„ჰონგ კონგი 47“-ის 45 წევრს ეროვნული უსაფრთხოების უდიდეს სასამართლო პროცესზე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ოთხიდან ათ წლამდე ვადით, მას შემდეგ, რაც პეკინმა, 2020 წელს, მიიღო ეროვნული უსაფრთხოების კანონი (NSL), რომელსაც ბევრი საკამათოდ და წინააღმდეგობრივად მიიჩნევს. ჯგუფს, რომელშიც შედიან გამოჩენილი აქტივისტები, დეპუტატები და კამპანიის მონაწილეები, 2020 წლის არაოფიციალურ წინასწარ არჩევნებში დივერსიული ქმედებებისა და მონაწილეობისთვის ედებათ ბრალი.
იურიდიულ მეცნიერსა და აქტივისტს, ბენი ტაის, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და მას 10 წელი მიუსაჯეს, რადგან ითვლება საარჩევნო გეგმის შემმუშავებლად. ტაის გეგმა დივერსიის აქტად და კანონდარღვევად გამოცხადდა. NSL ( ეროვნული უსაფრთხოების კანონი) მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ ტაის ჩანაწერები, რომლებიც მხარს უჭერდა ამ გეგმას, იყო „რევოლუციის ადვოკატირების” დასტური.
ავსტრალიისა და ჰონგ კონგის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელ გორდონ ნგს მიესაჯა შვიდ წელზე მეტი მას შემდეგ, რაც დანაშაული არ აღიარა და ამ წლის დასაწყისში გაასამართლეს. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა გამოთქვა “სერიოზული შეშფოთება” სასჯელის გამო, გააკრიტიკა NSL- ის უკონტროლო გამოყენება და გააპროტესტა მასობრივი დევნა. აშშ-ის საკონსულომ ჰონგ კონგში მკაცრად დაგმო განაჩენი და განაცხადა, რომ ბრალდებულებს “აგრესიულად დევნიდნენ და აპატიმრებდნენ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობაში მშვიდობიანი მონაწილეობის გამო” აშშ-მ ასევე მოუწოდა ჰონგ კონგს, ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ.
საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა უცხოური მთავრობები ჰონგ კონგის შიდა საქმეებში ჩარევაში და კანონის უზენაესობის შელახვაში. იმავდროულად, ჰონგ კონგის უშიშროების მინისტრმა კრის ტანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძიმე სასჯელი მკაფიო მესიჯს აგზავნის, რომ არც ერთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას, არ აიტანენ.
Human Rights Watch-მა ეს განაჩენები აღწერა, როგორც მტკიცებულება ჰონგ კონგის სამოქალაქო თავისუფლებებისა და სასამართლო დამოუკიდებლობის გაუარესებისა, მას შემდეგ რაც NSL დაკანონდა. კრიტიკოსები, მათ შორის აკადემიკოსები, აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი ასახავს პეკინის ძალისხმევას, აღკვეთოს განსხვავებული აზრი და მოსახლეობას ხელახალი ინფორმირება მოახდინოს ეროვნული უსაფრთხოების პრიოტეტულობის შესახებ.
”პროდემოკრატიული მოძრაობა მნიშვნელოვნად დასუსტდა, თვითცენზურა ნორმად იქცა”, – თქვა სტეფან ორტმანმა, პოლიტოლოგიის პროფესორმა. ემილი ლაუმ, დემოკრატიული პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ არაფორმალური შეკრებების დროსაც კი ხალხს აქვს დაპატიმრების შიში. ”ასეთი სტრესიული მდგომარეობაა”, – თქვა მან, თუმცა პირობა დადო, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლა გაგრძელდება ”მშვიდობიანად და კანონიერად”.
ქალაქის ამჟამინდელი საკანონმდებლო ორგანო, რომლის გაკონტროლებასაც თავდაპირველად 47 ცდილობდა, ახლა მთლიანად პეკინის მომხრეებისგან შედგება. მოქალაქეებს საკანონმდებლო საბჭოს 90 წევრიდან პირდაპირი არჩევნებით მხოლოდ 20 წევრის არჩევა შეუძლიათ. პეკინის ლოიალისტები ირჩევენ 40 წევრს, რაც მათ უმრავლესობას აძლევს, ხოლო დანარჩენს წევრებს პროფესიონალური ჯგუფები ირჩევენ, რომელთა უმეტესობა მხარს კვლავ პეკინს უჭერს. გარდა ამისა, ყველა დეპუტატი გადის “პატრიოტიზმის” შემოწმების პროცესს, სანამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
19 ნოემბერს გამოტანილი განაჩენი ხაზს უსვამს ჰონგ კონგის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას- ოდესღაც ცნობილი, თავისი ძლიერი დემოკრატიული მოძრაობით, ახლა გახდა ქალაქი, რომელშიც ოპოზიციას აჩუმებენ ან აიძულებენ, დევნილობაში წავიდნენ.
ჯერ კიდევ 2020 წელს, აშშ-ს მთავრობა, რამდენიმე დასავლურ ქვეყანასა და უფლებადამცველ ორგანიზაციასთან ერთად, ამტკიცებდა, რომ კანონი აუცილებლად იქნებოდა გამოყენებული მშვიდობიანი, განსხვავებული აზრის ჩასახშობად. მისი პირველი ვადის განმავლობაში, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააწესა კიდეც სანქციები ჩინელ და ჰონგ კონგის ოფიციალურ პირებზე, დემონსტრაციების დარბევის საპასუხოდ და განაცხადა, რომ ჰონგ კონგი აღარ სარგებლობს ჩინეთისგან მაღალი ავტონომიით. ამ თვის დასაწყისში არჩევნებში ხელახალი გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა კაბინეტის სავარაუდო კანდიდატები დაასახელა, რომელთგან არაერთი ჩინეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკითა და კრიტიკული დამოკიდებულებებით გამოირჩევა, რაც ჩინეთს საკმაოდ დაძაბულ მდგომარეობაში ჩააყენებს.