რუსული პროპაგანდის ახალი ტალღა: ბრიქსი, როგორც ევროკავშირის ალტერნატივა

15 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, საქართველოში “ბრიქსის” ინვესტორებს იწვევს და მათ ქვეყანაში გასაყიდი ბიზნესების შეძენას სთავაზობს. “ქართული ოცნების” ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ფონზე, საქართველოში “ბრიქსის” ინვესტორების შემოსვლა შემაშფოთებელია და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ანტიდასავლურ ბლოკ “ბრიქსში“ გაწევრიანება შესაძლოა“ოცნების” სტრატეგიულ მიზნად იქცეს.

მიმდინარე წლის 15 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე, აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ხელს უწყობს “ბრიქსის“ ქვეყნების ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის შეძენაში. ამ მიზნით, მან დააფუძნა საშუამავლო კომპანია “ბიზავი” (BIZAVI), რომელიც ინვესტორებს  შესაბამის ბიზნეს შესაძლებლობებს სთავაზობს რუსეთში, სომხეთში, ყაზახეთსა და საქართველოში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან, ოთარ ფარცხალაძე საინვესტიციო პლატფორმა „ბრიქსის საერთაშორისო ბიზნეს ბროკერის“ ხელმძღვანელია.

„ბრიქსი“, როგორც დასავლეთის მიერ დომინირებული მსოფლიო წესრიგის ალტერნატივა –  2009 წელს რუსეთის, ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდოეთის მიერ დაფუძნდა. ამჟამად, ბლოკის წევრთა რაოდენობა 10-ს სცილდება და მოიცავს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილი, მათ შორის  ირანს. ბლოკის წევრები საჯაროდ აცხადებენ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ძირითადად დასავლური ძალების მიერ არის დომინირებული და უგულებელყოფს განვითარებადი ქვეყნების ინტერესებს. შესაბამისად, „ბრიქსის“  მიზნები მოიცავს:
– მსოფლიო წესრიგში გლობალური სამხრეთის როლის გაზრდას;
– წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციას;
– ამერიკულ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას;
– ალტერნატიული ფინანსური სისტემის შექმნას.

ქართული საინფორმაციო სივრცის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს „ბრიქსში“ გაწევრიანების პერსპექტივის საკითხზე რუსული პროპაგანდისტული მანქანა უკვე ამოქმედებულია. 2024 წლის 27 ოქტომბერს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა კრემლის მთავარმა იდეოლოგმა, ალექსანდრე დუგინმა, რომლემაც მმართველ პარტიას რჩევებიც მისცა:

„ქართულ ოცნებას“ სჭირდება სტრატეგია… მათ შეუძლიათ საქართველო კვლავ დიდებულად აქციონ… და „ბრიქსში“ გაწევრიანდნენ“.

საინტერესოა, რომ სწორედ 2024 წლიდან  „იმედის“ „საექსპერტო“ საზოგადოებამ დაიწყო „ბრიქსში“ გაწევრიანების შესახებ საუბარი და სხვადასხვა რუსული ნარატივების გავრცელება.  პროპაგანდის გავრცელებით და განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა  2012-2016 წლის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ – თემურ მაისურაძე.  2024 წლის 4 ნოემბერს, ერთ-ერთ ინტერვიუში, მაისურაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს „ბრიქსში“ გაწევრიანებას კონსტიტუციის 78-ე მუხლი აფერხებს. მისი თქმით, „ბრიქსი არის მისწრება“ საქართველოსთვის, „ამაზე უარის თქმა სამშობლოს ღალატია“ და „ამ გაერთიანების წევრები აუცილებლად უნდა გავხდეთ“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კონსტიტუციური ჩანაწერის წინააღმდეგ ბრძოლას დიდი ხანია მიზანმიმართულად და დაჟინებით აწარმოებს „იმედის“ დამფუძნებული და მფლობელი, „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტი ირაკლი რუხაძე.

„მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი… ეს არის აყვანილი საკლარულ დონეზე, დოგმატურ დონეზე… რატომ წერია იმ კონსტიტუციაში, ეს საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავთ, არ უნდა ჩაგვეწერა, რა უნდა ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია.“

(ირაკლი რუხაძე, ტვ იმედი, 14 ივლისი, 2024)

„იმედის“ კიდევ ერთი „ექსპერტი“ დავით ჩიხელიძე, 23 დეკემბერს წერდა: „საქართველოს აქვს პოტენციალი, ახალ გაერთიანებაში საკუთარი ნიშა დაიკავოს, რადგან „ბრიქსი“ არის წმინდად ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც კონკრეტული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში არ ერევა“. საინტერესოა, რომ ქართველი პროპაგანდისტების მიერ „ბრიქს“-ის შესახებ გავრცელებულ გზავნილებში ხშირად არის ხაზგასმული, რომ „ბრიქსი“ „ევროკავშირისგან განსხვავებით“, მხოლოდ „ეკონომიკურ“ თანამშრომლობას ეფუძნება. 

რა შეეხება თავად „ბრიქსს“, საქართველო მისი ინტერესის საგანი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის შემდეგ გახდა. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებული ერთადერთი სტატია 2024 წლის 29 ნოემბერს არის გამოქვეყნებული –  ანუ „ქართული ოცნების“ პრემიერის მიერ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილების გამოქვეყნების მეორე დღეს.  სტატია სათაურით „დასავლეთი კვლავ ცდილობს გადატრიალების მოწყობას საქართველოში“ სრულად მიჰყვება რუსულ ნარატივს და პროგნოზირებს, რომ პროტესტი დამარცხდება:

„დასავლეთი საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობას ცდილობს და „ქართული ოპოზიციის პროტესტი“ საბოლოოდ „დამარცხდება“.

ცხადია, რომ ბლოკი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ოკუპანტი რუსეთია, ვერ იქნება „აპოლიტიკური“ და მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული გაერთიანება. შესაბამისად, არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ „ბრიქსი“ არც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სცემს პატივს. 2024 წლის ივნისში, „ბრიქს“-ის წევრი ქვეყნების მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაზე, საქართველოს დროშასთან ერთად აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. „დროშებიც“ გამოჩნდა. ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური და მზარდად პრო-ჩინური თუ პრო-რუსული საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილის ხელისუფლება „ბრიქსს“ ევროკავშირის ალტერნატივად განიხილავდეს.

Scroll to Top