ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” დაპირებები გრძელდება. მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლების არაერთი განცხადებისა, პროექტის კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესის შესახებ დეტალები კვლავ ბუნდოვანია.
2025 წლის 20 იანვარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პორტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო ინვესტორთან. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს ახალი მოთამაშეები ემატება და აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას თებერვალში მიეწოდება. ასევე, დავითაშვილის განცხადების თანახმად, პრეტენდენტის მიერ წინადადების დაზუსტების მორიგ თარიღად განისაზღვრა აპრილი. ამგვარად,
- მოლაპარაკებების შესახებ დეტალების, მათ შორის, კონსორციუმის ახალი წევრების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაცნობის თარიღად განისაზღვრა თებერვალი;
- ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიერ, განახლებული წინადადების წარდგენის თარიღად განისაზღვრა აპრილი.
მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით “დამატებითი დეტალების” საზოგადოებისთვის გაცნობის თარიღი აქამდე არაერთხელ შეიცვალა. ლევან დავითაშვილი გასულ წელს საზოგადოებას რამდენჯერმე დაპირდა პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შესახებ:
- ჯერ კიდევ 2024 წლის 29 მაისს, ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად გამოცხადდა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ლევან დავითაშვილის განცხადების მიხედვით, კონსორციუმი რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა ოფიციალურ გამარჯვებულად. აღნიშნული დაპირებიდან გავიდა თითქმის 8 თვე და კერძო ინვესტორთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
- 2024 წლის 8 ოქტომბერს, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართებოდა საჯარო პრეზენტაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ასევე, მან განაცხადა, რომ პრეტენდენტთან მიმდინარე “ინტენსიური” დიალოგი “მალე” დასრულდებოდა. ამ განცხადებიდან თითქმის 4 თვე გავიდა და დაპირებული “დიდი პრეზენტაციაც” მივიწყებას მიეცა.
გარდა მოლაპარაკებების პროცესისა, დამატებითი კითხვები ჩნდება ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გაფართოებისა და პროექტში კერძო ინვესტორების სახით ახალი კომპანიების ჩართვის პროცესის შესახებ. როგორც სამოქალაქო იდეას წინა ანგარიშში წარმოგიდგინეთ, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის ჩვენთვის ცნობილი წევრები – China Communication Construction Company Limited და China Harbour Investment Pte. Ltd – საერთაშორისო დონეზე საეჭვო რეპუტაციით სარგებლობენ. აქამდე არსებული პრაქტიკა კი ცხადყოფს, რომ ქართული ოცნება ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიების შერჩევისას სათანადო პასუხისმგებლობით არ გამოირჩევა. შესაბამისად, ამ “ახალი მოთამაშეების” ვინაობაც შესაძლოა ანაკლიის პროექტისთვის მორიგი რისკების საფუძველი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ ლევან დავითაშვილის 20 იანვრის განცხადებას მოჰყვა “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულების დადების პროცესი “ინტენსიურ ფაზაშია შესული”. ასევე, მისი თქმით, ამ დღეებში კონსორციუმის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ და “ინტენსიურ მოლაპარაკებებს” აწარმოებენ ლევან დავითაშვილთან. მიუხედავად მოლაპარაკებების “ინტენსიურობისა”, როგორც დავითაშვილის ზემოთ ხსენებულმა განცხადებამ ცხადყო, კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესი სულ მცირე 2025 წლის აპრილამდე გაგრძელდება.
“ქართული ოცნება” ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ანაკლიის პორტის პროექტს საკუთარი “წარმატების” მაგალითად ასახელებდა. მსგავსი რიტორიკა საპარლამენტო არჩევნების შემდგომაც გაგრძელდა და არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას, ანაკლიის პროექტზე ამახვილებენ ყურადღებას. საყურადღებოა, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის 150 მილიონი ლარია გამოყოფილი. მიუხედავად აღნიშნული რიტორიკისა, კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესის დინამიკა პროექტის წარმატებასთან დაკავშირებით საფუძვლიან ეჭვებს აჩენს.
რატომ გაჭინაურდა კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესი?
კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესის თითქმის 1 წლით გაჭინაურების ოფიციალური მიზეზი ჩვენთვის უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, დაბრკოლებას შეიძლება იწვევდეს შემდეგი საკითხები:
- ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის წევრი კომპანიის, China Communication Construction Company Limited, საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ China Communication Construction Group-ს ეკუთვნის. შერჩევის პროცესზე დაუშვებლობის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით:
“შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი პირდაპირ ან ირიბად ფლობს 30%-ზე მეტ წილს.”
შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს, როგორიცაა China Communication Construction Company Limited, არ აქვთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევად გამოცხადებულ სატენდერო პროცესში მონაწილეობის უფლება.
სავარაუდოდ, მოლაპარაკებების პროცესში, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს და კონსორციუმში ახალი პარტნიორების დამატების აუცილებლობაც ამ საკითხმა წარმოშვა.
2. პირველადი განაცხადის მიხედვით, HSBC ბანკი მითითებული იყო ფინანსურ გარანტად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ინსტიტუტი არ აძლევს ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს ფინანსურ გარანტიას, რის გამოც პროცესი ყოვნდება.
3. ქართული ოცნების ანტი-დასავლური პოლიტიკური კურსის გამო საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის კერძო პარტნიორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გამოცხადებამ შესაძლოა საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიოს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მღელვარების და ესკალაციის პრევენციისთვის ქართული ოცნება შესაძლოა პროცესს აჭინაურებს.