ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური და სამხედრო ისტაბლიშმენტის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო მოქმედებების პარალელურად, 1 მარტს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებისადმი შეშფოთებას გამოხატავს და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს:
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.“
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე და ბუნდოვან განცხადებას მოჰყვა ივანიშვილის მთავრობის 2 მარტის განცხადება, რომელშიც ის სოლიდარობას უცხადებს კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ისრაელსა და ყურის არაბულ ქვეყნებს, და მხარეებს დიპლომატიისა და პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდებს:
„საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.
სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.
საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.
გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.”
თუმცა, განცხადებაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ პაციფისტურ მოწოდებებს. ივანიშვილის პარტია მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტულ რეჟიმს, რომლის რეპრესიებმაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ქართული ოცნების“ დიპლომატიას შეფარებული პრო-ირანული განცხადებების პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა ირანის უზენაესი ლიდერის, ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის განცხადებები გაავრცელეს და ისლამური რესპუბლიკის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
1 მარტს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სამძიმარს უცხადებდა ირანის უზენაესი ლიდერის ოჯახს, ახლობლებსა და ირანელ ხალხს:
„როგორც ცნობილია, სეიდ ალი ხამენეი, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, გუშინ ქ. თეირანში მდებარე მის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და ირანელ ხალხს.“
იმავე დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა პირად ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ირანელ ხალხსა და „მსოფლიოს მუსლიმებს“ ხამენეის გარდაცვალება მიუსამძიმრა:
„ირანის ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, დიდი სწავლულის და მარჯაი–თაყლიდის, აიათოლა სეიდ ალი ხამენეის მოწამეობრივი გარდაცვალების ამბავმა მთელი ისლამური სამყარო ღრმა მწუხარებაში ჩააგდო. ეს არის დიდი სულიერი დანაკარგი არა მხოლოდ ირანის ხალხისთვის, არამედ მთლიანად მუსლიმი უმმასთვის.“
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით, აიათოლას სიკვდილს გამოეხმაურა ასევე მირტაგი ასადოვიც, რომელმაც ხამენეის ლიკვიდაციას ისლამური სამყაროსთვის „მძიმე და შემზარავი დანაკარგი“ უწოდა. ასადოვის განცხადების თანახმად, „კაცობრობის მტრებმა, ბავშვების მკვლელებმა და იმპერიალისტურმა ძალებმა, რომლებიც მსგავს ქმედებებს სჩადიან, პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამართლის წინაშე.“
ასადოვის განცხადებამ საქართველოში ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რამდენადაც ამ უკანასკნელმა 2 მარტს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში ასადოვისადმი „გულწრფელი მადლიერება“ გამოხატა.
შემაშფოთებელია, რომ ზემოთ ხსენებული პირები, რომლებიც სოციალურ ქსელებში სოლიდარობას უცხადებენ ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულნი. კერძოდ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო 2011 წლიდან ფუნქციონირებს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ფაიგ ნაბიევი ორგანიზაციის „შეიხი“ და ერთ-ერთი ხელმძღვანელია. რაც შეეხება მირტაგი ასადოვს, რომელმაც ასევე მწუხარება გამოხატა ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ის სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეა.
2014 წლიდან ხსენებული ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. 2026 წლის 16 იანვარს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს ისლამური თემისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 4 150 000 ლარს.
აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში ირანის საელჩოსთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. მიმდინარე წლის 17 თებერვალს, ორგანიზაციის შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა უმასპინძლა საქართველოში ირანის ახლად დანიშნულ ელჩს, ალი მოუჯანის და მას დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 2025 წელს, სამმართველოს სასულიერო პირები, ირანში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდნენ ადგილობრივ სასულიერო პირებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ამგვარად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ „ნეიტრალურ“ და „პაციფისტურ“ მოწოდებებს ჩრდილქვეშ აყენებს ირანის ისლამური რესპუბლიკისადმი მისი საჯაროდ გაცხადებული მხარდაჭერა. ივანიშვილის ხელისუფლების ფარულ პრო-ირანულ პოზიციაზე მიანიშნებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგელების განცხადებებიც. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული პოზიციები კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ უსიტყვო მხარდაჭერასა და უმოქმედობას საქართველოში ირანის გავლენების მიმართ.



