სენატორი შაჰინი ანაკლიის პროექტის შესახებ იმედგაცრუებას გამოხატავს

ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის ფაქტის შესახებ იმედგაცრუება გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელ-ამერიკელი ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ დასავლურ კომპანიებთან პორტის შესახებ  კონტრაქტი გააუქმა და, ბოლოდროიდელი ცნობების მიხედვით, საქაართველო აპირებს შავ ზღვაზე არსებული პროექტი ჩინურ ფირმას გადასცეს. სენატორი შაჰინის მიხედვით, ის და აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში თავდადებით მუშაობდნენ საქართველოს „წინ წასაწევად“ და სამწუხაროდ მიიჩნევენ ქართული მხრიდან აღნიშნული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას.

სენატორი შაჰინის განცხადებას წინ ჰელსინკის კომისიის, იგივე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის, წევრების განცხადება უძღვის, რომელიც ასევე ეხმიანება ანაკლიის პორტის საკითხს და ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რომელსაც აშშ-ს მიერ სანქცირებული ჩინური კომპანიები შეუქმნიან საქართველოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაფრთხილებების შემდეგაც, „ქართული ოცნება“ აგრძელებს პორტის პროექტის ჩინური კონსორციუმისთვის გადაცემის პროცესს და კიდევ ერთხელ საფრთხეს უქმნის დასავლეთსა და საქართველოს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ პარტნიორობას.

Scroll to Top