აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა სამთავრობო კაბინეტის უმაღლეს პოზიციებზე წარადგინა კანდიდატები, რომლებიც ჩინეთთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული ხისტი შეხედულებებით გამოირჩევიან. ჯონ რატკლიფი, პიტ ჰეგსეთი და მაიკლ უოლცი დაიკავებენ მაღალ თანამდებობებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. სამივე მათგანი ჩინეთს აშშ-ს მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცის მრჩევლად დანიშვნა “ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ტრამპის საგარეო პრიორიტეტი უპირველეს ყოვლისა ჩინეთზე იქნება ფოკუსირებული”, ამბობს ნილ ტომასი, აზიის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (Asia Society Policy Institute’s Center for China Analysis) სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ტომასის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს პერიოდში ფოკუსირება მოხდება საზღვარგარეთ არსებული შეიარაღებული კონფლიქტების აღმოფხვრაზე, “მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთი მთავარი აქცენტია”.
მაიკლ უოლცი ჩინეთის დიდი კრიტიკოსია. ის ემხრობა ჩინეთის მიმართ უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებას. კონგრესმენი 2022 წელს პეკინში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში აშშ-ს მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა. ბოიკოტის იდეის მიზეზი იყო მისი ხედვა, რომ ჩინეთმა, პანდემიის აფეთქების დროს, დამალა ინფორმაცია კოვიდ 19-ის შესახებ. 2021 წელს უოლცი ამტკიცებდა, “რომ ამერიკა ცივ ომშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან”.
მნიშვნელოვანია, რომ უოლცი მტკიცედ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. 2024 წლის მაისში მრჩევლობის კანდიდატმა X-ზე დაწერა: “უნდა გავითვალისწინოთ უკრაინის გამოცდილება და ყურადღება გავამახვილოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან წამოსულ საფრთხეზე. მივაწოდოთ იარაღი ტაივანს ახლა, სანამ გვიანი არ არის”.
აღსანიშნავია, რომ აშშ, ისევე როგორც სახელმწიფოების უმეტესობა, ოფიციალურად არ ცნობს ტაივანის დამოუკიდებლობას, თუმცა მისთვის იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს უოლცმა გამოხატა შეშფოთება კანადა-ჩინეთის ბიზნეს გარიგების შესახებ. გარიგების პირობების მიხედვით, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიამ ჩაიბარა კანადური ლითიუმის მომპოვებელი კომპანია. უოლცმა ბაიდენის ადმინისტრაციას პასუხი მოსთხოვა, იცოდნენ თუ არა პოტენციური გარიგების შესახებ, და, თუ კი, რატომ დასთნხმდნენ მას. უოლცმა განაცხადა, რომ არსებობს ეროვნული საფრთხე, რადგან ის მიიჩნევს, რომ “ჩინეთის კომუნისტური პარტია სულ უფრო სახიფათო და მუქარის შემცველი ხდება“.
50 წლის გადამდგარი არმიის მწვანე ბერეტი და ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, რომელიც ცნობილია „ჩინეთის ქორის“ მკაცრი პოზიციით, ხელმძღვანელობას გაუწევს სტრატეგიების შემუშავებას, რომელიც მიმართული იქნება ჩინეთის მნიშვნელოვანი სამხედრო გაძლიერების წინააღმდეგ – სწორედ ეს იყო ტრამპისა და მისი გუნდის მთავარი აქცენტი წინასაარჩევნო პერიოდში.
ამასთან ერთად, 2020 წელს მაიკ უოლცი იყო ერთ-ერთი კონგრესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას ითხოვდა.
„არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“, – ნათქვამია 2020 წლის ანგარიშში, რომლის ერთ-ერთი ავტორიც მაიკ უოლცია
უოლცმა უკვე ურჩია შტატებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ რეგიონში პოტენციურ კონფლიქტს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჩინეთის უწყვეტი ქმედებებით აზია-წყნარ ოკეანეთში.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იკავებს უაღრესად გავლენიან პოზიციას, რომელიც არ საჭიროებს სენატის მხრიდან დადასტურებას. უოლცის პასუხისმგებლობა მოიცავს ტრამპის ინსტრუქტაჟს ეროვნული უსაფრთხოების არსებით საკითხებზე და სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციის უზრუნველყოფას.