„ტარიფების ომი“  ჩინეთსა და აშშ-ს შორის

აშშ-ს  პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საარჩევნო კამპანიაში ქვეყნებზე ტარიფების დაწესების შესახებ დაპირებების შემდეგ, აღნიშნული პოლიტიკის უშუალოდ გატარება დაიწყო. ტარიფების განსაკუთრებული სამიზნე ჩინეთი გახდა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ თავდაპირველად 54%, ხოლო მოგვიანებით 145%-იანი ტარიფი დაუწესა.

აშშ-ს მხრიდან ტარიფების ზრდა ჩინეთის საპასუხო ტარიფებს მოჰყვა –  ჩინეთმა ამერიკულ ტარიფებს 10 აპრილს 34%-ით უპასუხა, ჩინეთზე ამერიკული ტარიფების ზრდის შემდეგ ისინი 84%-მდე გაზარდა, ხოლო შაბათს, 12 აპრილს – 125%-მდე. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი „ბოლომდე იბრძოლებს“ იმ შემთხვევაში, თუ აშშ „დაჟინებულად ეცდება ტარიფების ან სავაჭრო ომის პროვოცირებას“.

აღსანიშნავია, რომ 12 აპრილს დონალდ ტრამპმა სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე ტარიფებისგან გამონაკლისის დაშვებაზე ისაუბრა, რაც ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც, მაგალითად, „ეფლია“ დიდ შეღავათს გამოიწვევდა, ვინაიდან მსგავსი კომპანიები იმპორტირებულ პროდუქციაზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული. ამავე დღეს, აშშ-ს პრეზიდენტის ამ ნაბიჯს ჩინეთის მხრიდანაც მოჰყვა გამოხმაურება – ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიხედვით, ეს გადაწყვეტილება „პატარა ნაბიჯია უნილატერალური „საპასუხო ტარიფების“ სახით [ჩინეთთან] არასწორი მიდგომების გამოსასწორებლად“. გარდა ამისა, სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მძიმედ აზიანებდა საერთაშორისო ეკონომიკურ და სავაჭრო მოწყობას და ქვეყანას მსგავსი პოლიტიკის წარმოებისთვის თავის დანებებისა და „საერთო პატივისცემისა და განსხვავებების დიალოგის გზით გადაწყვეტის სახით სწორი გზისკენ დაბრუნებისკენ“ მოუწოდა. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, 13 აპრილს, დონალდ ტრამპმა გამონაკლისების შესახებ განცხადება შეასწორა და თქვა, რომ ტარიფებისგან თავისუფალი არაფერი იქნება და ელექტრონული მოწყობილობები უბრალოდ ტარიფების სხვა „დონეზე“ გადავიდოდა, შესაბამისად, მათზე ისევ მოქმედებს 20%-იანი ტარიფები, თუმცა, მისი განცხადებით, პირობები „მოქნილი“ იქნება გარკვეული კომპანიებისთვის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აშშ-ს მსგავსი პოლიტიკის ფონზე, ჩინეთი ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს – ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, 11 აპრილს, ესპანეთის პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პეკინი და ევროკავშირი აშშ-ს „დაშინებას“  გაერთიანებული ძალებით უნდა შეეწინააღმდეგონ და მათი „საერთაშორისო პასიხოსმგებლობა“ შეასრულონ, რომელიც ეკონომიკური გლობალიზაციისა და სამართლიანი საერთაშორისო სავაჭრო გარემოს ჩამოყალიბებას უკავშირდება.

Scroll to Top