ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოს სამთო კურორტებში დაბალია
12 დეკემბერი
სამთო კურორტების სეზონის გააქტიურებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურისტების რაოდენობას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ,,Inn ჯგუფის” სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას განცხადებით, სამთო კურორტებზე ჯავშნების რაოდენობა მზარდია, თუმცა ტურისტების უმეტესი წილი ისრაელსა და ,,ყურის ქვეყნებზე” მოდის.
რაც შეეხება ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობას, ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ ისინი საქართველოს სამთო კურორტებზე ნაკლებად ჩამოდიან.
,,საქპატენტმა” ჩინეთში ორგანიზებულ ტრენინგ-სემინარზე მიიღო მონაწილეობა
16 დეკემბერი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩონკინგში ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ორგანიზებით, ,,სარტყლისა და გზის” ინიციატივის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ტრენინგ–სემინარი გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკისა და სტრატეგიების გაცნობას.
საქართველოს მხრიდან, ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, ,,საქპატენტის” თავმჯდომარის მოადგილე თიკა ნებიერიძე და სასაქონლე ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკისა და სტრატეგიების გაცნობას.
საქართველოს მხრიდან, ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, ,,საქპატენტის” თავმჯდომარის მოადგილე თიკა ნებიერიძე და სასაქონლე ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე.
სემინარების ფარგლებში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების სესიები, სადაც მონაწილე მხარეებმა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თავიანთი ქვეყნების უახლესი მიღწევები წარადგინეს.
სემინარების ფარგლებში, დარეჯან მჭედლიძემ ისაუბრა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვისა და გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ,,საქპატენტის” სამომავლო გეგმებზე.
აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
9 დეკემბერი
ბაქოში, გამოჩენილი ჩინელი მათემატიკოსის, ლიუ ჰუის 1800 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (ANAS) პრეზიდენტი ისა ჰაბიბაილი ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოციაციის დირექტორ, რუან ცაოს და მის დელეგაციას შეხვდა.
ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა ჩინეთისა და აზერბაიჯანის მზარდ თანამშრომლობას. ისა ჰაბიბაილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს ,,ერთი სარტყელი, ერთი გზის” ინიციატივას. ამასთანავე, ANAS-ის დირექტორმა გაიხსენა გასულ თვეში, ANAS-ის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩინეთის დელეგაციის ჩართულობას.
თავის მხრივ, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დირექტორმა, რუან ცაომ დადებითად შეაფასა მხარეების თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
აზერბაიჯანი და ჩინეთი ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მუშაობენ
10 დეკემბერი
აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე, სამედინ ასადოვი, ჩინეთის დელეგაციას შეხვდა. ჩინეთის დელეგაციის შემადგენლობას სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და მართვის კომისიის (SASAC) წევრები წარმოადგენდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ტრანპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების პერსპექტივებს.
სამედინ ასადოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ერთ–ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ,,ერთი სარტყელი, ერთი გზის” ინიციატივას დაუჭირა მხარი. ამასთანავე, მან ჩინურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანში ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების შესახებ.
ამასთანავე, სამედინ ასადოვმა ჩინეთის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა ზანგეზურის დერეფნის მშენებლობის საკითხი და გამოთქვა იმედი, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული კომუნიკაციების გამარტივებას და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას.
აზერბაიჯანისა და ჩინეთის ეროვნული თეატრები თანამშრომლობას იწყებენ
14 დეკემბერი
აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ,,გზამკვლევის” პროექტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ თეატრთან თანამშრომლობას იწყებს. აზერბაიჯანის ეროვნული თეატრის დირექტორი ილჰამ ასგაროვი ამ მიზნით ჩინეთს ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა განსუსა და შანდონგის პროვიციების ეროვნულ დრამატულ თეატრებში, ასევე შანდონგის დიდ ეროვნულ დრამატულ თეატრში. საყურადღებოა, რომ განსუს ეროვნულ დრამატულ თეატრსა და აზერბაიჯანის ეროვნულ სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება მოიცავს ორივე ქვეყნის დრამატურგიული ნაწარმოებების დადგმას, მასტერკლასების ჩატარებასა და შემოქმედებითი ჯგუფებისთვის ტურების დაორგანიზებას.
ჩინეთის ეროვნული თეატრის დირექტორმა, ვეი შოულინმა დადებითად შეაფასა მხარეების ჩართულობა და აზერბაიჯანულ თეატრთან პარტნიორობის ინიციატივა.
ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ილჰამ ასგაროვმა მადლობა გადაუხადა ორივე ქვეყნის კულტურის სამინისტროებს გაწეული სამუშაობისთვის და ყურადღება გაამახვილა ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკაზე. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წარმატებულ პოლიტიკას საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობის კუთხით, მათ შორის პეკინში ხელმოწერილ 2025-2029 წლების კულტურული თანამშრომლობის შეთანხმებას.
სომხეთი ჩინეთიდან ნახშირბადის ელექტროდების შეღავათიანი პირობებით იმპორტირებას შეძლებს
12 დეკემბერი
ევრაზიის სამთავრობათაშორისო საბჭომ ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს დაავალა, განსაზღვროს ჩინეთიდან იმპორტირებული ნახშირბადის ელექტროდების მიმართ ანტიდემპინგის ზომების მიღების საჭიროება. საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგინდა აღნიშნული პროდუქციის ის მოცულობა, რომელზეც ანტიდემპინგური გადასახადები არ დაწესდება.
„ეს მოცულობა იქნება 700 ტონა სომხეთის რესპუბლიკისთვის, 1000 ტონა ბელარუსის რესპუბლიკისთვის და 1000 ტონა ყაზახეთის რესპუბლიკისთვის“, – განმარტა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვაჭრობის მინისტრმა, ანდრეი სლეპნევმა.
ამ საქონლის იმპორტი, ანტიდემპინგის გადასახადების გარეშე, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებისთვის დადგენილი წლიური მოცულობების ფარგლებში, დაშვებული იქნება მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების დადასტურების შემდეგ.
ინსტრუქციის თანახმად, საკითხი ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭომ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უნდა განიხილოს.
ჩინეთიდან ბიშკეკში 95 ახალი ავტობუსი ჩავიდა
15 დეკემბერი
ბიშკეკის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან 95 Yutong-ის მოდელის ავტობუსი ჩამოიყვანეს, რომლებიც ამჟამად #1 ავტოსადგურზე არიან განლაგებული.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩინეთიდან დედაქალაქში 1000 ახალი ბენზინზე მომუშავე ავტობუსი ჩამოვიდა, რომლებმაც 3000-ზე მეტი მიკროავტობუსი ჩაანაცვლა.
ჩინეთი ყირგიზეთის მოქალაქეებს 15 სტიპენდიას სთავაზობს
8 დეკემბერი
ჩინეთი ყირგიზეთის მოქალაქეებს 2026/2027 სასწავლო წელს წამყვან უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სტაჟირების პროგრამებისთვის 15 სახელმწიფო სტიპენდიას გამოუყოფს. ამის შესახებ ყირგიზეთის რესპუბლიკის მეცნიერების, უმაღლესი განათლებისა და ინოვაციების სამინისტრომ განაცხადა.
სამინისტროს ცნობით, გრანტები გაიცემა განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2015 წლის 16 დეკემბერს პეკინში ხელმოწერილი უწყებათაშორისი შეთანხმების ფარგლებში.
დაფინანსება მოიცავს: სწავლის საფასურს, საცხოვრებლის უზრუნველყოფას, ყოველთვიურ სტიპენდიას და სამედიცინო დაზღვევას.




