პირველ რიგში, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ სამოქალაქო იდეა საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ანტი-კორუფციული მონიტორინგისა და საქართველოში უცხო ქვეყნების გავლენების, მათ შორის ეკონომიკური გავლენების პრევენციის შესახებ მუშაობს. ჩვენი საქმიანობის 6 წლის მანძილზე მონიტორინგისა და კვლევების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში არსებული ჩინური კომპანიები და მათ მიერ შესრულებული ან ვერ შესრულებული საქმიანობაა. შესაბამისად, ბევრი საკითხი, რომელზეც მინისტრი ქარსელაძე საუბრობდა, სწორედ ჩვენი ანგარიშებიდან გაიგო საზოგადოებამ. იმისათვის, რომ არავინ შევიდეს შეცდომაში და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, აუცილებლად მიგვაჩნია წინამდებარე განცხადებით შევეხმიანოთ მინისტრის განცხადებებს.
ჩვენ პოლიტიკურ დებატებში არ ვმონაწილეობთ, შესაბამისად დღეს მინისტრ ქარსელაძის განცხადებების მხოლოდ იმ ნაწილს ვეხმიანებით, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშებში იყო ასახული და ჩვენს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს შეეხება. კერძოდ, ეს გახლავთ საერთაშორისო აუდიტის მოთხოვნა და ქვეყანაში სახელმწიფო კონტრაქტების მინიჭების პროცესში მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების შექმნა.
აუდიტი:
მინისტრმა ბევრი ისაუბრა მონიტორინგის სისტემაზე, ასევე აუდიტის მექანიზმებზე, რომელსაც „დიდი ოთხეულის“ კომპანია უწევს რიკოთის პროექტს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განცხადებები მნიშვნელოვანია, მას არაფერი აქვს საერთო ჩვენს მოთხოვნასთან, ვინაიდან ჩვენ უკვე წლებია, არა ფინანსურ, არამედ გარემოსდაცვით საერთაშორისო აუდიტს ვითხოვთ. რადგან იმის მიუხედავად არსებობს თუ არა საფუძვლიანი და დასაბუთებული ბრალდებები კორუფციად საშიში გარიგებების შესახებ, უპირველესი და უმწვავესი საკითხი რიკოთის შემთხვევაში მისი უსაფრთხოებაა.
დღეს საქართველოს წინაშე მდგომი მთავარი გამოწვევა და ამოცანაა სრულიად ერთმნიშვნელოვანი გარანტიების არსებობა, ამ ნამდვილად უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის უსაფრთხოების შესახებ. ყველაფერი სხვა გარკვეულწილად მეორეხარისხოვანია. ასეთი გარანტიების შექმნა კი მხოლოდ დანოუკიდებელი საერთაშორისო გარემოსდაცვითი მონიტორინგის მექანიზმის გამოყენებით არის შესაძლებელი.
მიუხედავად ბატონი ქარსელაძის ნახევარ საათიანი მონოლოგისა, რაც საზოგადოებასთან კომუნიკაციის მცდელობად უნდა შეფასდეს (11 აგვისტოს მედია მონოლოგი თავისთავად უკვე დადებითი მოვლენაა. კაბინეტებში დამალვის ნაცვლად ამგვარი ახსნა-განმარტებების კეთების საჭიროების გაცნობიერება მისასალმებელია), მას არავითარი ვალდებულება ინფორმაციის საჯარობააზე და პროცესის გახსნილობაზე არ აუღია. მართალია ჩვენ მოვისმინეთ, რომ გზების დეპატამენტი 24 საათიან მონიტორინგს ახორციელებსო, მაგრამ ამ მონიტორინგის შედეგებს დღის სინათლე არ უნახავს.
მინისტრის სიტყვების დამაჯერებლობისთვის, და რაც უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების სიმშვიდისთვის უკიდურესად აუცილებელია ყველა სიტყვის ინფორმაციული და ფაქტობრივი დადასტურება.
მონიტორინგის შედეგები რომელზეც მინისტრი საუბრობს, რეგულარულად უნდა ქვეყნდებოდეს და ექსპერტებისა და დაინტერესებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
სანქციები:
უკიდურესად მანიპულაციური და მდარე ხარისხის პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებას ჰქონდა ადგილი მინისტრის მხრიდან სანქციების საკითხზე საუბრისას. დავიწყოთ მის მიერ ნათქვამი ნახევარსიმართლით, მან აღნიშნა ტენდერები მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარდა, რასაც ჩვენც ვადასტურებთ, თუმცა ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება როგორ იმარჯვებენ ასეთ ტენდერებში ყველაზე უფრო საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიები.
რა გვითხრა მინისტრმა?
1. სანქციებით შეზღუდვა არ არის მის მიერ ჩამოთვლილი, სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის გადამწყვეტი, ბევრი დოკუმენტიდან არც ერთში ვალდებულებად;
2. ჩემებს გადავამოწმებინე და 2023 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით არც ერთი კომპანია არ არის სანქცირებულიო.
პრობლემა რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ დაადასტურა მინისტრმა – საქართველოს ხელისუფლებისთვის, სანქცირების ისტორია არ არის შემაფერხებელი ფაქტორი. უფრო მეტიც, არც შესყიდვების ახალ კანონში, რომელიც პარლამენტმა 2023 წელს მიიღო, საერთაშორისო სანქციების ან საერთაშორისო შავი სიების საკითხი მოხსენიებულიც კი არ არის, არც ერთი კომიტეტისგან არავითარი პასუხი არ მიგვიღია ჩვენს მიერ წარდგენილ ცვლილებებზე, შეთავაზებებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითების გაზიარების აუცილებლობაზე.
სრულიად გაუგებარია რაში სჭირდებოდა მინისტრს 10 აგვისტოს მონაცემების გადამოწმება რიკოთზე სამუშაოებით დაკავებულ ჩინურ კომპანიებთან მიმართებაში, თუ არა მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სინამდვილეში ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ გახლავთ კომპანიების რეპუტაცია, მანამდე განხორციელებული სამუშაოები და სანქციების/შავი სიების საკითხი კონტრაქტის მინიჭებამდე.
დაინტერესებულ საზოგადოებას წარმოგიდგენთ, ძალიან მოკლედ, ინფორმაციას რიკოთზე მომუშავე ჩინური კომპანიების შესახებ. უფრო მეტი, მათი საგმირო საქმეების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს კვლევებში www.civicidea.ge
1) კომპანია Sinohydro ამ თვალსაზრისით, აბსოლუტური რეკორდსმენია. კომპანია საქართველოში 2013 წლიდან საქმიანობს სხვადასხვა სექტორებსა და სფეროებში: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებიდან – გზების მშენებლობამდე. შესაბამისად საქართველოს მთავრობისგან მიღებული აქვს მრავლობითი ლიცენზიები და კონტრაქტები.
სწორედ იმ პერიოდში როდესაც საქართველოს მთავრობა კომპანიას კონტრაქტებსა და ლიცენიზიებს აძლევდა (2013-2019 წ) – მსოფლიო ბანკმა კონგოში, მალიში, ყირგიზეთში, ფილიპინებსა და მალაიზიაში, ასევე აფრიკის ქვეყნებში თაღლითური და კორუფციული პრაქტიკის გამო Sinohydro Corporation Limited-ის სანქცირება მოახდინა, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შავ სიაში ყავდათ შეყვანილი. კომპანიას საერთაშორისო მედია „კორუფციის ძეგლს“ უწოდებს მალაიზიაში მრავლობითი სკანდალების გამო. 2019 წელს სომხეთში დაპატიმრების ორდერები გაიცა ყალბი კონტრაქტების გაფორმების გამო სინოჰიდროს პროექტზე ტალიმ-გიუმრის გზის მშენებლობისთვის.
შეგახსენებთ ეს ის კომპანიაა, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს მთავრობას რამდენიმეჯერ თავად მოუწია საჯარიმო სანქციების გამოყენება გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო. თუმცა 2020 წელს 25 დეკემბერს კვლავ გამოჩნდა ახალ ამბებში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
„საქართველოს მთავრობა ჩინურ კორპორაცია “სინოჰიდროსთან” აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის კიდევ ერთ კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების ღირებულება 264,992,488 ლარი იქნება და მის ფარგლებში ჩინურმა კორპორაციამ ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის (კმ 7+700 – კმ 14+060) მონაკვეთი უნდა ააშენოს. „
2) China Railway 23 Bureau Group Co., Ltd – კომპანიის საგმირო საქმეებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღარ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, აქ მხოლოდ იმაზე შევჩერდებით, რომ 2019 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა 9 თვიანი აკრძალვა დააწესა ჩინურ კომპანიებზე. კერძოდ, ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამშენებლო და საინჟინრო კომპანია და მისი სრულუფლებიანი შვილობილი კომპანიები, China Railway 23 Bureau Group Co., Ltd. (CR23) და China Railway Construction Corporation (International) Limited (CRCC International) აღმოჩნდნენ აკრძალვის რეგულაციის ქვეშ სწორედ საქართველოში განხორციელებული პროექტების გამო.
აკრძალვა დაკავშირებული იყო საქართველოში „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში არსებულ გადაცდომებთან.
კომპანია კვლავაც აგრძელებს საქმიანობას საქართველოში.
3) China Road and Bridge Corporation – მსოფლიო ბანკმა სანქციები დაუწესა China Road and Bridge Corporation-ს ფილიპინების ეროვნული გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამასთან (NRIMP 1) დაკავშირებული თაღლითური პრაქტიკის გამო.
4) China State Construction Engineering Corporation – მსოფლიო ბანკმა შპს China State Construction Engineering Corporation შავ სიაში შეიყვანა ფილიპინებში შეთქმულების პრაქტიკასა და კორუფციულ სკანდალში მონაწილეობის გამო, რომელიც ეხებოდა ფილიპინების ეროვნული გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამას. 2020 წ – ტრამპის ადმინისტრაციამ CSCEC კიბერ ჯაშუშობაში დაადანაშაულა, ხოლო აშშ-ში რეგისტრირებულ სუბიექტებს აუკრძალა, გამხდარიყვნენ CSCEC-ის აქციონერები.
5) China Nuclear Industry 23 Construction Co., LTD – 2019 წ – CNI23-ის ძირითადი თანაინვესტორი, China General Nuclear Power Engineering Co., Ltd. (CGN) ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის შავ სიაში მოჰყვა სამხედრო მიზნებისთვის ამერიკული ტექნოლოგიების მოპარვის ბრალდებების გამო.
6) HUNAN ROAD AND BRIDGE CONSTRUCTION GROUP CO LTD – – უხარისხო მშენებლობის გამო, ჩინეთში მდებარე 328 მეტრიანი ტუოჯიანგის (Tuojiang) ხიდი ჩამოინგრა. რის შედეგადაც დაიღუპა 64 ადამიანი, 22 დაშავდა, ხოლო ეკონომიკურმა ზარალმა 39,747 მილიონ იუანს (დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარი) მიაღწია.
ადგილობრივი ხელისუფლების 20 წარმომადგენელსა და HNRB-ის ბორდის წევრებს, ქრთამის აღების, ბოროტმოქმედების, დაუდევრობისა და ორგანიზებული დანაშაულისთვის ჩინეთში 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გზების მშენებლობაზე მომუშავე ჩინური კომპანიები არ არის ჩვენი ერთადერთი პრობლემა. უფრო ფართო სურათისთვის აქვე გთავაზობთ მცირე ამონარიდებს ჩვენი ანგარიშებიდან, საქართველოში „მოღვაწე“ სხვა ჩინური კომპანიების შესახებაც, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების კეთიულგანწყობით სარგებლობენ, მაგრამ უკიდურესად მძიმე და პრობლემური საერთაშორისო რეპუტაცია აქვთ.
7) Nuctech Company Limited (ემსახურება სკანერების სისტემით საქართველოს საზღვრებს) – ევროკავშირმა Nuctech Company Ltd. დემპინგში დაადანაშაულა და Nuctech-ის სკანირების სისტემების იმპორტზე ანტიდემპინგური გადასახადი დააწესა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში , სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ (TSA) თავდაპირველად Nuctech–ის დანადგარები 2014 წელს აკრძალა და მის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საიდუმლო დოკუმენტის სახით კომპანიის გადაცდომების დეტალური მიმოხილვა წარმოადგინა, რასაც სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან მათ მომსახურებაზე შეზღუდვების დაწესება მოჰყვა.
ერთ-ერთი ბოლო იყო ლიეტუვა, რომლის ხელისუფლებამ 2021 წელს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, ლიეტუვის სამი საერთაშორისო აეროპორტისთვის Nuctech-ის აღჭურვილობის მიწოდების აკრძალვაზე.
8) Motor Sich (ურთიერთობები დამყარდა დღევანდელი პრემიერის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში) – 2021 წ – ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალს დაემატა ჩინური „Skyrizon Aviation Industry Investment Co. Ltd“ (Motor Sich– ის მშობელი კომპანია). პრეზიდენტ ტრამპის საგარეო უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ბოლტონი პირდად ჩავიდა უკრაინაში და სჯარო განცხადებები გააკეთა კომპანიის უკრაინულ ბაზარზე შესვლის შემთხვევაში მოსალოდნელი გართულებების შესახებ, რასაც მყისიერად მოჰყვა იმავე 2021 წ,- უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ბრძანება ჩინეთის „Skyrizon“-ისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
მიუხედავად ამისა, იმავე 2021 წელს მინისტრმა ღარიბაშვილმა მზაობა გამოაცხადა „Motor Sich – თან თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზების“ მიზნით და შესაბამისი შეთანხმებებიც გაფორმდა.
9) CEFC China Energy Co– კონგლომერატის ხელმძღვანელი Ye Jianming, ნიუ-იორკში რამდენიმე ბრალდებით დააკავეს. 2018 წელს ის გაუჩინარდა და სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიამ აიღო CEFC უცხოური აქტივები. CEFC საქართველოს სამი პრემიერის აქტებით ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-ის მესაკუთრეა. ამ აქტების ნაწილი, მათ შორის ამერიკაში დაპატიმრებების დაწყების შემდეგ არის გამოქვეყნებული პრემიერ გახარიას მიერ პირობების შეუცვლელად და ჩინური კომპანიისთვის ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საკუთრების შენარჩუნებით.
2020 წ – CEFC ოფიციალურად გაკოტრებულად გამოცხადდა, ის უბრალოდ აღარ არსებობს, ხოლო ყველა პირი, რომელიც ოდესმე მასთან იყო დაკავშირებული (დირექტორი, საბჭოს წევრები, მაღალი რანგის ფინანსური ოფიცრები) ან პატიმრობაშია ან გამქრალია. თუმცა საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მთავრობა ყველა უფლებისა და შესაძლებლობის არსებობის მიუხედავად არ რეაგირებს, ხოლო სასამართლოები არც გაკოტრების დოკუმენტებს აღიარებენ არც რაიმე სხვა მტკიცებულებას და ურჩად ტოვებენ ქონებას CEFC -ის საკუთრებაში. არ გაგიკვირდებათ ალბათ თუ გაიგებთ რომ ამის მიზეზი უკიდურესად ტრივიალურია.
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას მართავს კომპანია რომლის ინტერესებიც, დოკუმენტურად დადასტურებულად, ივანე ჩხარტიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
12 აგვისტო, 2023, თბილისი