დღეს სამთავრობო არხებმა დაიწყო მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია “სამოქალაქო იდეას” და ორგანიზაციის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ.
პრო-სამთავრობო მედიების ნარატივი ხელისუფლების ბოლოდროინდელი პრაქტიკის გაგრძელებაა – ვინც კრიტიკული კითხვებს სვამს, მათ “ანტისახელმწიფოებრივად” აცხადებენ, რათა რეალური პრობლემები საჯარო ყურადღების მიღმა დარჩეს. შესაბამისად, ამ კამპანიის მთავარი მიზანია კვლევის შინაარსისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გადაფარვა.
მოკლედ გთავაზობთ კვლევის შინაარსიდან მნიშვნელოვან მონაკვეთებს.
1. ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის მკვეთრი ზრდის ტენდენცია:
ბოლო წლებში, ირანიდან საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ,
თუ 2020 წელს ირანული იმპორტის მოცულობა 45 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და 285 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
2021 წელს საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 154 პროცენტით გაიზარდა და 3413 ტონას შეადგენდა.
საყურადღებოა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ირანიდან საქართველოში ნავთობის ექსპორტის მზარდი ტენდენცია ცხადად მიუთითებს თეირანის ირიბ ფინანსურ მხარდაჭერაზე.
2. ირანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის შესახებ აშშ-ის ოფიციალური გაფრთხილება:
მიმდინარე წლის 1 მაიის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი:
“გაფრთხილება: ირანული ნავთობის ან ნავთობქიმიური პროდუქტების შესყიდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს! ნებისმიერი ქვეყანა, ან პირი, რომელიც ირანიდან ნავთობის ან ნავთობქიმიური პროდუქტების ნებისმიერ რაოდენობას შეიძენს, დაუყოვნებლივ დაექვემდებარება მეორად სანქციებს.“
როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” ცდილობს გადაფაროს ფაქტები, რომლებიც ხაზს უსვამს მის კოლაბორაციონისტულ დამოკიდებულებას ამერიკისადმი მტრულად განწყობილი ძალის მიმართ.
3. ირანულენოვანი ვებ-გვერდების რეკომენდაციები საქართველოს გავლით სანქციებისთვის გვერდის ავლის თაღლითური სქემის შესახებ:
ირანულ ინტერნეტ-სივრცეში განთავსებულია არაერთი სტატია, სადაც ღიად არის აღწერილი თაღლითური სქემები, რომელთა საშუალებითაც, ირანელი ბიზნესმენები საერთაშორისო სანქციებს გვერდს უვლიან. ირანული წყაროების მიხედვით, საქართველოს გავლით, თეირანს შეუძლია დაუკავშირდეს როგორც რუსულ და ჩინურ, ისე დასავლეთის ბაზრებს.
“[ირანელ ბიზნესმენებს] შეუძლიათ საკუთარი საქონელი საქართველოში შეიტანონ, შემდეგ საქართველოში შეფუთვით და „საქართველოში წარმოებული პროდუქციის“ ნიშნით – საბაჟო ტარიფების გადახდის გარეშე და კონკურენტულ ფასად – განახორციელონ მისი ექსპორტი ევროპასა და ამერიკაშიც კი.”
“ირანს ნამდვილად შეუძლია საქართველოსთან ვაჭრობის გზით ამერიკის მიერ ირანზე დაწესებულ შეზღუდვებსა და სანქციებს გვერდი აუაროს და მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციით გასვლის შესაძლებლობა მოიპოვონ […]
საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობა, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია ირანი მსოფლიო ბაზარს დააკავშიროს, არის ის, რომ მას ვაჭრობის სფეროში აქვს ბევრი შეთანხმება ევროპასთან.”
ირანულენოვანი ვებ-გვერდები მოუწოდებენ ირანელ ბიზნესმენებს, რომ ისარგებლონ საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და დააფუძნონ კომპანიები:
ირანული კომპანია Arad Branding-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იძებნება სტატია, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოსთან ვაჭრობის უპირატესობები: “გირჩევთ, რომ საქართველოში, განსაკუთრებით, პორტების მახლობლად, კომპანია დაარეგისტრიროთ. ამ გზით შეგიძლიათ მარტივად განახორციელოთ ვაჭრობა. კომპანიის რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ხარჯები მნიშვნელოვნად შეამციროთ.”




