ჩინეთის დიპლომატიური მანევრები: უკრაინის ზავი და გლობალური გავლენის გაძლიერება

ჩინეთმა გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინაში 30-დღიანი ზავის ინიციატივისადმი, რომელიც წამოწყებულია კიევის, აშშ-ისა და ევროპის მიერ და მიზნად ისახავს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის სივრცის შექმნას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმა განაცხადა, რომ პეკინი მხარს უჭერს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას და მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან „უკრაინის კრიზისის“ მოსაგვარებლად.

ჩინეთის ეს პოზიცია მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას, რომელიც ითხოვდა ჩინეთისა და თურქეთის ჩართვას კონფლიქტის მოგვარებაში. პეკინის განცხადება სტრატეგიული მანევრია, რომელიც მიზნად ისახავს მისი, როგორც გლობალური მშვიდობისმყოფელის, იმიჯის გაძლიერებას. თუმცა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2024 წელს $237 მილიარდის ვაჭრობით გამოიხატა, ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის ნეიტრალურობის გულწრფელობას და მის დიპლომატიურ ძალისხმევას ორმაგ თამაშად აქცევს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 30-დღიანი ზავის უარყოფის ფონზე, შესთავაზა უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე, რასაც ევროპის ლიდერებმა (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) „ულტიმატუმის“ უარყოფა უწოდეს და მოსკოვს სანქციების გაზრდით დაემუქრნენ. ლინ ჯიანმა ამაზე განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რომელიც მშვიდობისკენაა მიმართული, და ხაზი გაუსვა, რომ დიალოგი ერთადერთი გამოსავალია „სამართლიანი, გრძელვადიანი და სავალდებულო“ შეთანხმების მისაღწევად. ჩინეთის ფრთხილი პოზიცია, თავს აარიდოს რუსეთის ღია კრიტიკას, ასახავს მის სურვილს, შეინარჩუნოს სტაბილური ურთიერთობები რუსეთთან, მის მთავარ ეკონომიკურ და სამხედრო პარტნიორთან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ 30-დღიანი ზავი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოვლისმომცველი მშვიდობის გეგმის შესამუშავებლად, რაც აშშ-ის მიერ ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შედეგი იყო. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ზავს, მაგრამ არ დათმობს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთის მხარდაჭერა ამ ინიციატივისადმი თანხვედრაშია უკრაინის მიზნებთან, თუმცა მისი ნეიტრალური პოზიცია და რუსეთის ქმედებების პირდაპირი დაგმობისგან თავშეკავება, ზღუდავს მისი მედიატორობის ეფექტურობას.

ლინ ჯიანმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ყველა მხარის ჩართვას მოლაპარაკებებში, რათა მიაღწიონ „სამართლიან და გრძელვადიან“ შეთანხმებას და გამოხატა მზადყოფნა, ითამაშოს „კონსტრუქციული როლი“. ეს პოზიცია ხაზს უსვამს ჩინეთის რწმენას, რომ მხოლოდ დიალოგი და მოლაპარაკებებია „უკრაინის კრიზისის“ გადაჭრის გზა.  ჩინეთის განმეორებითი ხაზგასმა დიალოგზე, ნებისმიერი მხარის მკაფიო მხარდაჭერის გარეშე, აჩვენებს მის სტრატეგიას, მოიპოვოს დიპლომატიური „ქულები“ დასავლეთში და ამავდროულად, შეინარჩუნოს, სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის მხარდაჭერა. ეს ორმაგი თამაში ასახავს ჩინეთის ფართო გეოპოლიტიკურ ამბიციებს, სადაც ის ცდილობს გააძლიეროს გლობალური ლიდერის როლი, თუმცა მისი გავლენა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესში რუსეთისადმი ერთგულების გამო შეზღუდულია.

Scroll to Top