სი ძიმპინმა გერმანიას დახმარება სთხოვა ევროკავშირის მიერ ჩინეთზე დაწესებული მაღალი ტარიფების საკითხის გადაწყვეტაში

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, დახმარება სთხოვა ხელი შეუწყოს ჩინურ ელექტრომობილებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული მაღალი ტარიფების საკითხის გადაწყვეტას. 

რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, ჩინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ქვეყნის მზადყოფნა ითანამშრომლოს გერმანიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. შემდეგ მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფების საკითხს ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ტარიფები პეკინსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო კონფლიქტის რისკებს ზრდის. 

წევრი ქვეყნებისგან საჭირო მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესების 5 წლიანი გეგმა 2024 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. ტარიფები, სავარაუდოდ, გაიზრდება ამჟამინდელი 10%-დან 45%-მდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. 

ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ჩინეთი „ინტენსიურად იმუშავებენ ტარიფებისთვის ალტერნატიული გადაწყვეტის მოსაძიებლად“. საპასუხოდ, ჩინეთის კომერციის სამინისტრომ დაგმო გადაწყვეტილება, როგორც “არასამართლიანი” და “არაგონივრული”, მაგრამ აღიარა საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესაძლებლობა. 

გადაწყვეტილება ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე მაღალი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა ერთსულოვნი. გერმანია, რომლის საავტომობილო ინდუსტრია დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთში ექსპორტზე, ეწინააღმდეგებოდა ტარიფებს. ევროკავშირის ბევრმა წევრმა სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. თუმცა საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა მხარი დაუჭირეს იმპორტის გაზრდილ გადასახადებს. ტარიფების შესახებ წინადადების დაბლოკვა შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 27-დან 15 წევრი ქვეყნის კვალიფიციური უმრავლესობა არ დაუჭერდა მხარს. 

ევროკავშირის ტარიფებმა შეშფოთება გამოიწვია საავტომობილო სექტორის გარეთ, სხვა ინდუსტრიულ ჯგუფებშიც. არსებობს ჩინეთისგან საპასუხო ტარიფების შიში. სავაჭრო ორგანიზაციამ, რომელიც წარმოადგენს საფრანგეთის კონიაკის ინდუსტრიას, გააკრიტიკა საფრანგეთის ხელისუფლება და განაცხადა: “ჩვენ მათ მიგვატოვეს”. 

სი ძინპინმა შეხვედრაზე განაცხადა: “იმედი გვაქვს, რომ ევროპა და ჩინეთი ელექტრომობილების საკითხს გადაჭრიან დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით, რაც შეიძლება მალე და გერმანული მხარე მზადაა ამ კუთხით აქტიური ძალისხმევა მიმართოს”. 

გერმანიის მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ შოლცის შეხვედრა ჩინეთის პირველ პირთან 30 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც მხარეებმა ასევე განიხილეს გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები. 

სი ძიმპინმა სამხრეთ ამერიკაში ტური აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობით დაიყო ლიმაში, სადაც მან გახსნა ჩინეთის მიერ დაფინანსებული წყნარი ოკეანის პორტი. სამშაბათს G20 სამიტის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია სი ძიმპონის ვიზიტი ბრაზილიაში, სადაც ის შეხვდება ბრაზილიის პრეზიდენტს და ხელს მოაწერს თანამშრომლობის შეთანხმებებს.

Scroll to Top