კოვიდ პანდემიამ და მის ფონზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვამ, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა და დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, საზოგადოებაში ათწლეულობით გამჯდარი უთანასწორობისა და რასიზმის ღრმა და დაფარულ პრობლემას ახადა ფარდა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობით ცდილობს განავითაროს უმცირესობების მიმართ თანასწორობის პოლიტიკა, კვლავ პრობლემად რჩება მულტირელიგიური და მულტიეთნიკური სახელმწიფოს მშენებლობა და უმცირესობის თემის რეალური ინტეგრაცია.
გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დღემდე, საქართველომ ვერ დაძლია ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ნარატივი, რომ ,,ქართველი ნიშნავს ქრისტიანს“, ხოლო სხვა დანარჩენი არის ,,სტუმარი“ და ,,სხვა“. დისკურსი – ,,ჩვენ“ და ,,სხვები“ სხვა უმცირესობების მსგავსად საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემზეც ვრცელდება, თუმცა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მძაფრად სწორედ მათ შეეხო. საზოგადოების მიერ აზერბაიჯანული თემის ,,უცხოდ“ მიჩნევას, განსხვავებული ეთნოსისადმი კუთვნილების პარალელურად, აადვილებს ხშირად ქართული ენის არცოდნა და ისლამის მიმდევრობა. დომინანტური ეთნოსის თვალში, აზერბაიჯანული თემი სტერეოტიპულად, ჩამორჩენილ და ნაკლებად განვითარებულ სუბიექტად მიიჩნეოდა და მიიჩნევა. ერთ-ერთი აზერბაიჯანელი აქტივისტის – ქამრან მამედლის აზრით, ისინი იყვნენ მოთვინიერებული ,,განცხვაროსნებული“ თემი.
თემის ინტეგრაციის დაბალი დონე, ბევრი ჩინოვნიკისა თუ პოლიტიკოსისთვის, როგორც წესი აზერბაიჯანული თემის ბრალია და ბრალდების ხაზი სახელმწიფო ენის არცოდნაზე გადის. ხოლო ენის არცოდნის პრობლემა იმდაგვარად არის წარმოდგენილი, თითქოს, თავად თემს არ სურს სახელმწიფო ენის შესწავლა და ინტეგრაცია.
სახელმწიფო უმცირესობების თემს ექსკლუზიურად უსაფრთხოების პოლიტიკის პრიზმიდან უყურებს. ამგვარი მიდგომის საფუძველი კი გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბებული ნარატივია, რომ თითქოს აზერბაიჯანულ თემში, ზუსტად ისევე როგორც სომხურ თემში, არსებობდა სეპარატიზმის საფრთხე. აქვე სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ არასოდეს, არც ერთი ხელისუფლებისთვის აზერბაიჟანულ თემს რაიმე კონკრეტული, ხელშესახები მიზეზი არ მიუცია და სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა მათი ლოიალობა ქართული სახელმწიფოს მიმართ ზუსტად ისევე გაგვეზომა, როგორც საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი სხვა ეთნოსის, ქართველების ჩათვლით.
ეთნიკურ-რელიგიური ნაციონალიზმის გაღრმავების საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესიის მიერ უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ,,ქრისტიანულ ტერიტორიად“ მონიშვნაზე მიუთითებს ქვემო ქართლში ადგილობრივი ეპარქიისა და სამღვდელოების აქტიურობა და მუსლიმურ სოფლებში ქრისტიანული ჯვრების აღმართვის ტენდენცია.
აზერბაიჯანული თემის მიმართ პანდემიის დროს გამოვლენილ ქსენოფობიურ განცხადებებთან ერთად, ეთნორელიგიური ნაციონალიზმის ნარატივის გაგრძელებას წარმოადგენს ნარიმან ნარომანოვის ძეგლთან დაკავშირებული პერიპეტიები და დავით გარეჯის საკითხი. ამ საკითხების უკან, კულტურული განზომილების გარდა, გადამალულია სწორედ პოლიტიკური რეპრეზენტაციის, მონოეთნიკური და მონორელიგიური დომინაციის საკითხი.
ანგარიში ?
საგანგებოობანას-ვირუსი-ნაწილი-II