ტრამპის მოთხოვნების ფონზე, ჩინეთი ლათინურ ამერიკას “სანდო” პარტნიორობას ჰპირდება

ჩინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება, როგორც ლათინური ამერიკის „სანდო“ მეგობარმა და პარტნიორმა. ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ თავის ბოლივიელ კოლეგასთან გაეროში გამართული შეხვედრისას გააკეთა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ვანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკა მის მოსახლეობას ეკუთვნის და არ უნდა ჩაითვალოს რომელიმე ქვეყნის „უკანა ეზოდ“. პეკინი აგრძელებს გავლენის განმტკიცებას რეგიონში, რომელიც ტრადიციულად აშშ-ის გავლენის სფეროდ ითვლებოდა.

ვანგ იმ გამოხატა ჩინეთის სურვილი, სტრატეგიული პარტნიორობა ბოლივიასთან კიდევ უფრო განამტკიცოს. წლების განმავლობაში ბოლივიამ ჩინეთთან ძლიერი ეკონომიკური კავშირები განავითარა, განსაკუთრებით ვალის აღებისა და ინვესტიციების მეშვეობით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყანას ჩინეთისგან 1.7 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი აქვს აღებული. ამასთან, ამერიკული კვლევითი ცენტრის, American Enterprise Institute-ის მონაცემების მიხედვით, ჩინურმა კომპანიებმა ბოლივიის მეტალურგიის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სექტორებში დამატებით 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

მეორე მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, აშშ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლივიაში დაახლოებით 430 მილიონ დოლარს შეადგენს და ძირითადად ნავთობის, გაზისა და წარმოების სექტორებზეა კონცენტრირებული. ჩინეთის ინვესტიციების ზრდასთან ერთად, რეგიონში აშშ-სა და ჩინეთს შორის კონკურენცია სავარაუდოდ გამწვავდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში. გასულ კვირებში აშშ-ს პრეზიდენტი პანამას დაემუქრა ჩინეთთან კავშირების გამო.  ტრამპის მიერ წარგზავნილმა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პანამას მოუწოდა შეეწყვიტა ჩინეთის გავლენა პანამის არხზე.

ტრამპის გაფრთხილების შემდეგ, პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღარ გააგრძელებს მონაწილეობას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის „სარტყლისა და გზის ინიციატივაში“, რამაც პეკინის უკმაყოფილება გამოიწვია. 

რუბიოს ვიზიტამდე, ტრამპმა არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენება პანამის არხზე კონტროლის დასამყარებლად. საპასუხოდ, ვანგ იმ დაადასტურა ჩინეთის მხარდაჭერა ლათინური ამერიკის ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირსების დაცვის საკითხებში. მან ასევე ბოლივიას BRICS-ში გაწევრიანება მიულოცა. თავდაპირველად BRICS ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის მიერ შეიქმნა, როგორც ალტერნატივა “დასავლეთის მიერ მართული გლობალური წესრიგისთვის”. მოგვიანებით ჯგუფს შეუერთდნენ სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ინდონეზია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ტრამპმა რამდენჯერმე გააფრთხილა BRICS-ის წევრები, რომ თავი შეიკავონ დოლარის დომინანტური პოზიციის შერყევის მცდელობებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა. ტრამპის საპასუხო რეაქციის თავიდან ასაცილებლად, ბრაზილიამ, რომელიც ამჟამად BRICS-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, უკან დაიხია საერთო ვალუტის შექმნის გეგმიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ბრაზილიის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და აშშ-ზე 70 მილიარდი დოლარით მეტ საქონელს შეისყიდის ამ ქვეყნიდან, ბრაზილია მაინც აფასებს 37 მილიარდი დოლარის ღირებულების ექსპორტს ამერიკულ ბაზარზე და სავარაუდოდ, არ სურს ამ სავაჭრო ურთიერთობების საფრთხეში ჩაგდება.

ჩინეთის მცდელობების ფონზე, უფრო გააღრმავოს ეკონომიკური და სტრატეგიული გავლენა ლათინურ ამერიკაში, ტრამპი აგრძელებს სავაჭრო ზეწოლის გამოყენებას აშშ-ის გავლენის შესანარჩუნებლად. აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკასა და კოლუმბიას სავაჭრო სანქციებით დაემუქრა, თუ ისინი არ გააძლიერებდნენ ზომებს აშშ-ში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. მექსიკამ რეაგირება მოახდინა და თავის ჩრდილოეთ საზღვარზე 10,000 ეროვნული გვარდიის წევრი განალაგა, რათა შეეჩერებინა მიგრანტებისა და ნარკოტიკების ნაკადი. ანალოგიურად, კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უკან დაიხია და უარი თქვა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების დაბლოკვაზე, რომლებსაც დეპორტირებული მიგრანტები გადაჰყავდათ. პეტრომ ამ ზომებით თავიდან აიცილა სავაჭრო კონფლიქტი ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო ბაზართან.

Scroll to Top