ჩინეთის მიწისქვეშა ეკლესიების დარბევამ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

ჩინეთის ხელისუფლებამ, არარეგისტრირებული რელიგიური ჯგუფების ყოვლისმომცველი დარბევისას, დააკავა ცნობილი მიწისქვეშა ქრისტიანული ეკლესიების 30 ლიდერი, რაც დაგმეს და მწვავედ გააკრიტიკეს აშშ-მა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არიან პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სიონის საეკლესიო ქსელთან, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაურეგისტრირებელ მოძრაობასთან –“House of Church”. ეს ჯგუფები მოქმედებენ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სამი პატრიოტული მოძრაობის მიღმა და დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან მთავრობის ზედამხედველობას, რამდენადაც დაჟინებით აცხადებენ თავიანთ უფლებას თავისუფლად აღასრულონ რწმენა. „ასეთი სისტემატური დევნა არის არა მხოლოდ შეურაცხყოფა ღვთის ეკლესიისთვის, არამედ საჯარო გამოწვევა საერთაშორისო საზოგადოებისათვის“, – ნათქვამია სიონის ეკლესიის განცხადებაში.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დაკავებები რელიგიაზე კონტროლის გამკაცრებისა და კომუნისტური პარტიისგან დამოუკიდებლად მოქმედი ჯგუფების ჩახშობის ფართო ძალისხმევის ნაწილია. ჩინეთის კომუნისტური პარტია ხელს უწყობს ათეიზმს, მკაცრად აკონტროლებს რელიგიას და მთავრობა სულ უფრო მეტად უპირისპირდება ქრისტიანულ კრებებს, მუსლიმ უმცირესობებს და სხვა რელიგიურ ჯგუფებს, რომლებსაც „არაავტორიზებულად“ ან „პოლიტიკურად მგრძნობიარეებად“ მიიჩნევს. ადამიანის უფლებათა დამცველები ფიქრობენ, რომ ამ  ნაბიჯმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ჩინეთში რელიგიური თავისუფლება.

შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა პეკინს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ეკლესიის ლიდერები და ქმედება შეაფასა როგორც რელიგიური თავისუფლების სერიოზული დარღვევა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა: „ეს დარბევა კიდევ უფრო მეტყველებს იმაზე, როგორ ავრცელებს ჩინეთის კომუნისტური პარტია მტრულ დამოკიდებულებას ქრისტიანების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან პარტიის ჩარევას თავიანთ რწმენაში და ირჩევენ თაყვანი სცენ არარეგისტრირებულ “House of Church“-სს”. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ასევე გაავრცელეს განცხადებები X-ზე, სადაც დაგმეს დაპატიმრებები.

ზოგიერთი ბრიტანელი ოფიციალური პირი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის რელიგიის თავისუფლების წარმომადგენელი, ლორდ დევიდ ალტონი, მოითხოვდა ეკლესიის ლიდერების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ლონდონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა განაცხადა: „ჩვენ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩინეთის მოქალაქეები სარგებლობენ რელიგიური რწმენის თავისუფლებით კანონის შესაბამისად. ამავე დროს, ყველა რელიგიური ჯგუფი და რელიგიური საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ჩინეთის კანონებსა და რეგულაციებს“.  დარბევები კი, არ შეესაბამება როგორც ჩინეთის კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს.

ჩინეთი ოფიციალურად აღიარებს ხუთ რელიგიას, მაგრამ ითხოვს მათ დარეგისტრირებას და მათი მხრიდან მკაცრი სახელმწიფო მითითებების დაცვას. დამოუკიდებელ ეკლესიებს, რომლებიც ამაზე უარს ამბობენ, ხშირად ემუქრებათ მეთვალყურეობა, დარბევა ან დახურვა. ექსპერტები აცხადებენ, რომ უახლესი დაკავებები გააღრმავებს შიშს მილიონობით ქრისტიანში, რომლებიც აგრძელებენ თაყვანისცემას კერძო სახლებში და მცირე შეკრებებში.

მიუხედავად უზარმაზარი საერთაშორისო ზეწოლისა, ბევრი მორწმუნე აგრძელებს რელიგიურ პრაქტიკას, არალეგალურად. საერთაშორისო ყურადღების ზრდასთან ერთად, მომდევნო კვირებში გამოჩნდება, მოახდენს თუ არა დიპლომატიური ზეწოლა გავლენას ჩინეთის მთავრობაზე.

ავტორი: ნია კოხრეიძე

Scroll to Top