როგორ პასუხობს ავსტრალია ჩინეთიდან ექსპორტის შემცირებას

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ თუ მისი პარტია მოიგებს მომავალ არჩევნებს, ის 1.2 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს დახარჯავს კრიტიკული მინერალების სტრატეგიული მარაგის შექმნაზე. ეს დაპირება მოჰყვა ჩინეთის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პეკინმა დააწესა საექსპორტო შეზღუდვები შვიდ იშვიათ ელემენტზე, რომლებიც აუცილებელია ელექტრომობილების, გამანადგურებლების და რობოტების წარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის შეზღუდვები ყველა ქვეყანას შეეხება, ეს ნაბიჯი ფართოდ აღიქმება, როგორც პასუხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე.

იშვიათი წიაღისეულები მოიცავს 17 ქიმიურ ელემენტს, რომლებსაც „იშვიათს“ იმიტომ ეძახიან, რომ მათი მოპოვება და გადამუშავება რთულია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ელემენტები იშვიათი არ არის. ელემენტები, როგორიცაა სამარიუმი და ტერბიუმი, აუცილებელია ტექნოლოგიების წარმოებისთვის. შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული რესურსები მსოფლიო ბაზრის მომავალს განსაზღვრავს.

ჩინეთი და ავსტრალია იშვიათი წიაღისეულების საბადოებს ფლობენ, თუმცა გლობალური გადამუშავების დაახლოებით 90%-ს ჩინეთი აკონტროლებს. სწორედ გადამუშავების ეტაპის შედეგად შესაძლებელი ხდება მინერალების გამოყენება ტექნოლოგიების წარმოებაში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის უუნარობამ, უზრუნველყო წიაღისეულებზე საიმედო მიწოდების წყარო, მინერალების საკითხი ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ უმთავრეს ფოკუსად აქცია, განსაკუთრებით აშშ-ჩინეთის დიპლომატიური დაძაბულობის ზრდის ფონზე. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 2019-2022 წლებში აშშ-ის იმპორტირებული იშვიათი წიაღისეულების მარაგის 75% ჩინეთიდან შემოდიოდა.  აღსანიშნავია, რომ ახლახანს აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა „ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“, რომელიც ვაშინგტონს მისცემს წვდომას კიევის მინერალურ რესურსებზე, ხოლო სანაცვლოდ უკრაინაში საინვესტიციო ფონდი დაარსდება.

Iron Ore Research-ის დირექტორმა ფილიპ კირხლეხნერმა BBC-ს განუცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაგვიანებით აღიარეს იშვიათი წიაღისეულების მნიშვნელობა. ამან ჩინეთს შესაძლებლობა მისცა სწრაფად მოეპოვებინა მონოპოლია გადამუშავების დარგში.  ექსპერტის აზრით, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ავსტრალიური მარაგების გაზრდას, როცა ჩინეთს კვლავ აქვს კონტროლი მარაგების გადამუშავების ეტაპზე. ლითიუმი, რომელიც იშვიათ წიაღისეულს არ წარმოადგენს, მაგრამ აუცილებელია ელექტრომობილებისა და მზის პანელების ბატარეების წარმოებისთვის, ამ ტენდენციის კარგი მაგალითია. ავსტრალია აწარმოებს მსოფლიოს ლითიუმის 33%-ს, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს ამუშავებს და ექსპორტზე გააქვს. ჩინეთი კი მოიპოვებს მსოფლიოს ლითიუმის 23%-ს, თუმცა ამუშავებს 57%-ს.

მიუხედავად ინიციატივისა ავსტრალიამ გაზარდოს მოპოვებისა და გადამუშავების შესაძლებლობები, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანახმად, ავსტრალია, სავარაუდოდ, ჩინეთის გადამუშავებაზე დამოკიდებული დარჩება სულ მცირე 2026 წლამდე.

ავსტრალიურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში ჩინეთის ელჩმა კანბერაში გააკრიტიკა ვაშინგტონის გლობალური სავაჭრო პოლიტიკა და ავსტრალიას მოუწოდა „გაერთიანდეს“ პეკინთან. ჩინეთის მოწოდებას ავტრალია მალევე უარყოფითად გამოეხმაურა. 

ავსტრალია ბუნებრივ რესურსებს ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებშიც იყენებს. მაგალითად, რამდენიმე ტიპის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალის ექსპორტი განთავისუფლდა ავსტრალიური პროდუქციის უმეტეს ნაწილზე დაწესებული 10%-იანი ტარიფისგან.

ექსპერტები თვლიან, რომ ალბანეზეს გეგმა ძირითადად ავსტრალიისა და მისი მოკავშირეების ჩინეთისგან შესაძლო საფრთხეებისგან დაცვისკენ არის მიმართული. Natixis-ის მთავარმა ეკონომისტმა ალისია გარსია-ჰერერომ BBC-ს განუცხადა, რომ ალბანეზეს სტრატეგია „უფრო დახვეწილია“ წინა გეგმებთან შედარებით, რადგან ის ქვეყანას საშუალებას მისცემს ეკონომიკური დაძაბულობის დროს საერთაშორისო ბაზარზე გაიტანოს თავისი რესურსები.

ჩინეთის შემცირებული ექსპორტის პირობებში, გარსია-ჰერეროს თქმით, ავსტრალია მეტ მინერალს გაყიდის ბაზარზე, რაც ჩინეთის გავლენას შეასუსტებს. თუმცა, ექსპერტის თქმით, ავსტრალია ჩინეთის სრულ ჩანაცვლებას ვერ შეძლებს.

Scroll to Top