სენატმა ჩინეთის კრიტიკოსი პეკინში აშშ-ის ახალ ელჩად დაამტკიცა

აშშ-ს სენატმა სამშაბათს ჩინეთის მიმართ ხანგრძლივი კრიტიკით ცნობილი დევიდ პერდუ ჩინეთში  აშშ-ს ელჩად დაამტკიცა. 75 წლის პერდუ, ჯორჯიის შტატის ყოფილი სენატორი და გამოცდილი ბიზნესმენია. ის 67 ხმით 29-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს ორპარტიული მხარდაჭერით. პერდუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩინეთის საკითხებზე მომუშავე გუნდს უერთდება, რომელიც უკვე დაკომპლექტებულია მყარი ანტი-ჩინური პოზიციის მქონე ინდივიდებით.

აპრილში გამართულ მოსმენაზე პერდუმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მ ჩინეთის მიმართ „დახვეწილი, არაპარტიული და სტრატეგიული“ მიდგომა უნდა გამოიჩინოს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ გამოწვევად“ შეაფასა. მოსმენაზე ყურადღება პერდუს შეხედულებებზე გამახვილდა — კერძოდ, იმაზე რომ პეკინი აშშ-ის წინააღმდეგ „ახალი ტიპის ომს“ აწარმოებს და საფრთხეს უქმნის არსებულ მსოფლიო წესრიგს.

პერდუს დამტკიცების შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს კვლავ დაადასტურა „თანმიმდევრული და მკაფიო“ პოზიცია ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებისა და ვაჭრობის საკითხების შესახებ. სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთი „ბოლომდე იბრძოლებს,“ თუმცა „დიალოგისთვის კარი ღია რჩება,“ თუ ეს „თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე“ იქნება დაფუძნებული.

ტრამპმა, რომელმაც პერდუ დეკემბერში წარადგინა ელჩად, იგი აღწერა როგორც პირი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მშვიდობის შენარჩუნებასა და ჩინეთის ლიდერებთან პროდუქტიული სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ტრამპმა პერდუ „ერთგულ მხარდამჭერად და მეგობრად“ მოიხსენია სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.

პეკინში მდებარე Grandview Institution-ის 2019 წლის ანგარიშში პერდუ „ანტიჩინურ“ აქტორად იყო მოხსენიებული. ანგარიშში იგი აღწერილი იყო როგორც „ჩინური საფრთხის” თეორიის პრაქტიკოსი და „გონებამახვილი ბიზნესმენი კრიზისების მართვის უნარით.“

ვაჭრობის გარდა, ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა ჩინეთის მხრიდან სამხედრო შესაძლებლობების ზრდისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის საკითხების შესახებ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად არ ცნობს ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ვაშინგტონი ეწინააღმდეგება კუნძულის ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების ნებისმიერ მცდელობას და აგრძელებს მისთვის იარაღის მიწოდებას.

მოსმენაზე პერდუმ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან ერთი ჩინეთის პოლიტიკის ერთგულება. მან განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ელჩის რანგში იქნება ჩინეთიდან მექსიკაში ექსპორტირებული ქიმიური ნივთიერებების საკითხზე მუშაობა, რომელსაც კარტელები ფენტანილის წარმოებისთვის იყენებენ. ფენტანილი შემდგომ არალეგალურად ხვდება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

Washington Examiner-ში სექტემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში პერდუმ აღნიშნა, რომ ჩინეთი აშშ-ს წინააღმდეგ „ახალ ომს“ აწარმოებს — „ეგზისტენციალურ“ კონფლიქტს, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი ომის ან ცივი ომის რიტორიკას და „გადაწყვეტს, დარჩება თუ არა თავისუფალი მსოფლიო თავისუფლად.“ მან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი „თანამედროვე იმპერატორად“ მოიხსენია და ჩინეთი დაადანაშაულა კაპიტალიზმისა და დემოკრატიის “განადგურების” მცდელობაში.

Scroll to Top