ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობები მკვეთრად დაძაბულ ფაზაში შევიდა. საზღვაო დაპირისპირებამ, დიპლომატიურმა პროტესტებმა და თაივანთან დაკავშირებულმა საჯარო დებატებმა რეგიონულ უსაფრთხოებაზე დიდი გავლენა იქონია. ნოემბრის შუა რიცხვებში განვითარებულმა მოვლენებმა, როგორიცაა ჩინეთის სანაპირო დაცვის აქტიურობა სადავო სენკაკუს კუნძულებთან და პეკინის მიერ იაპონიაში მოგზაურობის წინააღმდეგ გაცემული რეკომენდაციები, ნათლად აჩვენა, რამდენად დაიძაბა ურთიერთობა აზიის ორი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის.
16 ნოემბერს, ჩინეთის სანაპირო დაცვის გემებმა იაპონიის მიერ ადმინისტრირებული სენკაკუს კუნძულების მიმდებარე წყლებში გაიარა, ტერიტორიაზე, რომელსაც ჩინეთი მის საკუთრებად აცხადებს. პეკინმა ეს ოპერაცია აღწერა, როგორც „უფლებების დაცვა”. ამ ტერმინს ჩინეთი ხშირად იყენებს სადავო ტერიტორიებში შეჭრის გასამართლებლად.
ოპერაცია ჩატარდა მას შემდეგ, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ტაივანზე ჩინეთის შესაძლო თავდასხმა „იაპონიის გადარჩენისთვის საშიშ სიტუაციას“ გამოიწვევდა – განსაზღვრება, რომელიც კოლექტიური თავდაცვის გამოყენების კანონიერ საფუძველად მიიჩნევა. პეკინმა მყისიერად დაგმო განცხადება, მოითხოვა ტოკიოს უარი ეთქვა აღნიშნულ კომენტარებზე და პროტესტის ნიშნად იაპონიის ელჩი დაიბარა.
იაპონიის ტერიტორიების მახლობლად, ჩინეთის პატრულირება ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გზავნილია პეკინის მხრიდან. ტოკიოს ოფიციალურმა პირებმა სანაპირო დაცვის მიერ განხორციელებულ მოქმედებას იაპონიის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდეს.
ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, თავი აარიდონ იაპონიაში მოგზაურობას. მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა პირდაპირ არ დაუკავშირა ეს რეკომენდაცია პოლიტიკურ დაძაბულობას, გაფრთხილება ტაკაიჩის განცხადებებიდან მალევე გავრცელდა.
იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ „მტკიცედ სთხოვა ჩინეთს“, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და განმარტოს საკუთარი პოზიცია. ტოკიო შეშფოთებულია, რომ მსგავსი ნაბიჯები არსებულ დიპლომატიურ დაძაბულობასთან ერთად ადამიანებს შორის ურთიერთობებსაც დააზიანებს. არც ავაიაკომპანიები დარჩენილან უპასუხოდ. ზოგიერთმა ჩინურმა კომპანიამ მომხმარებლებს შესთავაზა გადასახადის გაუქმება ან თანხის დაბრუნება იაპონიის მიმართულებით გაუქმებულ ბილეთებზე.
დაპირისპირების პარალელურად, იაპონელი ამომრჩევლების აზრი მკვეთრად იყოფა იმაზე, თუ რა როლი უნდა ითამაშოს ქვეყანამ თაივანის შესაძლო კრიზისში. Kyodo News-ის 16 ნოემბერს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 48.8% მხარს უჭერს იაპონიის მონაწილეობას კოლექტიურ თავდაცვაში თაივანზე თავდასხმის შემთხვევაში, ხოლო 44.2% ასეთი ჩართულობის წინააღმდეგია.
ამავდროულად, 60.4% ემხრობა პრემიერ-მინისტრ ტაკაიჩის გეგმას, დააჩქაროს თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა GDP-ის 2%-მდე – რაც მეტყველებს იმაზე, რომ იაპონელები რეგიონული საფრთხეების ზრდას სერიოზულად აღიქვამენ, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო რეაგირების ფორმებზე თანხმობას ვერ მიაღწიეს.
საინტერესოა, რომ პეკინთან დაძაბულობის ზრდის მიუხედავად, ტაკაიჩის ადმინისტრაციის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მატულობს: უახლესი სოციოლოგიური კვლევით, მისი რეიტინგი 6 პროცენტით არის გაზრდილი.
საზღვაო ინციდენტების, დიპლომატიური გაფრთხილებებისა და თავდაცვის პოლიტიკის გარშემო განახლებულმა დებატებმა ცხადყო, რამდენად რთული და დაუბალანსებელია ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობები. პეკინის ქმედებები სენკაკუს მიმდებარე წყლებში, მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება და ტოკიოს პოლიტიკური განცხადებებისადმი მკაცრი რეაქცია მიუთითებს როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო ზეწოლის პოტენციალზე.
იაპონიას უწევს რთული არჩევანის გაკეთება: ერთის მხრივ, უნდა გააძლიეროს ეროვნული უსაფრთხოება მზარდი საფრთხეების ფონზე, მეორე მხრივ კი, უნდა ეცადოს, რომ ურთიერთობები საკუთარ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან სრულად არ დაინგრეს.
ჩინეთის მიერ სამხედრო აქტივობის გაფართოების და იაპონიის მიერ თავდაცვის გეგმების დაჩქარების ფონზე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არასწორი პოლიტიკური გათვლების რისკი იზრდება. ამგვარად, დიალოგის ნაკლებობამ შესაძლოა უბრალო საზღვაო ინციდენტებიც კი რთულ კრიზისად გადააქციოს.
ავტორი: ნია კოხრეიძე




