეთზე მომუშავე ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები სხვადასხვა დროს აღმოჩენილან. მოცემულ შემთხვევაშიც, მაღალი ალბათობით, საქმე გვაქვს ა) კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი საკითხების გაუთვალისწინებლობასა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბ) დამკვეთის ანუ სახელმწიფოს მხრიდან, ცუდად შესრულებულ სამუშაოებზე არა ჯეროვან რეაგირებასთან, რაც ჯამში კორუფციის გონივრულ ეჭვს აჩენს.
ის რომ რიკოთის მონკავეთზე მგავსი სამუშაოები „საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურებას“ გამოიწვევდა, პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების 2017 წელს მომზადებულ ანგარიშშიც წერია. რამდენად გაითვალისწინა ეს დასკვნა მშენებელმა კომპანიამ, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარების გარეშე, რთული სათქმელია. თუმცა, რაც ფაქტია, მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესები მართლაც განვითარდა, ანუ კომპანიამ წინასწარ იდენტიფიცირებული რისკის მართვა და პრევენცია ვერ მოახდინა. იმავეს ადასტურებს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გეოლოგ არჩილ მაღალაშვილის კომენტარი რადიო თავისუფლებასთან, სადაც ის აცხადებს, რომ 2019 წელს დამკვეთს მოუმზადა ანგარიში, რომელშიც „ეწერა, რომ სტანდარტული მიდგომა, რომლითაც აპირებდნენ ადგილზე სამუშაოების წარმოებას, უსაფრთხოების გარანტირებულ შედეგს ვერ გამოიღებდა.“
განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების თავდაპირველი რეაქცია კომპანიის მიერ არაჯეროვნად შემუშავებულ სამუშაოებზე და ახალი 64 მილიონიანი ტენდერის გამოცხადება, ერთმანეთთან რადიკალურ წინააღმდეგობაშია. კერძოდ, 2023 წლის 13 მარტს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ: „მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყრულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია“ და რომ „სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.“ ანუ განცხადების მიხედვით, სამუშაოები რომლისთვისაც ახალი ტენდერი გამოცხადდა, მანამდე არსებული პროექტით იყო გათვალისწინებული (უბრალოდ ვერ მოესწრო დასრულება უხვი ნალექების გამო) და კომპანია ანაზღაურებას, საზედამხედველო ორგანოს მიერ სამუშაობის დადასტურების მიღების შემდგომ აიღებდა.
“სამოქალაქო იდეამ” შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან უკვე გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე, რომელთა პასუხებს აუცილებლად მიაწვდის საზოგადეობას:
- ჩაერიცხა თუ კონტრაქტორს პროექტით გათვალისწინებული თანხის სრული მოცულობა? და თუ ჩაერიცხა, რატომ არ შეასრულა მან პროექტით გათვალისწინებული ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოები, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, პროექტის ნაწილი უნდა ყოფილიყო?
- რა დამატებითი გარემოებები გახდა ცნობილი დღეს საქართველოს მთავრობისთვის, სამუშაოების დასრულებულად გამოცხადების პომპეზური ღონისძიებისა და გზის ოფიციალურად გახსნის შემდეგ?
- ეფუძნება თუ არა ახლად გამოცხადებული ტენდერი, შესაბამისი კვლევისა და მონიტორინგის შედეგებს? ჩატარდა თუ არა ყველა სათანადო, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების კვლევა მიმდინარე ტენდერის ტექნიკური მოთხოვნების ჩამოსაყალიბებლად?
- დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს მთავრობამ, აღნიშნული ტენდერის საჭიროების, როგორც გარემოზე ზემოქმედების, ისე ფინანსური მიზანშეწონილობის შეფასება.