სარაკეტო აფიორის ექო საქართველოში: თავდაცვის მემორანდუმი “მოტორ სიჩთან“

2021 წლის 23 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის თავდაცვის უწყების თაოსნობით, „მოტორ სიჩმა“ საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „DELTA“- სა და თბილისის საავიაციო ქარხანა (TAM) “თბილავიამშენთან“ სამმხრივი მემორანდუმი გააფორმა.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თანამშრომლობა და შესაბამისად, მემორანდუმი „სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს მიზნად“. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული საწარმო თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე უკვე მუშაობს“, თუმცა „თბილავიამშენსა“ და აღნიშნულ კომპანიას შორის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების რაიმე მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ, მანამდე ცნობილი არ ყოფილა.

მიმდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია, თავდაცვის უწყებამ მოგვიანებით, 2021 წლის 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაშიც დაადასტურა: „საბრძოლო შვეულმფრენის მი-24-ის ძრავებსა და რედუქტორებზე, კომპანია ““მოტორ სიჩსა” და სს „თბილავიამშენს“ შორის ხელშეკრულება უკვე გა-ფორმებულია, რაც გულისხმობს საბრძოლო მი-24-ის ძრავების მოდერნიზაციასა და რემონტს.“ 

საინტერესოა, როდის მოხდა „თბილავიამშენსა“ და “მოტორ სიჩს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან 2017 წლიდან მოყოლებული აღნიშნული კომპანია მუდმივად გამოძიების, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან შესწავლისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ობიექტია. სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაცია საჯარო სივრცეში არ იძებნება, რაც გვაფიქრებინებს რომ ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გამოძიების ინტერესისა და შელახული რეპუტაციის მქონე კომპანიასთან იწყებდა ურთიერთობას და შესაბამისად, ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ არ გაასაჯაროვა.

2020 წლის ივნისში, პარლამენტში მინისტრის ანგარიშის წარდგენის დროს, საქართველოს იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად, ავიაციის განვითარებაზეც ისაუბრა. გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „DELTA“- სა და თბილისის საავიაციო ქარხანა (TAM) “თბილავიამშენთან“ ერთად დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებზე.

„თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, დელტას ანგარებში ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ სუ-25-ისა და მოიერიშე შვეულმფრენის მი-24-ების რეაბილიტაციასა და განახლების პროცესს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სწორედ მი-24-ების რეაბილიტაციის ხელშეკრულებაზე საუბრობდა სამინისტრო 2021 წლის 31 იანვრის განცხადებაშიც, როგორც უკვე მიმდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებაზე “მოტორ სიჩსა“ და „თბილავიამშენს“ შორის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2020 წლის ივნისში ეს თანამშრომლობა უკვე შემდგარი ფაქტი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ, 2019 წელს საერთაშორისო მედია უკვე წერდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ კიევისთვის ჩატანილი გაფრთხილების შესახებ – თავიდან აიცილონ ჩინეთის „ვალის მახეში“ აღმოჩენის საფრთხე. ბოლტონის გზავნილები სწორედ, კომპანია „მოტორ სიჩსა“ და მის ახალ ჩინელ მესაკუთრეებს ეხებოდათ.

2020 წელს კი, საერთაშორისო მედია „ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების“ საქმეზე, “მოტორ სიჩის” წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ იუწყებოდა. საერთაშორისო მედია, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნების განცხადებები სავსეა აღნიშნული კომპანიის წინაშე არსებული პრეტენზიებით, ბრალდებებითა და ეჭვებით.

სპეციალურ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ “მოტორ სიჩის” გარშემო არსებული ბუნდოვანებისა და პრობლემების შესახებ, ჯერ კიდევ 2014 წელს იყო ცნობილი. მიუხედავად რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისა, “მოტორ სიჩი” სხვა უკრაინულ კომპანიებთან ერთად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან აგრძელებდა თანამშრომლობასა და მათი სამხედრო საჭიროებებით უზრუნველყოფას. ამ ფაქტის შესახებ 2014 წელს Washington Post-ის გამოძიება იუწყებოდა.

5-ანგარიში


Scroll to Top