ჩინეთის მზარდი გავლენების ანალიზი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

ძვირფასო მკითხველებო,

ჩვენთვის დიდი პატივია გაგიზიაროთ “სამოქალაქო იდეა”-ს მიერ ინიცირებული და პარტნიორებთან ერთად მომზადებული პუბლიკაციის პირველი ნაწილი, რომელიც  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უცხო ქვეყნების მზარდი გავლენების შესახებ მოგვითხრობს. ამ გამოცემის მეორე ნაწილის მომზადება 2022 წელს იგეგმება.

ეს პუბლიკაცია წარმოადგენს 8 ანალიტიკურ სტატიას, რომელიც ძირითადად ასახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტების, სესხებისა და ვალების დინამიკას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) როლის ზრდასა და გაფართოებას, არსებულ საფრთხეებსა და ყველაზე თვალსაჩინო მოვლენებს მოცემულ რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრს წერენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციების შესახებ, ძალიან ცოტაა ნათქვამი ჩვენი ინტერესის რეგიონის შესახებ და კიდევ უფრო ნაკლები დინამიკაზე, რომელიც ცალსახად ჩანს ამ სახელმწიფოებში.

სამოქალაქო იდეა სამ წელზე მეტია სწავლობს ჩინეთის გავლენის ოპერაციებს ჩვენს რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩინეთის სახელმწიფოს, მისი უნივერსიტეტების და სხვა საგანმანათლებლო ცენტრების, კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების პოლიტიკით. შესაბამისად, ჩვენს წინა პუბლიკაციებში იხილავთ მასალებს კონფუცის ინსტიტუტების საქმიანობის, სტუდენტური და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების, ე.წ. „ვალის ხაფანგის“ პრაქტიკის, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების რისკების შესახებ და ა.შ.

ამ კვლევაში თქვენ მიიღებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას და ცოდნას შვიდი ქვეყნის შესახებ: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მრავალი მცდელობისა, ვერ მოვახერხეთ თურქმენეთში შესაფერისი პარტნიორის პოვნა, რომელიც დათანხმდებოდა ერთობლივ კვლევაში მონაწილეობას.

ნაშრომი საქართველოს შესახებ ეკუთვნის სამოქალაქო იდეას უფროს მკვლევარს ანი კინწურაშვილს. ნაშრომი აჯამებს სამოქალაქო იდეას China Watch-ის ანგარიშებს და მიმოიხილავს ჩინეთის მზარდ გავლენას ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და თავდაცვის სექტორებში, საქართველოში “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის ფარგლებში, რეპუტაციაშელახულ და შავ სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიებთან (CEFC, Sinohydro, Motor Sich, Nuctech, CRBC) დაკავშირებული გადაცდომების მიმოხილვით. უფრო მეტიც, კვლევაში ხაზგასმულია, რომ ეს ჩინური კომპანიები, როგორც წესი, შუამავლობენ ჩინეთის სახელმწიფოსა და ადგილობრივი ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების მიერ ორგანიზებულ მასიურ კორუფციულ სქემებში. ეს გარემოება ხსნის საქართველოს მთავრობის უუნარობას გამოიძიოს იმ კომპანიის რეპუტაცია, რომელთანაც ხელს აწერს მემორანდუმებს და  რომელსაც გადასცემს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.

არტაკ კიურუმიანი, დამოუკიდებელი ექსპერტი და ფონდ ღია საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, განიხილავს ჩინეთ-სომხეთის პოლიტიკურ ურთიერთობებს და სომხურ ინვესტიციებს  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.ნაშრომი ხაზს უსვამს ექსპერტთა საზოგადოებაში აზრთა მრავალფეროვნებას, რადგან ზოგი მიიჩნევს, რომ სომხეთს აქვს ჩამოყალიბებული სამუშაო ურთიერთობები ჩინეთთან, ზოგი კი ფიქრობს, რომ სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობები სტაგნაციაშია. სომხეთის ხელისუფლებას არ აქვს ხედვა ან სტრატეგია, თუ როგორ უნდა დაამყაროს კავშირები ჩინეთთან. რუსეთს ჰქონდა და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე და აქვს ბერკეტები მათზე გავლენის მოხდენისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთის სხვადასხვა მთავრობა ოპტიმისტურად იყო განწყობილი სომხურ-ჩინური ერთობლივი საწარმო „Shanxi-Nairit“-ის მიმართ. Shanxi-Nairit არ მუშაობს სრული სიმძლავრით და ვერ ფარავს ხარჯებს, რაც სომხეთისთვის დიდი ზარალის მომტანია. 2018 წლის შემდეგ რევოლუციური ხელისუფლების წარმომადგენლები Shanxi-Nairit-ის საბჭოშიც იყვნენ წარმოდგენილნი და ირწმუნებოდნენ, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. თუმცა, სომხური საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობებს მოგზაურობისთვის იყენებს და რეალურად, არ ქმნის რაიმე მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას.

გუბად იბადოღლუ, ეკონომიკური კვლევითი ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი, ნაშრომში განიხილავს ჩინეთის მზარდ ინტერესებსა და გავლენას აზერბაიჯანში. იგი ხაზს უსვამს გაძლიერებულ სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთსა და აზერბაიჯანს და ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიც წარმოადგენს ერთი სარტყელი და ერთი გზა ინიციატივის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელოვან კომპონენტს. სწორედ ეს რკინიგზა აკავშირებს ევრაზიის აღმოსავლეთ ნაწილს და დასავლეთ ნაწილთან. გარდა ამისა, აზერბაიჯანი გეგმავს ახალი დერეფნის მშენებლობას ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისთვის, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის, რათა შეუერთდეს აზერბაიჯანის მატერიკს და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. ჩინეთისთვის ეს დერეფანი წარმოადგენს მეორე მარშრუტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის, სომხეთის, ნახიჩევანისა და თურქეთის გავლით ევროპისკენ მიემართება. აზერბაიჯანის ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოლიტიკა და ჩინეთის მზადყოფნა გადასცეს სამრეწველო შესაძლებლობები, ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. გარდა ამისა, ჩინეთმა ვერ გააუქმ სამთავრობო დონეზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმება აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. თუმცა, ამჟამად ორ ქვეყანას შორის არ არსებობს შეთანხმებები ვალუტის გაცვლის, ინდუსტრიული ტრანსფერის ან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ყაზახეთის მოპოვებით სექტორში ჩინური კომპანიების საქმიანობის შესახებ ყაზახეთის მოსახლეობის ინფორმირების დონის კვლევა ეკუთვნის პოლიტოლოგს და ყაზახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ექსპერტიზის” დირექტორს დანილ ბექტურგანოვს, რომელიც აანალიზებს ექსტრაქციულ სექტორში ჩინური კომპანიების საქმიანობის ადგილობრივი მედიის მიერ გაშუქებას. მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაანალიზების გარდა, ის იკვლევს ყაზახეთის მთავრობის მიერ გაცემული განცხადებებისა და სხვა დოკუმენტების ხელმისაწვდომობას, რომლებიც დაკავშირებულია ჩინურ ინვესტიციებთან და “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივასთან. კვლევა განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ თემებზე ჩინური მომპოვებლური კომპანიების ზემოქმედებასთან და ამ საქმიანობის სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შედეგებთან. ბ-ნი ბექტურგანოვი ამტკიცებს, რომ ყაზახეთი “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ადგილია. ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერირებენ მსხვილი ჩინური სამრეწველო და სამშენებლო კომპანიები, ყაზახეთის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტები, მათ შორის „დასავლეთ ევროპა – დასავლეთ ჩინეთის“ დერეფანი. ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ყაზახეთის მოქალაქეების ინფორმირება ბიზნესისა და ადგილობრივი თემებისთვის მიწოდებული შესაძლებლობების შესახებ. ინფორმაციის არარსებობა ან ნაკლებობა წარმოშობს მითებისა და ფობიების დიდ რაოდენობას და არ უწყობს ხელს საზოგადოების ჩინური ბიზნესისადმი ნდობის გაზრდას. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ჩინური პროექტების გარემოზე ზემოქმედება, რომელიც ობიექტურად და საჯაროდ უნდა შეფასდეს.

ბაკიტბეკ სატიბეკოვი, ექსპერტი და ყირგიზეთის რესპუბლიკის ღია მმართველობის ეროვნული ფორუმის თანათავმჯდომარე მიმოიხილავს ჩინეთის “ვალების ხაფანგის” დიპლომატიას ყირგიზეთში, ქვეყანაში არსებული მსგავსი პოლიტიკის არსებობის აშკარა ნიშნების ხაზგასმით. ავტორი იწყებს სხვა ქვეყნების მაგალითზე ტერმინ “ვალის ხაფანგის“ განმარტებას. ამის შემდეგ ბატონი სატიბეკოვი აღწერს ყირგიზეთის მიერ ჩინეთისგან აღებული სესხების დეტალურ ისტორიას, მათ მიზნობრიობას, ფინანსურ და სხვა პირობებს და მოგვიანებით ხაზს უსვამს ყირგიზეთის ვალის მართვის სტრატეგიის ევოლუციას და განსაკუთრებულ ყურადღებას კრედიტორის წილის შეზღუდვაზე ამახვილებს. საბოლოოდ, ის გვთავაზობს იმ შედეგების ანალიზს, რომელიც ჩინურმა „ვალების ხაფანგმა“ შეიძლება გამოიწვიოს ყირგიზეთში.

უმედჯონ მაჯიდი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და სასექსის უნივერსიტეტის ასპირანტი, განიხილავს კოროზიული კაპიტალის შემოდინებას ტაჯიკეთის რესპუბლიკაში და თუ როგორ უთხრის ძირს ჩინური ინვესტიციები კარგ მმართველობასა და გამჭვირვალობას ცენტრალური აზიის რეგიონში. ორგანიზაცია “საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრის”(CIPE) მიერ შემუშავებული ტერმინი “კოროზიული კაპიტალი” გულისხმობს დაფინანსების ისეთ წყაროს, რომელსაც აკლია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ბაზარზე ორიენტაცია, რომელიც მოედინება ავტორიტარული რეჟიმებიდან ახალი ან გარდამავალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებში. კოროზიული კაპიტალი პირდაპირ კავშირშია დიდ ავტორიტარულ ქვეყნებთან, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ცენტრალურ აზიაში, კერძოდ კი რუსეთთან და ჩინეთთან, რომლებსაც არ გააჩნიათ გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კარგი მმართველობის ნიშნები კაპიტალის მინიჭების სქემებში. ეს ნაშრომი, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ენაზე არსებულ მრავალფეროვან პუბლიკაციებზე, აანალიზებს კონკრეტულად იმას, თუ როგორ ახორციელებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა “ერთი სარტყელი და ერთი გზა” ინიციატივის სტრატეგიის ფარგლებში, ტაჯიკეთში ე.წ. “ცუდი მმართველობის” სქემებს ტაჯიკეთის ადგილობრივ და ეროვნულ მმართველობის ინსტიტუტებში, განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისგან, სადაც კაპიტალი და ფინანსური სახსრები, როგორც წესი, ადგილობრივი მმართველობის რეფორმაციის პირობით მოედინება.

ფარხოდ ტოლიპოვი, არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტის „Bilim Karvoni“-ის („ცოდნის ქარავანი“) დირექტორი, ასრულებს სტატიების კრებულს ნაშრომით, „ჩინეთის ძალაუფლების პროექცია ცენტრალურ აზიაში და მისი გეოპოლიტიკური შედეგები: უზბეკეთის მაგალითი“. იგი განმარტავს სახელმწიფოს ძალაუფლების პროექციის შესაძლებლობას, როგორც მის უნარს მოახდინოს გავლენა სხვა სახელმწიფოზე მისი ნამდვილი ძალის გამოყენებით. ძალაუფლების ამ გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმები, დიპლომატიური კომუნიკაციებიდან დაწყებული პოლიტიკური ზეწოლის ღია დემონსტრაციით დამთავრებული, რბილი და მყარი ძალის ელემენტების ცალ-ცალკე ან მათი კომბინაციის გამოყენებით. მოცემული ნაშრომი აგებულია მთავარი კითხვის გარშემო, თუ რა ვიცით ჩინეთის ძალის პროექციის შესახებ ცენტრალური აზიის რეგიონში. თუმცა ძირითადი ყურადღება უზბეკეთის მაგალითზეა გამახვილებული. ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩინეთის გავლენის შესახებ საზოგადოებისა და ექსპერტების მოსაზრებები საკმაოდ ბუნდოვანია; სინოფობია და სინოფილია თანაარსებობს მოქალაქეებს, თანამდებობის პირებსა და ექსპერტებს შორის. კერძოდ, სინძიანის პროვინციაში პეკინის რეპრესიულმა დამოკიდებულებამ უიღურების მიმართ ასევე მოახდინა გავლენა ცენტრალური აზიელების მიერ ჩინეთის აღქმაზე. ჩინეთი, ახორციელებს დიდი ძალის პოლიტიკას, რომელსაც თავისთავად მოაქვს შესაძლებლობები და გამოწვევები მეზობელ ტერიტორიებზე, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. უფრო მეტიც, ყველა დიდი სახელმწიფო ისტორიულად ყოველთვის ეჯიბრებოდა ერთმანეთს და ეს კონკურენცია, თავის მხრივ, ყოველთვის იწვევდა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ შედეგებს.

პუბლიკაციები იხილეთ ინგლისურ და რუსულ ენაზე ?

Scroll to Top