დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესებას ჰპირდება, თუ პეკინი 8 აპრილისთვის ამერიკულ საქონელზე დამატებითი 34 %-იანი გადასახადების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას უკან არ გაიწევს. საერთო ჯამში, ამერიკაში იმპორტირებულ ჩინურ საქონელზე გადასახადი 104%-ით გაიზრდება.
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 7 აპრილს განაცხადა, ეს ამერიკის მხრიდან ჩინეთისადმი მიმართული ბულინგია, მუქარა და ზეწოლა კი არ არის სწორი გზა ჩინეთთან გასამკლავებლად. მან ტარიფებს ცალმხრივი, ეკონომიკური ბულინგი და პროტექციონიზმი უწოდა. პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ორმხრივობის პრინციპის სახელით დაწესებული ამერიკული ტარიფები სხვა ქვეყნების ხარჯზე აშშ-ს ინტერესებს ემსახურება.
„შტატების მიერ ტარიფების ბოროტად გამოყენება გლობალური სამხრეთის ქვეყნებს ართმევს განვითარების უფლებას“,- განაცხადა ლინმა და დასტურად მოიყვანა იმ უფსკრულის გაღრმავება, რომელიც თითოეულ ქვეყანაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, არსებობს.
ლინმა მოუწოდა სხვა სახელმწიფოებს, ერთად დაუპირისპირდნენ ცალმხრივობასა და პროტექციონზიმს, დაიცვან საერთაშორისო და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა, გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ღირებულებების შესაბამისად.
ჩინეთი უარს აცხადებს, დაემორჩილოს ამერიკის „შანტაჟს“. ვაჭრობის მინისტრის თქმით, ჩინეთის წინააღმდეგ ამერიკის მუქარა არის დიდი შეცდომა და ამას გარდა, კიდევ ერთხელ ამჟღავნებს ამერიკის მოშანტაჟე ბუნებას. „თუ ამერიკა თავის გზას არ გადაუხვვეს, ჩინეთი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს“,- განაცხადა ვანგ ვენტაომ.
ამის ფონზე, ჩინეთის ვაჭრობის ვიცე მინისტრმა ლინგ ჯიმ ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის, Tesla-სა და GE Healthcare-ს, პირობა მისცა, რომ ქვეყანა ყოველთვის დაიცავს ჩინეთში მოქმედ უცხოური დაფინანსების მქონე კომპანიებს, მათ შორის, ამერიკულ კომპანიებსაც.
„ჩინეთი იყო, არის და იქნება „იდეალური, უსაფრთხო და პერსპექტიული საინვესტიციო ადგილი უცხოელი ინვესტორებისთვის“,- განაცხადა ლინგმა კვირას პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ს მიერ დაფინანსებული 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ლინგი ამბობს, პეკინი არ აპირებს ამერიკულ კომპანიებს აგებინოს პასუხი იმის გამო, რომ პრეზიდენტი ტრამპი სატარიფო ომის ესკალაციას ახდენს მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან, მათ შორის ჩინეთთანაც.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეხვედრაზე 9 აპრილს, ჩინეთი აპირებს შტატების საპასუხო ტარიფები წინ წამოწიოს, როგორც „ახალი სავაჭრო საზრუნავი“. ჩინეთმა უკვე შეიტანა ოფიციალური საჩივარი ჟენევის სადამკვირვებლო ორგანიზაციაში.