ტრამპის სატარიფო გამბიტი: მკაცრი გადასახადები ჩინეთს, მექსიკასა და კანადას, იმიგრაციისა და ნარკომანიის კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს ჩინეთს, მექსიკასა და კანადას მკაცრ ტარიფებს დაუწესებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯები აუცილებელია იმისათვის, რომ ამ ქვეყნებმა მიიღონ უფრო სერიოზული ზომები არალეგალური იმიგრაციისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Truth Social პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპმა დეტალურად აღწერა თავისი გეგმები და აღნიშნა, რომ იგი 20 იანვარს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მექსიკიდან და კანადიდან შემოტანილ ყველა სახის იმპორტირებულ პროდუქტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.  კიდევ ერთ პოსტში, დონალდ ტრამპი თავს დაესხა ჩინეთს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა არ შეასრულა დაპირებები იმ პირებისთვის სიკვდილით დასჯის დაწესების შესახებ, რომლებიც ვაჭრობენ ფენტანილით, ნარკოტიკით, რომელიც, მისი თქმით, შეერთებულ შტატებში, მექსიკის გავლით, უპრეცედენტო რაოდენობით შედის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მან გამოაცხადა, რომ იგი გეგმავს დამატებით 10%-იანი ტარიფის დაწესებას ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე იქამდე, სანამ ნარკოტიკების შემოტანის მზარდი მაჩვენებელი არ შეჩერდება აშშ-ში. ტრამპმა ეს შეაფასა, როგორც აუცილებელი ზომა კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციონ.

ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა ლიუ პენგიუმ განაცხადა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივად მომგებიანია და გააფრთხილა აშშ, რომ „არავინ მოიგებს სავაჭრო თუ სატარიფო ომს.” ჩინეთის სპიკერმა ასევე აღნიშნა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა, რაც განპირობებული იყო სან-ფრანცისკოს სამიტის შემდეგ ჩინეთ-აშშ-ს შორის კომუნიკაციის განახლების მოტივით. ჩინეთმა, სპიკერის თქმით, გაუზიარა შეერთებულ შტატებს სიახლეები ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის შესახებ და უპასუხა აშშ-ის მოთხოვნას ინფორმაციის მისაღების თაობაზე. მან ასევე უარყო ბრალდება, რომ ჩინეთი შეგნებულად უშვებს აშშ-ში ფენტანილის ექსპორტს.

ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრის, სვატი დინგრას  თქმით, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულმა 60%-იანმა ტარიფმა ჩინეთიდან იმპორტზე შესაძლოა კომპლექსური გავლენა იქონიოს გლობალურ ეკონომიკაზე ფასების მასშტაბური ვარდნით, „რადგან საქონელი უფრო იაფი გახდება ყველასთვის“. ლონდონში, კონფერენციაზე გამოსვლისას, დინგრამ განმარტა, რომ ამერიკის მიერ დაწესებულ ასეთ მკაცრ ტარიფებზე შესაძლოა საპასუხო რეაგირება მოახდინონ ჩინელმა ექსპორტიორებმა. მათ შეიძლება შეამცირონ ფასები ალტერნატიულ ბაზრებზე იმისთვის, რომ ვაჭრობის მოცულობა შეინარჩუნონ, რაც ფასების დაცემას გამოიწვევს ყველგან, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც.

თუმცა, მან დაადასტურა, რომ ეფექტი ცვალებადი იქნება სხვა ქვეყნების რეაქციების გათვალისწინებით. თუ მთავრობები სამაგიეროს გადაუხდიან საკუთარი ტარიფების დაწესებით ან პროტექციონისტული ნაბიჯებით, სავაჭრო ომი შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს და ზიანი მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკას. უფრო მაღალი ინფლაცია შეიძლება იყოს შეერთებულ შტატებში, რადგან ამერიკელი მომხმარებლები იღებენ ტარიფის ღირებულებას; თუმცა, ამ ტიპის საქონლის გლობალური ფასები შეიძლება შემცირდეს, რადგან ჩინელი ექსპორტიორები ეგუებიან და ერგებიან ახალ სავაჭრო ბარიერებს.

ვინაიდან ტრამპის წინადადებები დებატებს იწვევს, მისი აგრესიული სავაჭრო პოლიტიკის შედეგები გაურკვეველი რჩება. ცხადია, რომ მისი თანამდებობაზე დაბრუნება გამოიწვევს მკვეთრ ცვლილებას აშშ-ს ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკაში, რომელშიც ტარიფებს კვლავ ექნება ცენტრალური ადგილი.

Scroll to Top