“სამოქალაქო იდეა” მოხარულია გაგიზიაროთ სინო-ქართული აკადემიური ურთიერთობების მონიტორინგის ანგარიში, “სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა: თანამშრომლობა განათლების სფეროში”.
ანგარიშში მიმოხილულია საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული საგანმანათლებლო თანამშრომლობა და ხაზგასმულია 2023 წლის ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები. პარტნიორობა მიზნად ისახავს გააძლიეროს აკადემიური კავშირები, ხელი შეუწყოს გაცვლით პროგრამებს და მხარი დაუჭიროს ჩინური ენისა და კულტურის ინიციატივებს ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გარდა ამისა, კვლევა ხაზს უსვამს ჩინური ინვესტიციების გავლენასა და მის როლს ქართული უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციაში. აღნიშნული ტენდენციის ნათელი მაგალითია “გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის” ჩინური რებრენდინგი.
ანგარიშში, ასევე, განხილულია ისეთი პლატფორმების გავლენა, როგორიცაა სინომედია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ჩინურ საგანმანათლებლო ინიციატივებს, კონკურსებსა და ენის კურსებს საქართველოში. ჩინეთის უნივერსიტეტების ქართველი კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ეს პლატფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სინო-ქართულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.