ელისე სტეფანიკი, ჩინეთის ცნობილი კრიტიკოსი, სავარაუდოდ, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას დაიკავებს. სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში, სტეფანიკი გახდება აშშ-ს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელშიც ჩინეთი, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, სტაბილურად აძლიერებს საკუთარ გავლენას აქტუალურ გლობალურ საკითხებთან მიმართებით. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პეკინი, არ მიესალმება ტრამპის მომავალი გუნდის ანტიჩინურ პოზიციას, მაგრამ გარკვეულ დათმობებზე წასვლით, შესაძლოა, მაინც გამოძებნოს საერთო ენა ტრამპის გარემოცვაში მყოფ ისეთ პირებთან, რომლებსაც ეკონომიკური კავშირები აქვთ ჩინეთთან.
„ჩინელები ხშირად იყენებენ ტრამპთან დაახლოებულ ფიგურებს ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირებით, რათა ხელი შეუწყონ ფარულ დიპლომატიას“, – აღნიშნა სტიმსონის ცენტრის ჩინეთის პროგრამის დირექტორმა, იუნ სუნმა. ამ დინამიკამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა ტრამპის გაცხადებულ მიზნებსა და მის მიერ შემოთავაზებული კაბინეტის წევრების უფრო მკაცრ ჩინურ პოზიციებს შორის. მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი განიხილავს წინასაარჩევნო დაპირების ნაწილის შესრულებას და შესაბამისად, აკრძალვის გაუქმებას TikTok-ზე, ჩინეთის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის პლატფორმაზე. პოლიტიკის ეს პოტენციური ცვლილება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ისეთი პიროვნების შეხედულებებს, როგორიცაა სტეფანიკი, რომელიც პეკინის მიერ აპლიკაციის სათვალთვალო მიზნით გამოყენების შესაძლებლობის გამო, TikTok-ის აკრძალვას მტკიცედ უჭერდა მხარს.
ელის სტეფანიკი, რომელიც ცნობილია თავისი მტკიცე პოზიციით – ჩინეთისთვის COVID-19-ის პანდემიაში პასუხისმგებლობის დაკისრებით, აკრიტიკებდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ვირუსის შესახებ კრიტიკული ინფორმაციის დამალვისა და დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. ასევე, იგი 2020 წელს ხშირად უსვამდა ხაზს, რომ ჩინეთს თავის თავზე უნდა აეღო პანდემიის გავრცელების პასუხისმგებლობა.
სტეფანიკს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩინეთი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. 2020 წელს, ნიუ-იორკ პოსტთან ინტერვიუში, მან განაცხადა: ”როდესაც ჩვენ ვფიქრობთ თანამედროვე საფრთხეებზე, ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელსაც ვაწყდებით, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოებშიც. ” ელის სტეფანიკი იყო ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკის ძლიერი კრიტიკოსი. ის მხარს უჭერდა, რომ შეჩერებულიყო ჩინეთის ჩართულობა ამერიკის კრიტიკულ ინფრასტრუქტურებში და შეწყვეტილიყო საქონლის, მომსახურებისა თუ ნედლეულის მიმოცვლა მასთან.
მან კონგრესში წარადგინა რამდენიმე მკაცრი კანონპროექტი, რომლებიც მიმართულია ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ, მათ შორის კანონმდელობა, რომელიც კრძალავს დრონების მწარმოებელი ჩინური კომპანიის, DJI-ის დრონების ახალი მოდელების აშშ-ს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფარგლებში ოპერირებას.
გაეროს ელჩის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური თანამშრომლობისა და უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, აშშ-ის მოქალაქეები, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, დიდი ინტერესით ელოდებიან ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებას და არჩევანს.